კლიმატის ცვლილებებზე სასაუბროდ კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის საკითხების მკვლევარს გიორგი მუხიგულიშვილს ვესაუბრეთ:
– გლობალური დათბობა კლიმატის ცვლილების თანმდევი შედეგია. ამას თან ახლავს მყინვარების დნობა, ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის შედეგად ტემპერატურის აწევა, რაც უფრო აჩქარებს კლიმატის ცვლილებას. კლიმატი დედამიწაზე ათასეული წლების განმავლობაში იცვლება და მომავალშიც შეიცვლება, მაგრამ მთავარი პრობლემაა უხეში ჩარევა, ბუნებრივი რესურსების, განსაკუთრებით წიაღისეული ენერგორესურსების დიდი რაოდენობით მოპოვება და მოხმარება, შედეგად კი ატმოსფეროში დიდი რაოდენობით სათბურის აირების კონცენტრაცია. კვლევები ცხადყოფს, რომ მიმდინარე კლიმატის ცვლილება 9-10-ჯერ სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე წინარე კლიმატის ცვლილებები, რაც უფრო სახიფათოს ხდის როგორც ადამიანისთვის, ისე ეკოსისტემებისთვის ამ პროცესთან შეგუებას და გადარჩენის რისკებიც მცირდება.
– ყველაზე დიდი “წვლილი” კლიმატის დაბინძურებაში რომელ ქვეყნებს მიუძღვით.
– გიგანტებს, აშშ-ს, რუსეთს, რომელიც წიაღისეულის მოპოვების მასშტაბურობით სათბურის აირების გაფრქვევის ძალიან დიდი კონტრიბუტორია, მასთან ერთად ჩინეთი, ინდოეთი, ევროკავშირის ქვეყნებიც, მაგრამ განსხვავება მათ შორის ის არის, რომ განვითარებული ქვეყნები 90-იანი წლებიდან ფიქრობენ და მუშაობენ, თუ როგორ შეამცირონ სათბურის აირების გაფრქვევები. ამას თან სდევს სუფთა ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა სხვადასხვა სექტორში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში და ა.შ. ყველა აცნობიერებს კლიმატის ცვლილების საფრთხეს და თავიანთ ვალდებულებებს, მათ შორის საქართველოც, რომელმაც წარადგინა ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი. ამჟამად მიმდინარეობს მისი განახლება და 2025-30 წლებისთვის უფრო ამბიციური გეგმის წარდგენას ფიქრობს. კერძოდ, 2030 წელს 1990 წელთან შედარებით 47%-ით შევამციროთ სათბურის აირების გაფრქვევა და 2050 წლისთვის საქართველო გახდეს კლიმატნეიტრალური ქვეყანა.
როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ დროისთვის ჩვენთან ავტომანქანების რაოდენობა შემცირდეს, მთავარი მიზეზი ხომ სწორედ ესაა?
– ტრანსპორტის სექტორში არის რამდენიმე მიმართულება, რითაც შეიძლება შემცირდეს გაფრქვევები. მათ შორის არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა, ისეთი სუფთა ტრანსპორტის მოხმარება, როგორიცაა ჰიბრიდული და ელექტრომობილები, რაც ნელ-ნელა ვითარდება და საამისოდ წამახალისებელი მექანიზმებიც არსებობს – სუფთა ტრანსპორტის იმპორტისა და განბაჟების გადასახადი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დიზელისა და ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებისთვის. განვითარებული ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ ამ ტრანსპორტს, 2026-27 წლიდან სრულიად აპირებენ, რომ დახურონ შიდა წვის ძრავაზე მომუშავე საავტომობილო ქარხნები და ამით ხელი შეუწყონ ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების განვითარებას.
საქართველო მრავალფეროვანია თავისი ლანდშაფტებით, რესურსებით, ამიტომაც განსაკუთრებით კრიტიკულია კლიმატის ცვლილების გავლენა. ბევრია საფრთხე, რაც შეიძლება კლიმატის ცვლილებას ახლდეს. ეს არის სითბური ტალღების მოხშირება, კლიმატური ექსტრემალური მოვლენების გააქტიურება. ამიტომ მთავარია, მომზადებული ვიყოთ. არა მარტო ტექნოლოგიები, მნიშვნელოვანია მზაობის გეგმებიც, მონიტორინგის სისტემები, ადრეული შეტყობინება თუ სხვა, რაც კომპლექსურად შეუწყობს ხელს ქვეყნის მედეგობისა და ადაპტაციის უნარის გაძლიერებას.
– უახლოესი პროგნოზები როგორია?
სითბურ ტალღებზე ცოტა მეტ ყურადღებას გავამახვილებ. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ცხადია, ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველი წელი რეკორდებს ხსნის. ყოველწლიურად იზრდება საშუალო ტემპერატურა. წლევანდელი წელიც, სავარაუდოდ, იმავე ტენდენციით გაგრძელდება. რაც შეეხება საქართველოს, ურბანიზებული ანუ ქალაქური დასახლებები კიდევ უფრო სახიფათო იქნება, განსაკუთრებით თბილისი და ბათუმი, რადგან აქ მწვანე საფრის ზონა ყოველწლიურად მცირდება, იზრდება შენობების რიცხვი, რაც უფრო აძლიერებს სითბური ტალღების გავლენას.
– რა უნდა გავაკეთოთ?
– ერთი მხრივ, მარტივი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ, ვეცადოთ ვიყოთ ჩრდილში, მეტი წყალი ვსვათ და ასე შემდეგ, მეორე მხრივ, საჭიროა კონკრეტული ინსტიტუტების ეფექტური მუშაობა. წინასწარი გაფრთხილება არა მხოლოდ ტელეგადაცემებით უნდა შემოიფარგლებოდეს, რომ ამ დღეებში მოსალოდნელია ესა და ეს, არამედ ამას რეკომენდაციები და ქმედებებიც უნდა მოჰყვებოდეს. მოწყვლადი ჯგუფებისთვის გაკეთდეს თავშესაფარი…
სხვა ქვეყნებში როგორ ზრუნავენ მოწყვლად ჯგუფებზე?
– მაგალითად, საფრანგეთში 2003 წელს ძლიერი სითბური ტალღის დარტყმის შედეგად კვირა-ნახევრის განმავლობაში 15 000-ზე მეტი კაცი დაიღუპა. მაშინ ამისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა ქვეყანა, განსაკუთრებით პარიზი. შემდეგ გამოიკვლიეს, ვინ იყვნენ ძირითადი ჯგუფები, ვინ გარდაიცვალა, ვის ჯანმრთელობა გაუუარესდა. გააანალიზეს ყველა ფაქტორი: გენდერული, რელიგიური, ასაკობრივი, სოციალური და ა.შ. და გამოავლინეს საერთო მახასიათებლები. შედეგად გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებით 40 წელს ზემოთ მარტოხელა ქალები იყვნენ მოწყვლადი, რომელთაც კონდიცირების ნაკლებობა ჰქონდათ. ასევე გულ-სისხლძარღვთა და კლიმატური ცვლილებების მიმართ მოწყვლადი დაავადებების მქონე ადამიანები, რომელთათვისაც წინასწარ მომზადდა საერთო ზონები. ხელისუფლებამ, მუნიციპალიტეტებმა, მერიებმა იმუშავეს, რომ ამ ჯგუფებს საფრთხე აღარ შეჰქმნოდათ და 2015-16 წლებში, მხოლოდ ათეულობით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
ყოველწლიურად საინტერესო კვლევები მიმდინარეობს გერმანიაშიც. მაგალითად, შეისწავლეს, რა გავლენას ახდენს სუფთა ტექნოლოგიების დანერგვა მოსახლეობის არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებზე. ამ მიზნით ერთ-ერთ ქალაქში 10 წლის განმავლობაში სრულად შეზღუდეს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ტრანსპორტი და მხოლოდ სუფთა სატრანსპორტო საშუალებები იქნა დაშვებული. ამ 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, როგორ იცვლებოდა ჰაერის ხარისხი, სკოლებში სწავლის ხარისხი და აღმოჩნდა, რომ მოსწრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, საავადმყოფოებში კი მიმართვიანობა შემცირდა.
ქართულ რეალობაში ყველაზე ცხელი ზაფხული როდის იყო?
– ყველაზე ცხელი ზაფხული ბოლო 5 წლის განმავლობაში ფიქსირდება და ერთმანეთზე უარესია ყოველი შემდეგი. ასეთი თბილი შემოდგომები ადრე არ გვახსოვს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ ევროპას. ცხელი ზაფხულები, შემოდგომები და გაზაფხულები მოიმატებს. სახიფათო ის არის, რომ ექსტრემალური კლიმატური მოვლენები იმდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს, პროგნოზირებაც კი გართულდეს. ისეთი ძლიერი საპროგნოზო სადგურები, როგორიცაა თუნდაც ნორვეგიული, ზოგჯერ იმდენად დიდ შეცდომებს უშვებენ, რომ ცხადი ხდება, მიმდინარე კლიმატის ცვლილება ძნელად პროგნოზირებადია, მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის არსებობისა…