გარდაცვლილები ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან! – აივანის ქვეშ იყვნენ და ვერც ერთმა ვერ მოასწრო გამოსვლა…

სოფელ უდეში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ორი მამაკაცი საცხოვრებელი სახლის აივანზე მიშენებული ოთახის გამაგრებითი სამუშაოების დროს დაიღუპა.

„აივანზე აბაზანა, თუ სამზარეულო ჰქონდათ ამოშენებული, ზუსტად არ ვიცი. კედლის ერთი კუთხე ცოტა ჩაწეულა, უნდოდათ გაესწორებინათ, ქვემოდან “დანგრატი” შეუყუდებიათ და წევდნენ მაღლა, ამ დროს უცებ ჩამოინგრა. ვერც ერთმა ვერ მოასწრო გასვლა, ნანგრევში მოჰყვნენ. მამიდაშვილ-ბიძაშვილები იყვნენ“, – გვიყვება ოჯახის ახლობელი.

მისივე თქმით, მომხდარის დროს დაშავდა ერთ–ერთი გარდაცვლილის დედაც.

„გ.მ–ს დედაც იქვე იყო, რომელსაც ასხლეტილი კაფელი მოხვდა სავარაუდოდ შუბლთან, ახლა კარგადაა“,– ამბობს იგი.

დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში  გადაიყვანეს. მედიკოსების განმარტებით, პაციენტს ჭრილობა დაუმუშავეს და კლინიკიდან გაწერეს.

შემთხვევა 28 ივლისს დღის მეორე ნახევარში მოხდა.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ადგილზე ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული დახვდა.