ოკუპირებულ გალში, საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპული 5 მცირეწლოვანი გუშინ, 9 იანვარს დაკრძალეს. გოგონები უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა.
ГалМедиа ადგილიდან უმძიმეს რეპორტაჟს ავრცელებს.
გოგონების მშობლებს სამძიმარი აფხაზმა სასულიერო პირებმა, ადგილობრივმა ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ჩასულმა ადამიანებმა გამოუცხადეს.
საბერიოში იმყოფებოდა მომღერალი ნათია თოდუა, რომელიც თავად დევნილია.
“დღეს, 10 წლიანი განშორების შემდეგ, ისე, როგორც არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი ჩემს აფხაზეთში!
უდიდესი ტკივილით და სიცარიელით სავსე საბერიო, გლოვობდა ანგელოზებთან დამშვიდობებას,“ – წერს ნათია თოდუა და ოკუპირებული აფხაზეთიდან ფოტოებს აქვეყნებს.
დაღუპული მამის ფოტოს აქვეყნებს გიგა ბენია.
“საბერიოში დაღუპული ბავშვების მამის თავზე მტრედი“, – წერს ფოტოს ავტორი.
ეროვნულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ტრაგედიის გამო 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. მომხდარი ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე 6 იანვარს იყო გამოცხადებული.
ტრაგედია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში 5 იანვარს, გამთენიისას მოხდა.
ბებიასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ სტუმრად ჩასული ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდა. ბებიამ გასათბობად ღუმელის ანთება გადაწყვიტა, რა დროსაც ნავთი ბენზინში აერია და აღნიშნულმა ხანძარი გამოიწვია.
არასრულწლოვანების გადარჩენა ვერ მოხერხდა – ენგურჰესის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე მისვლისას სახლი სრულად დამწვარი დახვდათ.
დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი – 4 თვის.
ბებია დამწვრობით თავდაპირველად რუხის კლინიკაში შემდეგ კი – ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ქალს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა და სტაბილურია.