სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამართალდამცავმა, 2024 წლის 6 აგვისტოს, დუშეთის რაიონის სოფელ ზემო ბულაჩაურში დაზარალებულს სახის და თავის არეში დაზიანებები მიაყენა და დაემუქრა მისი და მისი შვილების სიცოცხლის მოსპობით.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც 2024 წლის 7 აგვისტოს სამართალდამცავი დაკავებული იქნა ძალადობისა და მუქარის ბრალდებით”, – წერია განცხადებაში.
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება, საქმეზე გამოძიება გრძელდება.