საქართველო ორი ოქროს შემდეგ 18 საფეხურით დაწინაურდა და 24-ე ადგილზეა

საქართველოს დელეგაციისთვის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბოლოსწინა, მე-15 საშეჯიბრო დღე ტრიუმფალური გამოდგა ორი ოლიმპიური ოქროს მედლით!

თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილმა და ძალოსნობაში ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს, გარდა ამისა, მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი ფინალში გავიდა, რითაც სულ მცირე ვერცხლის მედალი დაბევებული აქვს, რომელიც ჩათვლაში ფინალის შემდეგ აისახება.

მანამდე კი, საქართველოს მონაგარი 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია, რის შედეგადაც საერთო ჩათვლაში ჩვენი ქვეყანა 24-ე ადგილზეა! ეს კი, გუშინდელთან შედარებით საოცარი წინსვლაა, რადგან მანამდე 42-ე პოზიციას იკავებდა. მაჭარაშვილი ფინალს თუ მოიგებს, დიდი შანსია, ოლიმპიადა საქართველომ ოცეულში დაასრულოს. ერთი რამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი სახელით საქართველოსთვის ეს ყველაზე შედეგიანი ოლიმპიადა გამოვიდა, რადგან 3 ოქროს მედალი აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2008 წელს პეკინში გვქონდა, თუმცა, ვერცხლის მედლების რაოდენობით პარიზის ოლიმპიადის შედეგი უმჯობესია. აი, მედლების რაოდენობით, ტოკიოს ოლიმპიადა რჩება საუკეთესოდ – 8 მედალი (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).