16 წლის მოსწავლე ესპანეთის ნაკრებში, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საშინაო დავალებებს წერს და თამაშებს შორის გამოცდებს აბარებს: „რომ ჩავაბარე, მაშინვე დედას დავურეკე“

ესპანეთის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ მეტოქის გუნდიდან რამდენიმე მოთამაშე ქართველი ინტერნეტმომხმარებლების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. თუნდაც მარკ კუკურელია, რომელზეც უამრავი ხუმრობა გავრცელდა. ბევრი გაზიარება აქვს ლამინ იამალისა და ნიკო უილიამსის ვიდეოს, რომელშიც ისინი წყლის გამო „ჩხუბობენ“. ამ წყვილმა ძალიან ბევრი ინტერნეტმომხმარებელი გაამხიარულა, თუმცა შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ 16 წლის იამალი ისევ სკოლის მოსწავლეა და ევროპის ჩემპიონატზე არათუ საშინაო დავალებებს ასრულებს, გამოცდებიც ჩააბარა და სასკოლო ბაკალავრიატი, ანუ სავალდებული ეტაპი დაასრულა. ესპანეთში სასკოლო განათლება 18 წლამდეა, შესაბამისად, იამალს, რომელიც უკვე უფროსკლასელია, კიდევ 2 წელი მოუწევს სკოლაში სწავლის პარალელურად დიდი ფეხბურთის თამაში.

სასკოლო გამოცდები ჩემპიონატს დაემთხვა, ის ვარჯიშებსა და მატჩებს შორის საგამოცდო ტესტებს ავსებდა. შედეგების შესახებ შეტყობინება კი კვირას, საქართველოსთან მატჩის დაწყებამდე მიიღო

მან ესპანურ რადიოსადგურ Onda Cero-ს განუცხადა: ”ახლახან გამოვედი ვარჯიშიდან და მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. ჩავაბარე გამოცდები და ახლა ESO-ს კვალიფიკაცია მაქვს “. ხოლო როცა ნიშნებზე ჰკითხეს, აღმოჩნდა რომ ამით დიდად არ დაინტერესებულა:

„გულწრფელად რომ გითხრათ, როცა წავიკითხე, რომ ჩავაბარე, აპლიკაცია მაშინვე დავხურე და დედას დავურეკე“.

იამალმა, რომელიც ევრო 2024-ის ფინალამდე ერთი დღით ადრე გახდება 17 წლის, გაამხილა, რომ ევრო 2024-ზე საშინაო დავალებებიც გაიყოლა.

იამალი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მეცადინეობდა, მას მასწავლებელიც ეხმარებოდა.

ymal2-1719934263.jpg

”ყოველდღე მაძლევენ საშინაო

დავალებას. მერვედფინალის ან მეოთხედფინალის მატჩის დროს პრობლემას არ შემიქმნიან, მაგრამ დასვენების დღეებში, როდესაც ჩემმა დამრიგებელმა იცის, რომ თამაში არ მაქვს, მეუბნება, რომ ესა თუ ის დავალება შევასრულო. გუნდშიც სულ მეხუმრებიან, წადი, იმეცადინეო. თავისუფალი დრო გვაქვს და როცა ჩემს ოთახში ვარ, ვიღებ iPad-ს და საშინაო დავალებას ვასრულებ. როცა ნიკო [უილიამსი] და ფერმინი [ლოპესი] მირეკავენ Playstation სათამაშოდ, მათთან ჩავდივარ,“ – ამბობს ლამინი.

იამალის პროფესიონალური დებიუტი ბარსელონაში 15 წლის ასაკში შედგა. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა ესპანეთის გუნდისთვის – ჩაატარა 10 მატჩი თავისი ქვეყნის ნაკრებში, გაიტანა ორი გოლი და მიითვალა ხუთი საგოლე გადაცემა, რომელთაგან ერთ-ერთი ესპანეთის ჯგუფში ხორვატიის წინააღმდეგ 3-0 ტრიუმფი იყო.