ბაია (ბარბარე) დვალიშვილი 1960 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. დედამისი ცნობილი ქართველი მსახიობი მარინე თბილელი იყო.
ცოტამ თუ იცის, რომ „თბილელი“ ქალბატონი მარინეს ფსევდონიმია. მარინეს დედა ორჯერ იყო გათხოვილი: მისი პირველი ქმარი პოლონელი, გვარად დამბროვსკი გახლდათ, რომელსაც წითელწყაროში აფთიაქი ჰქონდა და ოჯახთან ერთად იქ ცხოვრობდა. სამწუხაროდ, იგი ესპანური გრიპით დაიღუპა. იმ პერიოდში წითელწყაროში ოსმალეთიდან გამოქცეული სომეხი ექიმი ჩავიდა და მარინეს დედა ცოლად შეირთო. ცოტა ხანში ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, სადაც ექიმი ტვინის ანთებით გარდაიცვალა. ამ დროს მარინე 6-7 წლის იყო. მსახიობი ყოველთვის დამბროვსკის გვარს ატარებდა, თუმცა სინამდვილეში კარაპეტიანი იყო. პროფესიულად ბაიაც მის გზას გაჰყვა, თუმცა, დედისგან განსხვავებით, თავს წარმატებულ მსახიობად არ მიიჩნევს.
ბაია დვალიშვილმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1983-2001 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. 1997 წლიდან თეატრალური სარდაფის, 2007 წლიდან მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრისა და 2017 წლიდან სამეფო უბნის თეატრის მსახიობია. მისი დებიუტი კინოში 1978 წელს შედგა. თუმცა, ქართველმა მაყურებელმა უკეთ გაიცნო და განსაკუთრებულად შეიყვარა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” შესრულებული ნელიკოს როლით.
ბაია დვალიშვილი და მურმან ჯინორია
ალბათ, ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის, რომ ბაია დვალიშვილი პირველად 17 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი მეუღლე ყველასთვის საყვარელი მსახიობი მურმან ჯინორია იყო, მაგრამ წყვილი ერთ წელში დაშორდა. ბაია დვალიშვილი პირველ სიყვარულს ასე იხსენებს:
„მაშინ, 17 წლის ასაკში, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ერთად შემოვიდა – პირველი სიყვარული, თეატრი, მიშა თუმანიშვილი. ჩემი გათხოვება პროტესტი იყო – ოჯახში დედა წყვეტდა ყველაფერს. მე სიტყვის გამოთქმის თავისუფლება არ მქონდა. ამიტომ გავთხოვდი, თუმცა ბანალურად და ძალიან მალე დამთავრდა – მე და მურმანი ერთ წელში დავშორდით.
ამბობდნენ, რომ ეს დედაჩემის ჩარევის გამო მოხდა, მაგრამ არა. ეს იყო დიდი გრძნობა, ოღონდ ძალიან დიდი ხნის წინათ იყო. მერე დიდხანს არხეინად თავისუფალი ვიყავი.
ბაია დვალიშვილის ოჯახი
ბევრია ცხოვრებაში ისეთი რამ, რითიც შეიძლება მარტო მყოფიც დაკავდე და გაიზარდო. ამ ცხოვრებაში იმიტომ მოვდივართ, რომ უკან გაზრდილები დავბრუნდეთ. ამაში მხოლოდ წიგნის კითხვა არ იგულისხმება. უბრალოდ, საინტერესოდ უნდა იცხოვრო.
რაც შეეხება მეორე მეუღლეს, ჩამოყალიბებული „სტარაია დევა“ ვიყავი, 31 წლის. რეჟისორის, ნანა ხატისკაცის 60 წლის იუბილეზე მივედი და იქ გავიცანი მისი ბიძაშვილი, რეზო ხატისკაცი. მერე რეზომ დამირეკა და რომანტიკის და შეხვედრების გარეშე, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ცოლად გავყევი”, – ამბობდა ბაია.
ბაია დვალიშვილისა და რეზო ხატისკაცის ქალიშვილი, მაკრინე ხატისკაცი ცოტა ხნის წინ ლელა წურწუმიას გადაცემას სტუმრობდა:
„ბაია დვალიშვილი ჩემთვის არის დედა, ყველაზე საყვარელი ადამიანი ჩემთვის. ყველაფერს ვუყვები, კომფორტული ადამიანია ჩემთვის დედა. დილით გაღვიძება ძალიან მიჭირს. ბაია ყველაფერს დილით ჰყვება, რა მაქვს გასაკეთებელი და ა.შ. ვღიზიანდები. ჩემთვის დილა სამი საათია. გამოღვიძება ძალიან მიჭირს, ვგიჟდები ძილზე.
თანატოლებს ვურჩევდი, ტკივილი არ ჩაიტოვოთ გულში, არ ჩაუღრმავდეთ რაღაცებს, გიყვარდეთ საკუთარი თავი. როცა შენი თავი გიყვარს, მერე ყველაფერი უფრო ადვილია, სხვაც გიყვარს, ცხოვრებაც გიყვარს… ვურჩევდი, რომ გააკეთონ, რაც სურთ ბევრი ფიქრის გარეშე. სკოლაში ფსიქოლოგიის გაკვეთილს დავამატებდი. ჩვენი ასაკის ბავშვები ჩაკეტილები არიან, სკოლას ეს აკლია, ურთიერთობა… საჭიროა, რომ ბავშვებმა შეძლონ საკუთარი ემოციების გამოხატვა და ამის ადგილი სკოლაში იყოს“, – ამბობდა ის.