კაცის ისეთი არაამქვეყნიური წივილი და ღრიალი არ გამიგონია… ის ხმები, რაც ციხეში მესმოდა, არასდროს დამავიწყდება”

უნდა დავივიწყოთ თუ არა წინა ხელისუფლების ცხრა წელი, ამის შესახებ ვესაუბრეთ მომღერალ ბექა ჩხაიძეს, რომელმაც ორი თვე და 28 დღე გაატარა გლდანის ციხეში, მაგრამ იქ ნანახი და გაგონილი არ ავიწყდება.

– ეს სიმწარე მე რომც არ გამომეცადა, რაც ჩემმა მეგობრებმა იწვნიეს, არ დამავიწყდება. პროფესიის გამო ბევრ მათგანს კარგად ვიცნობდი, რადგან სწორედ იმ პერიოდში გახდა პოპულარული ჩვენი კვარტეტი “ალილო”. ხშირად გვეძახდნენ სხვადასხვა ღონისძიებაზე, მაგრამ მალე დაიწყეს მასშტაბური დაკავება. დავიწყებ ჩემი ოჯახის წევრებით… სიმამრი, უწესიერესი კაცი, რომელსაც თავისი ბიზნესი ჰქონდა, კინაღამ ფსიქიკურად შეშალეს და გააკოტრეს. ორჯერ დაიჭირეს, რადგან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა, რომელთანაც სტუდენტობის დროს ჩხუბი მოსვლია, დაბოღმილმა ჯავრი იყარა – მის ბიზნესს დაადგა თვალი და ოჯახი გააკოტრა… ისინი იყვნენ რევანშისტები, ცხოვრებაზე დაბოღმილი ადამიანები და ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, სამაგიერო გადაუხადეს ყველას, ვისი ჯავრიც სჭირდათ. ბიძაჩემი, მამიდაჩემის ქმარი და მამიდაშვილი – მამა-შვილი დოლიძეები 5-6 წლის განმავლობაში ატერორეს. მათი ბიზნესით ადეიშვილი დაინტერესდა და ევაჭრებოდნენ, რომ ქონება მისთვის გადაეფორმებინათ. მიუხედავად ამისა, ერთი ლარი ვერ გადაახდევინეს. ამაზე სულ გაგიჟდნენ და შვილი დაიჭირეს. სტრასბურგი მოიარა ამ საქმემ და რომ მიხვდნენ, სიკვდილს არჩევდნენ და მაინც არაფერს დათმობდნენ, თავი დაანებეს… არ მახსოვს კვირა, ვინმე შინაური ან ნაცნობი არ დაეჭირათ. დედაჩემის უახლოესი მეგობარი ქალბატონი, ორი შვილის დედა დაიჭირეს, რადგან მისი მიწა მოეწონათ და დათმობა მოსთხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე დასთანხმდა, ქალი 3-4 თვე მაინც გააჩერეს ციხეში. რომელი ერთი გავიხსენო, ადამიანი მათთვის არაფერს წარმოადგენდა… რა პასუხს ვცემთ იმ საცოდავ ხალხს, ვისაც ქმრები, შვილები, ძმები დაუხოცეს, ვინც გააკოტრეს, ვინც დააინვალიდეს?..…

ერთ გადაცემაში თქვით, რომ ციხეში თქვენ არავინ შეგხებიათ, მაგრამ როდესაც სხვა პატიმრების არაადამიანური შეძახილები გესმოდათ, ღმერთს სთხოვდით, გათიშულიყავით და ეს ხმა აღარ გაგეგონათ…

– ყოველი მესამე ახალგაზრდა დაჭერილი ჰყავდათ და მერე საქმეებს უკერავდნენ, მეც ასეთ გაუგებრობაში მოვყევი… ხალხი რომ აღარ ეტეოდა, ახალ ციხეებს აშენებდნენ. 2007-2008 წლებმდე 15-კაციან საკანში 50 კაცი იყო და პატიმრებს რიგრიგობით ეძინათ. ჰიტლერის ეპოქას, 1940-50 წლების გერმანიას დაამსგავსეს საქართველო. ზოგჯერ მრცხვენია კიდეც თქმა, რომ მიშას დროს მეც ვიყავი ციხეში – სამი თვე გავატარე იქ და უზარმაზარი ფსიქოლოგიური სტრესი მივიღე, ხომ წარმოგიდგენიათ იმ პატიმრების მდგომარეობა, ვისაც სასტიკად აწამებდნენ და წლები იჯდა… ამ სამ თვეში რაც ვნახე და გავიგე, გახსენება აღარ მინდა. ძალიან დიდი ხანი დამჭირდა, რომ ის კადრები წაშლილიყო ჩემი მეხსიერებიდან, მაგრამ ის ხმები, რაც მესმოდა, არასდროს დამავიწყდება. კაცის ისეთი არაამქვეყნიური წივილი და ღრიალი არასდროს გამიგონია.

