მათე ცირეკიძე და ანა გოგოლაძე ორ სავარაუდო თანამზრახველთან ერთად უკვე წინასწარ პატიმრობაში არიან.
ცოლ-ქმარი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებიდან უნიკალური წიგნების ქურდობაშია მხილებული. ამავე ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ბექა ცირეკიძე ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძარცვის ბრალდებით ესტონეთშია დაკავებული.
მიუნხენი, ჟენევა, პარიზი, ლიონი, რიგა, ვილნიუსი, ვარშავა – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ქართულმა დაჯგუფებამ უნიკალური წიგნების დედნები ყალბი ასლებით შეცვალა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებისთვის მიყენებული ზარალი 2,5 მილიონ ევროს აღწევს.
საქართველოში ცირეკიძეების სახელთან დაკავშირებული ოთხკაციანი დაჯგუფება ტრანსნაციონალური გამოძიების ფარგლებში, ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ამოღებულია მე-19 საუკუნით დათარიღებული ცნობილი კლასიკოსების პირველი გამოცემები, მათ შორის საუბარია პუშკინის, გოგოლის, ლერმონტოვის და სხვა მწერლების რარიტეტულ წიგნებზე.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.