„ეს არ იყო უბრალო გამარჯვება, ეს არ იყო უბრალოდ თამაში, ეს იყო დიდი ბრძოლა, რაღაც სხვა ამბისთვის, რომელიც ძალიან გვჭირდება მთელ ქვეყანას და თითოეულ ადამიანს და ეს გამართლდა“, – ასე იხსენებს მომღერალი მერაბ სეფაშვილი საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების დღეს, 26 მარტს და საუბრობს სიმღერაზე „ზღაპრის ბოლო კეთილია“, რომელიც გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.
„პირველ რიგში, მადლობა ქომაგებს, სხვადახვა თამაშებზე გლობალურად მღეროდნენ ამ სიმღერას, იგრძნობოდა, რომ თვითონ ბიჭებსაც უყვარს ეს სიმღერა, ყოველთვის უყვარდათ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მაგრამ ახლა იყო პიკი…
სხვანაირი ელფერი მიიღო ამ სიმღერამ, თითქოს ჩემიც აღარ არის, ყველასი გახდა… ჩემთვის ეს დიდი ემოციაა… როდესაც იმ ღამეს მთელი საქართველო მღეროდა ამ სიმღერას, ვფიქრობდი, რომ ამ წამისთვის ღირდა სიცოცხლე…“, – ამბობს მერაბ სეფაშვილი TST სპორტთან ინტერვიუში.