ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს. სოციალურ ქსელში, მეგობრები სპორტსმენს გამოსამშვიდობებელ პოსტებს უძღვნიან…
„როგორ მტკივა გული, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ.
ბევრი წელია, რამდენ შეჯიბრზეც კი ვიყავით ერთად, წონას რომ იკლებდა და საჭმელს ვერ ჭამდა, სტრესი ჰქონდა და სულ ჩემთან იჯდა ოთახში. ფრჩხილებს ისე იჭამდა, სულ ვეხუმრებოდი, ნუგო, მოდი ჩემი შეჭამე მეთქი.
სულ ვგრძნობდი, სად მოიგებდა და სად ბრინჯაოს აიღებდა, წინასწარ ვეუბნებოდი ხოლმე, სულ ვამასხარავებდი. ოსლოშია ეს ფოტოები გადაღებული, როგორც კი თაიგული მისცეს, ეგრევე მომირბენინა.
„ჩცდ-ში“ რომ ლუნა ქმარს დაჰკიოდა – ნუგოო, ეგრე ვეძახდი ხოლმე ტრიბუნიდან.
ეს მაისურიც მე გავუკეთე, მისი პირველი მსოფლიოს ოქრო და დიდებული კადრი.
მთელი ხობი ურეკავდა ხოლმე, რომ მოიგებდა, მეგრულად ლაპარაკობდა მთელი საათი, ტვინი ნუ ამაძრე მეთქი, სულ ვეხუმრებოდი.
ტელეფონში აზიზლის ბულკი, ასე მიწერია, სულ მინდოდა, მისთვის მოეგო და დავცინოდი ხოლმე, აზიზლის ბულკი ხარ მეთქი.
შარშან მძიმე დაავადების მერე, დედა დაეღუპა, დედის გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა და მალე მამაც დაეღუპა, მარტო დარჩა.
ზუსტად ვიცი, რამდენი აქვთ გაკეთებული ბიჭებს მისთვის, მის პირად და ნაკრების მწვრთნელს. ბიჭებს, ყველას. ვიცი ეს და სინანული არ მიპყრობს, რომ ვინმემ ის მიატოვა. მართლა ყველაფერს აკეთებდნენ. შეკრებაზე უნდა ჩასულიყო დღეს. ელოდებოდნენ… არ ვიცი, ნუგო, რა გადაგიტრიალდა თავში დღეს, მაგრამ მომენატრები. გული გამიტეხე,“ – წერს სპორტული ჟურნალისტი
მაგდა კლდიაშვილი
„ეს რა უბედურებაა, ნუგო, რა საშინელებაა, როგორი დასანანია შენისთანა წარმატებული ბიჭის ასეთი უიღბლო და უბედური დასასრული. როგორი გულდასაწყვეტი და დასანანია შენი ასეთი უბედურება, ნუგო… ღმერთმა დაიმკვიდროთ ცათა სასუფეველი ნათელი თქვენს სულებს“
„არ მჯერა, რომ ახლა ამას ვწერ, თითები არ მემორჩილება და ვერც იმას ვიჯერებ, წარსულში რომ მომიწევს ამ ადამიანზე საუბარი. ადამიანს, რომელსაც შეეძლო, ბევრი სიხარული ეჩუქებინა საქართველოსთვის! რატომ, ასე რატომ გაამარჯვებინე ბოროტს საკუთარ თავზე… ეხ, ნუგო… მინდა, ვინმემ მითხრას, ანა, გამოფხიზლდი, სიზმარიაო… როგორ ვამაყობდით და ვხარობდით შენთან ერთად… ჩემი დიდი გუკშემატკივარი დაიკო ხარო… ეხ, ნუგო!“ – წერენ სოციალურ ქსელში დგარდაცვლილი სპორტსმენის ახლობლები.
ცნობილი ქართველი მოჭიდავე 1997 წელს დაიბადა. მისი სპორტული კარიერა არაერთ გამარჯვებას ითვლის. 2019 წელს 55 კგ წონით კატეგორიაში მან მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, 2022 წელს კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. არის მსოფლიოს პირველობის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი.
ქართველმა მოჭიდავემ 2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა; 2018, 2020 და 2023 წელს კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა.
ახალგაზრდა სპორტსმენი 23-წლამდელებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის კი მსოფლიოს პირველობის ვიცე-ჩემპიონი, ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი და ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ნუგზარ წურწუმია არაერთი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი იყო. 2019 წელს ის ძალოსან ლაშა ტალახაძესთან, ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანთან, მოჭიდავეებთან – გენო პეტრიაშვილთან, ბექა ლომთაძესა და ლაშა გობაძესთან ერთად საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა