ალექსანდრე რაზეც ოცნებობდა, ყველაფერი ავიხდინე ღვთის წყალობით. უბრალოდ, რომ ვიზრდები და ამ გზას გავდივარ, მიზნები, მოთხოვნილებები და სურვილები იზრდება”, – ამბობს მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც ოთხი წელია ამერიკაში ცხოვრობს და მუსიკალურ საქმიანობას განაგრძობს. დიდი გეგმები და მიზნები აქვს დასახული – მსოფლიოს უმაღლესი მუსიკალური ჯილდოების მიღება სურს და ბევრს შრომობს, მანამდე კი ალექსანდრე მის ყოველდღიურ ამერიკულ ცხოვრებაზე გვესაუბრება, ახალ პროექტებზე, სიმღერებზე, რომლებსაც თვითონ ქმნის; როგორია ურთიერთობა ვოკალის ისეთ პოპულარულ პედაგოგთან, როგორიცაა შერილ პორტერი, ცნობილ პროდიუსერებსა და სხვებთან. ამ თემებზე სასაუბროდ ალექსანდრეს აშშ-ში დავუკავშირდით:
– ალექსანდრე, ცოტა ხნის წინ საქართველოში იყავი. ოთხწლიანი არყოფნის შემდეგ, როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდი აშშ-ში?
– კიდევ არ მჯერა, რომ მართლა ვიყავი, სიზმარივით მახსოვს ყველაფერი. ჩემი ოჯახის სითბო და სიყვარული დიდხანს გამყვება, ძალიან მენატრებოდა და ეს იყო ყველაზე მთავარი, რისთვისაც მინდოდა ჩამოსვლა. ინტერნეტით, რა თქმა უნდა, მუდმივ კონტაქტზე ვიყავი, გაუცხოების მომენტი არასდროს გვქონია და როგორც კი ერთმანეთი დავინახეთ, იმ ძველ დროში დავბრუნდით, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს არც არასდროს წავსულვარ. პანდემიის დროს წავედი და აშშ-ში დიდხანს დარჩენას არ ვაპირებდი, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ დავრჩი.
– შენი თანასოფლელები, რუისელები როგორ შეგხვდნენ ამერიკიდან ჩამოსულს?
– როცა დამინახავდნენ, უხაროდათ. ახლობლების ნახვისას, ამა თუ იმ უბანში ჩავლისას, ძველი ემოციები მახსენდებოდა.
– საქართველოში ყველაზე მეტად რა გენატრება ხოლმე?
– ჩემი ოჯახი! სხვა ყველაფერია აქ, ყველანაირი ქართული საჭმელი.