კვირაში 5 დღე თერაპიებზე დავდივარ… ვცდილობ შევეგუო ჩემს მდგომარეობას… ვოცნებობ, ისევ ვნახო ეიფელის კოშკი” – დაავადებული სელინ დიონის გულახდილი ინტერვიუ

მსოფლიო ვარსკვლავი, მილიონობით ადამიანის საყვარელი მომღერალ სელინ დიონი ბოლო წლებში საკმაოდ დიდი განსაცდელების წინაშე დადგა, რაც არ აძლევს საშუალებას, საყვარელი მაყურებელი გაანებივროს კონცერტებით. 2016 წელს თავისი ერთადერთი სიყვარული, მეორე ნახევარი დაკარგა, რომლის გარდაცვალება მძიმედ განიცადა. შემდეგ კი, როცა როგორც იქნა, 2019 წელს, სცენას დაუბრუნდა, სულ რამდენიმე წელში საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.

ამის შესახებ მომღერალმა შარშან თავად ისაუბრა ვიდეომიმართვაში, რომელიც მაყურებელს მიუძღვნა. სელინმა აღნიშნა, რომ ძალიან უჭირდა ამაზე საუბარი, თუმცა თავს ვალდებულად თვლიდა გაემხილა ის სერიოზული მიზეზი, რის გამოც დაგეგმილი გასტროლების გაუქმება მოუწია.

სელინის თქმით, მას იშვიათი ნევროლოგიური დაავადება აქვს, რომელიც მილიონში 1-2-ს ემართება. ეს არის ცენტრალური ნევრული სისტემის დაავადება, ე.წ. კუნთების დაჭიმულობის სინდრომი – ამ დროს პაციენტს გამუდმებით დაჭიმული აქვს კუნთები და მტკივნეულ სპაზმებს განიცდის. სწორედ ამგვარი სიმპტომები აქვს სელინ დიომს. მას ყოველდღიურად აქვს უკონტროლო კუნთების სპაზმები, ასევე ამის გამო უჭირს ხშირად სიარული და სიმღერა.

55 წლის სელინმა სულ ცოტა ხნის წინ ფრანგული “ვოგისთვის” იპოზიორა და ინტერვიუც მისცა ჟურნალს.

celine-dion-en-couverture-du-numero-de-mai-2024-de-vogue-france-1849287-1713846362.jpg
glx2evzw4aax68p-1713846362.jpg

სელინის თქმით, ყოველდღე მუშაობს იმაზე, რომ თავისი დაავადება მიიღოს. “ყველაფერი ნორმალურადაა. მაგრამ ჯერ ბევრი მაქვს სამუშაო. ვსწავლობ ამის მიღებას. კვირაში 5 დღე თერაპიებზე დავდივარ. უნდა ვისწავლო ამ დიაგნოზით ცხოვრება და შევწყვიტო შეკითხვების დასმა… – ამბობს სელინი, – ვერ დავამარცხე დაავადება, ის ჯერ კიდევ ჩემშია და სულ იქნება. იმედი მაქვს, ვიპოვით რაიმე სასწაულებრივ გზას სამეცნიერო კვლევების დახმარებით, თუმცა ჯერჯერობით უნდა ვიცხოვრო ამით.

თავიდან საკუთარ თავს ვეკითხებოდი: რატომ მე? როგორ მოხდა? რა გავაკეთე არასწორად? ცხოვრება არ იძლევა პასუხებს, უბრალოდ უნდა გადაიტანო ეს. გადავწყვიტე, ვიმუშაო ამაზე სხეულით და სულით, თავიდან ფეხამდე, სამედიცინო ჯგუფთან ერტად. მინდა, გამოვკეთდე და ჩემი მიზანია – ისევ ვნახო ეიფელის კოშკი”.

სელინმა აღნიშნა, რომ სცენაზე დაბრუნებაზეც ჯერ არ ფიქრობს და ნაადრევია მსგავსი გეგმების დასახვა.