,,სადედამთილომ გასასინჯად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მომიტანა. ვუთხარი, რომ ქორწილში ამით ვერ ვივლიდი, მაგრამ მკაცრად მითხრა, ქმარს მხრებამდე მაინც ხომ უნდა მისწვდე როგორმე და სტუმრების დასაცინი არ გახდეო…”

არ ვეპატიჟებოდი, ვინც დამცინებდა, მაგრამ მიპასუხა, ეგრე გეგონოსო.

გამყიდველებს კი უთხრა, ჩემი შვილი ახოვანი ვაჟკაცია, რომ ნახოთ, თვალები დაგრჩებათ ზედო. ამას იმ ტონით ამბობდა, ნუ რა ვქნა, ასეთი გოგო აირჩიაო. გამყიდველებიც თანაგრძნობით უყურებდნენ, რომ ამ შეუფერებელი სარძლოსთვის ქალი როგორ ირჯებოდა.

კაბის მკერავთანაც შემარცხვინა. მე მინდოდა, კაბა წინ დახურული ყოფილიყო და ზურგზე ღრმად ამოღებული. დედამთილი აქაც ჩაერია და საპატარძლო კაბების სალონში მითხრა, უკეთესია წინ დეკოლტე, მკერდი გაქვს ლამაზიო. ესეც ისე თქვა, რომ ნიშნავდა იმას, ერთადერთი მკერდი გაქვს ლამაზი და ის გამოკვეთეო.

რამეს რომ ვყიდულობ, სულ ჩემს სიმაღლეს უსვამს ხაზს, სულ მაგრძნობინებს, როგორი შეუფერებელი ვარ მისი შვილისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, ამაზე ხაზგასმა ხელთათმანების არჩევის დროსაც გააკეთა. მითხა, მკლავებს კიდევ უფრო დაგიმოკლებს, არ გინდაო. საყურე გრძელი არ ამარჩევინა, მაღალი კისერი არ გაქვს და არ მოგიხდებაო. კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ, მგონი, ესეც საკმარისია იმის მისახვედრად, რა დღეში ვარ.

იმედია, სადედამთილო იმ ზომამდე არ მიმიყვანს, რომ მის შვილს ცოლობაზე უარი ვუთხრა და ყველაფერი სახეში შევაყარო. ჩემი საქმრო ხვდება, რომ ბედნიერი არ ვარ და მეკითხება, რა გჭირსო. მე დაღლას ვიმიზეზებ და ქორწილზე ნერვიულობას, ის კი მეუბნება, ჩემი ბიძაშვილებიც დაიხმარეო, რაზეც კატეგორიულ უარს ვეუბნები. საკმარისია, დედამისიც მეყოფა!

მარტო რომ ვრჩები, სულ ვტირი. ბევრ რამეში ფული წინასწარ გვაქვს გადახდილი, რესტორანიც დაჯავშნულია და ფულის დიდი ნაწილიც გადახდილია, თორემ ქორწილზე საერთოდ უარს ვიტყოდი. დიდი მადლობა ,,დედიკოს”, რომ ასე ,,ბედნიერად” ვხვდები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს.