სახიფათო თამაშები ანუ როგორ ამოვიცნოთ ბავშვებზე მონადირენი?!
ამბავი, რომელიც ჩვენმა რესპონდენტმა გვიამბო, ერთ ჩვეულებრივ, თბილისურ ოჯახში მოხდა:
“13 წლის შვილი მყავს, ძალიან ლამაზი, ნიჭიერი და კარგი გოგოა, თუმცა ბოლო ხანებში შევნიშნე, რომ ხასიათი შეეცვალა და ძალიან აგრესიული გახდა. ამ ყველაფერს გარდატეხის ასაკს ვაბრალებდი, მაგრამ თავზარი დამეცა, როცა ერთ დღეს გამომიტყდა, ინტერნეტით ძალიან კარგი ბიჭი გავიცანი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს. ჩემზე უფროსია, მაგრამ იოლად დავმეგობრდით. მისი თხოვნით, რამდენიმე ნუდისტური ფოტო გავუგზავნე. ამის შემდეგ ვიდეოების გადაგზავნას მთხოვდა და მაშანტაჟებდა, ვეჩხუბე და გაბრაზებულმა, ჩემი ფოტოები პორნოგრაფიულ საიტებზე ატვირთაო! იქნებ, სხვებმა მაინც გაითვალისწინონ ის, რაც ჩვენს ოჯახში დატრიალდა და მეტი სიფხიზლე გამოიჩინონ”, – ამბობს ქალბატონი, რომლის ვინაობას, ცხადია, ვერ გავამხელთ…
როგორ დავიცვათ მოზარდები მსგავსი შემთხვევებისგან? – ამის თაობაზე გვესაუბრება სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი მაქსიმ იავიჩი:
– როცა მსგავსი ამბები გვესმის, ძალაუნებურად ჩნდება კითხვა – ვინ არიან ეს ადამიანები – პედოფილები?
– რთული სათქმელია, ვინ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც 12-13 წლის ბავშვს თავბრუს დაახვევს და ძალიან სახიფათო თამაშში ითრევს, მაგრამ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება: ეს არის ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი, არამდგრადი ხალხი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არაფერს წარმოადგენს. დიდია ალბათობა, რომ მათ უმრავლესობას სოციუმთან კომუნიკაცია არ აქვს, მაგრამ როცა სოციალურ ქსელში შედის, თავს სუპერგმირად წარმოიდგენს.
სოციალურ ქსელში ყველაფერი მარტივად ხდება.
როგორც წესი, მათ კომუნიკაცია თინეიჯერებთან აქვთ, რადგან მოზარდებს მოსწონთ ინტერნეტით ახალი ნაცნობების შეძენა, მათთან ლაპარაკი, მაგრამ ქცევის წესები არ იციან. არ ფიქრობენ, რომ როდესაც სოციალურ ქსელში ვიღაცას ელაპარაკები, არ იცი, ვინ არის: კაცია, ქალია, ასაკოვანია თუ ახალგაზრდა. შეიძლება კაცის ავატარი ჰქონდეს და ქალი იყოს ან პირიქით – ქალის ავატარი ჰქონდეს და მამაკაცი იყოს. შეიძლება ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭის ფოტოები ჰქონდეს ატვირთული, მაგრამ მონიტორს მიღმა, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, ასაკოვანი კაცი იჯდეს.
ძირითადად, რა ასაკის ხალხი “ნადირობს” მოზარდებზე და როგორ ბავშვებს ირჩევენ ისინი?
– სტატისტიკის მიხედვით, ისინი არიან 40-50 წლის მამაკაცები, რომლებიც მსხვერპლს ორი კრიტერიუმით ირჩევენ: ან ძალიან ლამაზ, თავის სოციუმში პოპულარულ ბავშვებს უკავშირდებიან, რომლებიც ძალიან გახსნილები არიან და ახალ ნაცნობებს იოლად პოულობენ – ყველაზე ხშირად, ასეთ მოზარდებს ირჩევენ, მაგრამ არის მეორე ვარიანტიც: შეიძლება ისეთი ბავშვი შეარჩიონ, რომელიც გულჩათხრობილი და ასოციალურია. ეს ბავშვი ფიქრობს, რომ ვიღაცას მოეწონა, უხარია და მოძალადესთან კომუნიკაციაში შედის. ორივე შემთხვევაში, შედეგი ერთნაირია: ინტიმური ხასიათის ფოტოების ან ვიდეომასალის გადაგზავნა, რასაც მუქარა, შანტაჟი და მსხვერპლის ბულინგი მოსდევს.