კვირაში ერთხელ იყო აბანო და 10 წუთი გვქონდა პროცედურებისთვის, ანუ 10 წუთში უნდა მოგესწრო დაბანაც, გამშრალებაც, ჩაცმაც და თუ მოგიკაკუნებდნენ და ჩაცმული არ იყავი, ვინც მოასწრო, იმისგან იწყებდნენ ცემას. ვთქვათ, გეძინა საკანში და ამ დროს ვიღაცამ რაღაც დააშავა. მაინც შენით იწყებდნენ ცემას – ასეთი რეჟიმი ჰქონდათ. არ ვიცი, სად პოულობდნენ ასეთ ბოროტ თანამშრომლებს – ბადრაგებს ვგულისხმობ. ასეთი უსისხლო ადამიანები არასდროს შემხვედრია და თუ ასეთი ქართველები არსებობდნენ, ვერც კი წარმოვიდგენდი. ქულებს იწერდნენ. ტრაბახობდნენ იმით, ვინ უფრო მაგრად სცემდა პატიმარს და ვინ უფრო სასტიკად აწამებდა. 15-15 კაცი დადგებოდა აქეთ-იქით დუბინკებით – ამას “დერეფანს” ეძახდნენ და გლდანის ციხეში რომ შეხვიდოდი, ის “დერეფანი” უნდა გაგევლო. ფეხს გიდებდნენ და არ არსებობდა, არ წაქცეულიყავი. დასისხლიანებულები ეყარნენ ამ “დერეფნის” გავლის შემდეგ ბიჭები და ასეთებსვე შეყრიდნენ საკნებში. ერთი ოჩამჩირელი ბიჭი, გვარად ნარმანია, ისეთი ნაცემი იყო, გატეხილ ნეკნს კანი ჰქონდა გამოჭრილი და “ომეპრაზოლს” ასმევდნენ. საერთოდ, რაც უნდა გტკიებოდა, ყველაფერზე “ომეპრაზოლს” გაძლევდნენ – ეს იყო მათი მკურნალობა. ის ბიჭი მარილიან ტილოს იდებდა, თან ბალიშს ჩაიდებდა ხოლმე პირში, ტკივილისგან რომ არ ეყვირა. ცრემლები სცვიოდა საწყალს სიმწრისგან… მახსოვს, ერთხელ ადვოკატთან გავყავდი ბადრაგს და დავინახე, აბანოში სისხლიან კედლებსა და იატაკს რომ რეცხავდნენ… ახლა რომ გვწერენ კომენტარებში, რა ზღაპრებს იგონებთო, ღმერთის როგორ არ ეშინიათ? 50 000 პატიმარი რომ ჰყვება ამ საშინელებებს, არც იმათი სჯერათ? საფრანგეთში დღესაც მკურნალობენ ბიჭები, ციხეებში ცემით წელში რომ გაწყვიტეს და ეტლს მიაჯაჭვეს. სხვათა შორის, დღეს მათ მკურნალობას კახი კალაძე აფინანსებს. ასე დაღუპეს ახალგაზრდობა. აღარაფერს ვამბობ ფსიქოლოგიურ სტრესზე. სამალავიდან ამოღებული კადრები ბოლომდე ვერ ვნახე, ცუდად გავხდი… კიდევ კარგი, არ გამოაქვეყნეს ყველაფერი, თორემ მათ ხალხი ჩაქოლავდა და რაღაც საშინელება მოხდებოდა.

არჩევნები გაყალბდაო, ამბობენ. როგორ გაყალბდა ამდენი დამკვირვებლის ხელში? ყველაზე ამაზრზენი კი ის არის, რომ სძულთ ჩვენი პატრიარქი! მთელმა ერმა ყვავილებით მოვიყვანეთ მიშა, ყვავილებით მოსულმა კაცმა ამდენი ტანჯვა-წამება და უბედურება გამოატარა ხალხს და, წარმოგიდგენიათ, ახლა რომ მოვიდნენ სათავეში, რა ჯოჯოხეთი დატრიალდება?

– ხელისუფლების შეცდომას ვერ ხედავთ?

– რა თქმა უნდა, მოვიდნენ და თქვეს, არ გვინდა ხოცვა-ჟლეტაო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კოაბიტაციის წინააღმდეგი იყო და ეს იყო მათი მთავარი შეცდომა… ახლა ამ აქციებს რომ ვუყურებთ, ამდენ ხანს მოითმენდნენ ისინი? ყველას გადათელავდნენ და დაიჭერდნენ. ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის პატიმრობა აზიანებს ქვეყნის იმიჯს, მაგრამ სასამართლომ მიუსაჯა და სასჯელი არ უნდა მოიხადოს? რა უნდათ, გამოვიყვანით ციხიდან და ეს ქვეყანა ჩავაბაროთ? დღეს თავისუფალია ბიზნესი, ჯანდაცვაში რეფორმები გატარდა, ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, ნატოს წვრთნები ტარდება, თავისუფალია მედია და კიდევ ბევრი კარგი რამ ხდება.…

– თუმცა საზოგადოება ორად გაიყო, მათ შორის, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიც.

– ეს არის საშინელება, ყველაზე მეტად სწორედ ეს მაწუხებს. უახლოესი მეგობრებიც მყავს “ნაცები”, გვიკამათია კიდეც, მაგრამ რა შემაძულებს მათ? ეს წარმოუდგენელია ჩემთვის, თუმცა ბევრმა დამკარგა, ბევრი არ მელაპარაკება. ალბათ, სიბერეში, არც ესენი რომ აღარ იქნებიან და არც – ისინი, მერე მაინც ვიქნებით ერთად. არ მესმის, ამის გამო რატომ ვხოცავთ ერთმანეთს? ვის გამო, რის გამო ვებრძვით ერთმანეთს? ჩვენი წილი საქართველო სხვადასხვა მხარეს რომაა, ეს მიკლავს გულს და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება.…

ნინო ჯავახიშვილი