5 ათასი ევრო შემიგროვეს კაფეს მეზობლად მცხოვრებმა გერმანელებმა… თითქოს ძალზე გაწონასწორებული, უემოციო გერმანელებისგან ეს ყველაფერი ძალზე ემოციური იყო”

ბრძოლა თავის დასამკვიდრებლად, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება შედეგი

დიდი ხანია ევროპა ქართველი ემიგრანტებისთვის მეორე სამშობლოდ იქცა, სადაც მძიმე შრომის, ხანგრძლივი, დამღლელი გზისა და სწავლის შემდეგ, სტაბილურობას აღწევენ. სწორედ ამით იზიდავს იქაურობა ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ილია ბასილაშვილი ერთ-ერთია იმ ასობით ათას ქართველს შორის, ვინც გერმანიაში საკუთარი თავი იპოვა, მძიმე შრომის, დამღლელი, უძილო ღამეების შემდეგ და წარმატებამაც არ დაახანა. თუმცა, მისი თქმით, სწორედ ახლა, გაჩერება არ შეიძლება…

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში “გზა” დაიბეჭდა:

“პირველად ქალაქ კელნში ჩამოვედი. ეს არის საპორტო ქალაქი. იქაურების ოჯახში ვცხოვრობდი და ბავშვებს ვუვლიდი. იმავდროულად, კვირაში სამჯერ, გერმანული ენის საღამოს კურსებზე დავდიოდი. თუმცა, სირთულეები მქონდა – სამი ოჯახი გამოვიცვალე. პირველ შემთხვევაში, ბავშვების მშობელმა სამსახური დაკარგა და მომვლელისთვის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა; მეორე ოჯახში ოთხი ბავშვი ჰყავდათ, მათ შორის, ტყუპიც. რაც უნდა მყვარებოდა ბავშვები და ენერგიული ვყოფილიყავი, ამდენს ვერ მოვუვლიდი. შემდეგ ვიპოვე მესამე, ძალიან კარგი გერმანული ოჯახი, რომელთაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ…”

ilo1-1718868961.jpg

“გვერდით არ მყავდნენ მშობლები, რომ დაეყვავებინათ და გავემხნევებინეთ. არადა, ზოგჯერ თბილი, სანუგეშო სიტყვა მართლაც ქვეყანას მერჩივნა. ვერ ვიტყვი, რომ უზრუნველი ბავშვობა მქონდა, რაც თავი მახსოვს, სულ ვმუშაობდი სოფელში, მშობლებს ხან რაში ვეხმარებოდი, ხან – რაში. სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი. დედ-მამამ შრომას ბავშვობიდან შეგვაჩვიეს…”

“ენა ჯერ კიდევ არ ვიცოდი კარგად, მაგრამ გაჩერებისა და უკან დახევის დრო არ იყო – საცხოვრებლად ბერლინში გადმოვედი და იტალიურ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად დავიწყე მუშაობა. სად იყო საქმე ასარჩევად, რასაც შემომთავაზებდნენ, ყველაფრისთვის ვიყავი მზად. ევროპაში არც ერთი პატიოსანი სამუშაო სათაკილოდ არ მიიჩნევა, ამითაა აქაურობა გამორჩეული…”

“როდესაც შევამჩნიე, რომ ყველაფერი იკეტებოდა, ძალიან შემეშინდა: თუ ყველაფერი დახურეს და მუშაობა არ იქნება, ქირა როგორ გადავიხადო-მეთქი? ამ რთულ ვითარებაში, ჩემი გერმანელი მეზობლები მოდიოდნენ და კონვერტით მაგიდაზე თანხას მიდებდნენ: 100, 50, 20 ევროს, ვისაც რამდენი შეეძლო – ეს ჩვენგან, ნურაფრის შეგეშინდება, გვერდში დაგიდგებით და ეს რთული პერიოდი ერთად გადავიტანოთო. თითქოს ძალზე გაწონასწორებული, უემოციო გერმანელებისგან ეს ყველაფერი ძალზე ემოციური იყო. ერთ კვირაში კაფეს მეზობლად მცხოვრებმა გერმანელებმა 5 ათასი ევრო შემიგროვეს…”

სტატიას სრულად ჟურნალ “გზის” 20 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ლალი პაპასკირი