ექიმი გიორგი ღოღობერიძე პოპულარულ მედიკამენტზე, ციტრამონზე, საუბრობს და ხსნის, ვისთვის არ შეიძლება მისი მიღება:
– ციტრამონი კომბინირებული მედიკამენტია. მასშია აცეტილსალიცილის მჟავა, იგივე ასპირინი, პარაცეტამოლი და კოფეინი. სწორედ ამიტომაცაა, რომ ციტრამონს თითქმის ყველაფერზე იყენებენ: თავის ტკივილის, მტკივნეული ციკლის, კბილის ტკივილის, ცხელების დროს. გაიცემა რეცეპტის გარეშე. მივიღე წერილი, სადაც მშობელი მიყვებოდა, რომ ბავშვს სიცხე აქვს, ციტრამონს ვაძლევ და კიდევ რა შეიძლება მივცეო. არის რაღაცები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ:
ფაქტი პირველი – ციტრამონის გამოყენება ბავშვებში კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ის შეიცავს ასპირინს, ანუ აცეტილსალიცილის მჟავას. ამერიკაში აცეტილსალიცილის მჟავა 19 წლამდე აკრძალულია, ხოლო ბრიტანეთში – 16 წლამდე. სხვათა შორის, ამერიკაში აკრძალულია ბავშვებისთვის ნებისმიერიმედიკამენტის მიყიდვა, რომელიც ასპირინს შეიცავს. აღნიშნულ ასაკში ასპირინის შემცველი მედიკამენტების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია ძალიან მძიმე დაავადება, რეიეს სინდრომი განვითარდეს. ასპირინი ბავშვის ღვიძლს აზიანებს და იმის გამო, რომ სისხლში ბევრი ამიაკი გროვდება, თავის ტვინზე მავნედ მოქმედებს და იწვევს თავის ტვინის შეშუპებას. საბოლოო ჯამში, ბავშვს ჯერ გამონაყარი ექნება ხელის გულზე, მერე ექნება შეუჩერებელი და ძალიან ძლიერი ღებინება, შემდეგ ცნობიერების დათრგუნვა და როცა უკვე თავის ტვინი შეშუპდება, განვითარდება კრუნჩხვა და კომური მდგომარეობა. ამ სინდრომის დროს გარდაცვალების რისკი 30%-ია. რომც გადაურჩეს მდგომარეობას, ძალიან ბევრ ბავშვს რჩება ნევროლოგიური დარღვევები. ამიტომ, დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვებს ციტრამონს არ ვაძლევთ. თუ სიცხე აქვს ან რამე სტკივა, შეგიძლიათ, ალტერნატიული გზა მონახოთ და იბუპროფენი და პარაცეტამოლი მისცეთ.ციტრამონის მიღება არ შეიძლება მაშინაც, როცა ადამიანს კუჭისა და თორმეტგოჯა დაავადებები აწუხებს. თუ ვინმეს მანამდე წყლული, გასტრიტი, თორმეტგოჯა პათოლოგიები ჰქონდა, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი შეიძლება სისხლიანი ღებინებით, წვის შეგრძნებით, კუჭის ტკივილით, შავი განავლით დასრულდეს. ამიტომ, თუ კუჭისა და თორმეტგოჯას დაავადებები გაწუხებთ, ექიმთან კონსულტაციის გარეშე ციტრამონი არ მიიღოთ. გარდა ამისა, ციტრამონში კიდევ ერთი პრეპარატია, პარაცეტამოლი, რაც ასევე იწვევს კუჭის მკვეთრ გაღიზიანებას.
მესამე რეკომენდაცია იქნება ის, რომ თუ ღვიძლის დაავადებები გაწუხებთ, ამ შემთხვევაშიც არ არის სასურველი ციტრამონის მიღება. პრეპარატმა შეიძლება სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება და საბოლოო ჯამში, ღვიძლის უკმარისობის დამძიმება გამოიწვიოს. ციტრამონის, პარაცეტამოლის გამოყენება არ შეიძლება მაშინ, როცა ადამიანი იმყოფება ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც გამოიყენება, კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ, იღებს საძილე საშუალებებს. თუ გაწუხებთ პოდაგრა ან ფეხმძიმედ ხართ, ან კიდევ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ამ შემთხვევაში ციტრამონი არ უნდა მიიღოთ.თუ ციტრამონის გამოყენება გინდათ და კუჭის დაავადებები გაწუხებთ, კარგად გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ის საკვების მიღების შემდეგ უნდა დალიოთ. შეიძლება იმავდროულად ომეპრაზოლის ან სხვა “დამცავის” გამოყენება დაგჭირდეთ, რომ პროცესი არ გაგირთულდეთ.
ამ მედიკამენტის დღიური დოზა 6 ტაბლეტზე მეტი არ უნდა იყოს. ასევე, თუ გაწუხებთ ბრონქული ასთმა, ციტრამონის გამოყენება ნაკლებად სასურველია.