„საწოლზე ვიყავი მიბმული, სამი კაცი მედგა თავზე…“ – 14 წლის გოგოს ამბავი, რომელზეც ბიძამ იძალადა

არასამთავრობო ორგანიზაცია GrlzWave არასრულწლოვანზე ძალადობის მძიმე ისტორიას ავრცელებს.

„14 წლის ვიყავი, როდესაც ბიძაჩემთან დავრჩი. პატარაობიდანვე ვრჩებოდი, ძალიან ახლოს იყო ოჯახთან. იმ საღამოს ჩაის დასალევად დავსხედით. შემდეგ ტელევიზორს ვუყურებდი, და ჩამეძინა. რომ გამეღვიძა, საწოლზე ვიყავი მიბმული და თავზე სამი კაცი მედგა. რაც მოხდა, ისედაც გასაგებია, ალბათ…

ყველაფერი რომ დასრულდა, მითხრა, არავის უთხრა, თორემ შენს მეგობარსაც იგივეს ვუზამთო, და მეც დავიჯერე. მასთან უნდა დავრჩენილიყავი რამდენიმე დღე, რის გამოც არავის ვუნახივარ ასეთ მდგომარეობაში. 3 დღე საწოლზე გაუნძრევლად გავატარე, არც მიჭამია და არც წყალი დამილევია, მეოთხე დღეს სახლში წავედი.

ოჯახმა რა ჩალურჯებებიც შეამჩნია ვუთხარი, რომ კიბეზე დავგორდი-მეთქი, რა თქმა უნდა, ყველამ დაიჯერა. რამდენიმე დღეში ჩემმა ტვინმა საბოლოოდ რომ გაიაზრა, რა მოხდა, ისიც გაიაზრა, რომ ორსულობის ტესტი უნდა გამეკეთებინა. პოზიტიური აღმოჩნდა. ცოტა განსხვავებული ბავშვი ვიყავი, მაგ დროს უკვე ჩემი შემოსავალი მქონდა, იმის ნაცვლად, რომ ვინმესთვის მეთქვა, ფული გადავიხადე და აბორტი არალეგალური გზით გავიკეთე. ექიმი იქაც კაცი იყო, რომელმაც ფსიქოლოგიურად ბოლომდე გამანადგურა.

ჩემმა მშობლებმა დღემდე არ იციან, რადგან მათთან კავშირი გავწყვიტე, ვიდრე მივხვდებოდი, რომ რამე უნდა მეთქვა.

და თუ ამ კაცის ისტორიის დასასრული გაინტერესებთ, არგენტინაში წავიდა, იქ იგივე გაიმეორა, ციხეში ჩასვეს, მეტი არაფერი გაგვიგია მისგან.”