– დღევანდელი მოზარდები ძალიან საზრიანები არიან და მათ მოტყუებას როგორ ახერხებენ?
– შესაძლოა, საზრიანებიც არიან, ჭკვიანებიც, მაგრამ ისინი მაინც ბავშვები არიან და ადამიანს უფრო ადვილად ენდობიან. ინკოგნიტო მოსაუბრე მოზარდს ელაპარკება და არწმუნებს, რომ ძალიან მოსწონს, რომ ისიც მისი ტოლია და რეალურის ნაცვლად, ახალგაზრდა, ლამაზი ბიჭის ფოტოებს უგზავნის. სანაცვლოდ, მოზარდსაც სთხოვს, ინტიმური ხასიათის ფოტოები ან ვიდეოები გაუგზავნოს, ეს ამბავი მსხვერპლისთვის თითქმის ყოველთვის ცუდად სრულდება: ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ფოტოები და ვიდეოები ახალგამომცხვარმა “მეგობარმა” მის კლასელებს რომ გაუგზავნოს, როგორი ჩაგვრის და დაცინვის მსხვერპლი გახდება… თან,
კიბერბულინგი ბევრად უფრო საშინელი რამეა, ვიდრე ჩვეულებრივი ბულინგი – ერთმა ვიდეომ ან ფოტომ შეიძლება სოციალური ქსელი მოიაროს და ის ძალზე ცუდ დღეში ჩავარდეს. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ სოციალურ ქსელში რასაც აგზავნი, ის უკვე ინტერნეტის საკუთრებაა – მეორე მხარეს შეუძლია შეინახოს და თუ საჭიროება მოითხოვს, მსხვერპლის მეგობრებს ან ოჯახის წევრებს გაუგზავნოს, ახალი ექაუნთი შექმნას და ინტიმური ფოტოები იქ ატვირთოს.
ხშირად მსხვერპლი ერთ ინტიმურ ფოტოს ან ვიდეოს რომ გაუგზავნის, მეორე მხარე აშანტაჟებს: თუ კიდევ არ გამომიგზავნი, ამ ფოტოს (ან ვიდეოს) შენი ახლობლების, კლასელების ან ოჯახის წევრების გვერდებზე გამოვაქვეყნებო… ასეთ დროს, მსხვერპლის ოჯახმა შეიძლება პოლიციაშიც განაცხადოს, მაგრამ მსგავსი შემთხვევების გამოძიება ძალიან რთული და კომპლექსური საქმეა. ამიტომ, რეალური შედეგის მიღებაც რთულია.
– მსგავსი ფაქტები თქვენც გახსენდებათ?
– რასაკვირველია. ჩვენს ასოციაციაშიც ხშირად მოდის წერილები, სადაც გვთხოვენ, დავეხმაროთ. უცხოეთიდანაც ვიღებთ მეილებს, რომელშიც გვწერენ: ინტერნეტით გავიცანი ქართველი კაცი, ხშირად ვსაუბრობდით და დავახლოვდით, მერე ჩემი ინტიმური ფოტოები გავუგზავნე და ის პორნოგვერდებზე აქვეყნებსო. გვთხოვენ, რომ რაღაც ვუშველოთ, არა მხოლოდ ჩვენს ასოციაციაში, მსგავსი მეილები სახელმწიფო ორგანიზაციებშიც მიდის.ალბათ გახსოვთ, როგორი ბუმი იყო “ლურჯი ვეშაპის” ირგვლივ, იქაც იგივე ხდებოდა – მოზარდს რაღაცას გააკეთებინებდნენ და მერე აშანტაჟებდნენ: თუ არ დაგვიჯერებ, შენს ფოტოებს გამოვაქვეყნებთო. ბოლოს ეს ბავშვები სასოწარკვეთილებამდე მიდიოდნენ და თავს იკლავდნენ. საბედნიეროდ, საქართველოში არ ყოფილა შემთხვევა, რომ “ლურჯი ვეშაპის” გამო მოზარდს თავი მოეკლას, მაგრამ ასეთი ფაქტები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოხდა, მათ შორის, უკრაინაშიც. კონფერენციებზე რომ დავდივარ, ძალიან მძიმე შემთხვევებზე ლაპარაკობენ.
