ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ“ – ბუდუ ზივზივაძე

ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან გადამწყვეტი მატჩის წინ, მედიასთან კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან, რომ პორტუგალიასთან შეხვედრაში ბოლომდე დაიხარჯონ.

მან აგრეთვე, თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრები მიმოიხილა და ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს, ვინც ჩამოვიდა გერმანიაში და გვგულშემატკივრობს. მართლაც საოცარი გარემო იყო ორივე თამაშზე. ამდენი დროშა და ხალხი ეროვნული ნაკრების ფორმებით რომ იყო, ძალიან დადებითად აისახა ჩვენზე. მივულოცავ პირველ ისტორიულ ქულას, რომელიც ჩეხეთთან შეხვედრაში მოვიპოვეთ. რაც შეეხება თამაშებს – ორი განსხვავებული თამაში იყო. თურქეთი უფრო ტექნიკური გუნდია, ვიდრე ჩეხეთი. ვიცით, რომ ჩეხეთი ფიზიკურად უფრო ძლიერია და რაღაც მომენტებში გაგვიჭირდა მეორე სართულზე ორთაბრძოლები რის შედეგადაც, მივიღეთ ის გოლი, რომელიც ამას მოჰყვა. თუმცა მაინც ბოლო მომენტამდე გვქონდა მოგების შანსი. თუმცა, ყველანი მაინც ძალიან ბედნიერები ვართ, რომ საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოვიპოვეთ.

თურქეთთან ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა რიგ ეპიზოდებში, თუმცა, ჩემი აზრით, თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო და ვფიქრობ, ქართველი ხალხი ბედნიერი უნდა იყოს ამ გუნდით და იმით, რომ საქართველო ღირსეულად თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე.

რაც შეეხება მესამე თამაშს, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი ფინალი გვაქვს – თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის. ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ. დანარჩენი 26-ში მოედანზე გამოჩნდება. პორტუგალია კლასით მაგარი გუნდია, ერთ-ერთი ფავორიტი არის ჩემპიონატის, თუმცა, ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს და გვსურს, რომ ჩვენი თამაშით წარმატებებს მივაღწიოთ”, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

შეგახსენებთ, საქართველომ F ჯგუფის დაძაბულ პირველ შეხვედრაში თურქეთთან 1:3 წააგო, ჩეხეთთან კი ფრედ – 1:1 ითამაშა. ჯგუფში ბოლო შეხვედრას საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.