მამა შალვა კეკელია ბოდიშს და შენდობას ითხოვს. „პირველებთან“ საუბარში მღვდელმსახური განმარტავს, რომ გარდაცვლილის ოჯახს ბოდიშს უხდის იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის ინფორმაცია მან არასწორად გაავრცელა.
საქმე ეხება ჟურნალისტ ანა მამულაშვილის გარდაცვალების ფაქტს. სასულიერი პირი ქადაგებისას ამტკიცებდა, რომ მამულაშვილს „იმედის“ დარბევის დროს თავში ხელკეტი ჩაარტყეს, რამაც სიმსივნე გამოიწვია.
„ანის გოგონას ფეისბუქზე თქვენ პოსტი წამაკითხეთ და მე მინდა მას გადავცე, რომ ის ძალიან მიყვარს, მისი ოჯახი ძალიან მიყვარს და ანი და გოგა ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან და სიგიჟემდე მიყვარს ეს ადამიანები. თუ რამე არასწორად გაიგეს, მე ამაზე პატიებას და შენდობას ვითხოვ. არ მინდა თავის მართლების რეჟიმში ჩავდგე. მე ასე ვიცოდი სამწუხაროდ, ეს ამბავი, რაც ჩემგან მოისმინეს. თუ ეს ასე არ არის, მე პატიებას და შენდობას ვითხოვ ყველა ადამიანის წინაშე“, – თქვა წირვის დასრულების შემდეგ მამა შალვა კეკელიამ თქვა:
მას შემდეგ, რაც მამა შალვამ ანი მამულაშვილის გარდაცვალების შესახებ ქადაგებისას ისაუბრა, ჟურნალისტის შვილმა, მია გოგელაშვილმა ფეისბუქპოსტი გაავრცელა და სასულიერო პირი სიცრუეში ამხილა.
გოგელაშვილი წერდა, რომ გარდაცვლილი დედის სულის შეურაცხყოფას არ აპატიებდა.