“ლურჯი ვეშაპის” გარდა, იყო სხვა თამაშებიც, როცა ბავშვებს აშინებდნენ, ურეკავდნენ და ცუდ რამეებს ავალებდნენ. ასე გაიცნო ჩემი ახლობლის 11 წლის შვილმა ვიღაც, რომელიც ეუბნებოდა, 12 წლის ვარო. რომ ჩავეძიეთ და გავარკვიეთ, ის ზრდასრული ადამიანი იყო და არა – მოზარდი.
ამ რამდენიმე წლის წინ ერთი მეგობარი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მისი შვილი ძალიან გახარებულია, ინტერენტში ვიღაც ბიჭს ელაპარაკება, რომელიც ძალიან მოსწონს, მაგრამ ის ბიჭი ე.წ. ნუდისტური ფოტოების გადაგზავნას სთხოვსო. მე დაველაპარაკე და ავუხსენი, რომ მასთან კომუნიკაცია საერთოდ შეეწყვიტა. საბედნიეროდ, ეს ამბავი კარგად დასრულდა, რადგან გოგონა მამას ენდო და ყველაფერი უამბო.აი, რატომ არის აუცილებელი შვილთან მეგობრული და გახსნილი ურთიერთობა – ნდობამ შეიძლება თქვენი შვილი დიდი განსაცდელისგან იხსნას. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ სოციალურ ქსელში, უცხო ადამიანს არანაირი ფოტო არ უნდა გაუგზავნოს, რადგან ეს ინფორმაცია ინტერნენტში სამუდამოდ რჩება.
– ვიდეომონტაჟის შემთხვევები თუ ხდება?
– ცხადია, ამისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ არსებობს პროგრამები, რომლითაც ადვილად ხვდებიან, რომ ეს ვიდეომონტაჟია ან ხელოვნური ინტელექტის მიერაა გაკეთებული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია “ფეისბუკიდან” ან “ინსტაგრამიდან” ფოტო აიღოს და მსგავსი რამ გააკეთოს, მაგრამ პორნოგვერდები ამ ინფორმაციას სპეციალური პროგრამებით ამოწმებენ, ამიტომ, ადვილად ხვდებიან, მასალა ნამდვილია თუ დამონტაჟებული.
– მაინც რა არის ასეთ სიტუაციაში იდეალური გამოსავალი?
– უმთავრესია, რომ მშობელს შვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. თუ მას ხასიათი შეეცვალა, თუ ნერვული და გაღიზიანებულია, ესე იგი, რაღაც ხდება და უნდა დავინტერესდეთ – რა ხდება მის თავს?! მშობელმა უნდა იცოდეს, ვისთან აქვს მის შვილს კონტაქტი და იმდენად მეგობრული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, რომ შვილმა ყველაფერი უამბოს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხშირად არც მშობელს აქვს კიბერნეტიკის სათანადო ცოდნა და არც მოზარდს. ბავშვი, ქუჩაში რომ მიდის, იცის, რომ უცხო ადამიანს არ უნდა დაელაპარაკოს, მაგრამ სოციალურ ქსელში ამ წესს არ იცავს, რადგან არ ასწავლეს. ამიტომ მე სულ ვამბობ, რომ კიბერნეტიკა სკოლებშიც უნდაასწავლონ. ეს საგანი უნივერსიტეტებში, თითქმის ყველა ფაკულტეტზე ისწავლება, მაგრამ სკოლებში – არა. ზოგიერთი მოზარდი მშობელს არ უსმენს, მაგრამ მასწავლებლისა სჯერა, ამიტომ, მსგავს საკითხებზე მოსწავლეებს სკოლაშიც უნდა დაელაპარაკონ. ჯერ მშობელი ეტყვის, მერე სკოლაში ეტყვიან და მოზარდი თანდათან მიხვდება, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. შვილს მცირე ასაკიდან უნდა ავუხსნათ, რომ ინტერნეტით გაცნობილი ადამიანი შეიძლება ინგლისურად, ფრანგულად ან გერმანულად გელაპარაკებოდეს, თავს უცხოელად ასაღებდეს, მაგრამ მეზობელ კორპუსში იჯდეს და შენი კარგი ნაცნობი იყოს. თუ ამ ყველაფერს გასაგები ენით ავუხსნით და მეგობრულად დაველაპარაკებით, ჩვენი შვილები აღარ მოტყუვდებიან.
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)