„დედამ ბავშვი ღრიალით მიათრია სკამთან და დაუწყო ყვირილი, შე არაადამიანოო…“ – ნიკა გრიგოლიას მტკიცებით, ის სასტიკი სცენის მომსწრე გახდა

იუმორისტი ნიკა გრიგოლია საბერძნეთში ძალიან მძიმე სცენის თვითმხილველი გახდა. იგი ჰყვება ქართულად მოსაუბრე დედა როგორ ძალადობდა მცირეწლოვან შვილზე.

„გუშინ რაც ვნახე მთელი ცხოვრება გამყვება, მეც და იმ ბავშვსაც, ვის საცოდაობასაც ვუყურე. იმ ბავშვს ვერაფრით დავეხმარე, მაგრამ იქნებ ამ გვერდიდან დანახული ამბით ერთ მშობელს მაინც დავეხმარო.

საბერძნეთში ვარ ოჯახთან ერთად. ერთი ლამაზი რაიონია ათენთან Vouliagmeni.

გუშინ საღამოს პარკში ბავშვები გვყავდა გასართობად. ალბათ ყველას გამოგიცდიათ, როცა უცხოეთში ქართული ენა გესმის, ყურადღებას იქცევს, მერე ორი ვარიანტია, ან აქცევ ყურადღებას მოსაუბრეს, ან გარბიხარ. რა კატეგორიის ადამიანს არ გადავყრივარ უცხო ქვეყანაში, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში პირველად იყო, რომ იქაურობას გავეცალე და ბავშვებიც წავიყვანე იქიდან. პირველად ვერ გავიგე, რა უნდა გამეკეთებინა. უფრო სწორად კი, მივხვდი,  რაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვერ გავაკეთე. ასეთი დაბნეული და გაბრაზებული არასოდეს არ ვყოფილვარ.

ამ პარკში მოვიდნენ დედა, ბებია, და ორი ბავშვი. ბავშვებთან ვთამაშობდი, როცა ქართული ხმა გავიგონე, უფრო სწორად, ბავშვის ტირილი და დედის ჩხუბი. ამბავი ასეთი იყო: პარკში მოსვლამდე ბავშვმა დედას ნაყინის ყიდვა სთხოვა, დედამ უყიდა და როდესაც პარკში შემოვიდნენ, გახარებული ბავშვი გასართობებისკენ გაიქცა და ნაყინი დაავიწყდა.

აქ ჩაირთო რაღაც საშინელება… გაცხოველებულმა დედამ ბავშვი ყვირილით და ღრიალით მიათრია სკამთან, დასვა და დაუწყო გაუბედურება: „შე არაადამიანო, სხვას რომ დაუნახავ ნაყინს, მაყიდინებ და მერე აღარ ჭამ, ახლავე შეჭამე ეს!” თან ძალიან ხმამაღლა და საზარელი ხმით აკეთებდა ამას.

კიდევ ვეღარ ვიმეორებ, რა ქაჯურ სიტყვებს ეძახდა და როგორ აუბედურებდა საკუთარ შვილს თავად ალბათ ცხოვრებისგან გაუბედურებული ქალი. დაადგა თავზე ჯალათივით, დააწყებინა ძალით ამ ბავშვს ნაყინის ჭამა. ეს ბავშვიც თან ტირის გულგახეთქილი, თან ამ ნაყინს ძალით ჭამს და ეს ალბათ უბრალოდ წამიერად აღელვებული, მაგრამ ისე საუკეთესო დედა ვერ დაკმაყოფილდა ამით და შვილს უყვირის, თან მადლობა თქვი, რომ ჭამო. ასე პერიოდული მადლობით, ტირილით და ცრემლებით ატენა ბავშვს ნაყინი.

მინდოდა, მივსულიყავი, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ცხოვრებაში პირველად შევიკავე თავი და დავტოვე იქაურობა. აშკარად შეამჩნია ამ ქალმა, რომ მისი საქციელის გამო შევაწყვეტინეთ ბავშვებს იქ გართობა და სხვაგან წავიყვანეთ.

არ ვიცი, იმ დედამდე მიაღწევს თუ არა ეს ამბავი, მაგრამ ასეთი გაუბედურებული მშობლები სხვებიც ნამდვილად არსებობენ, რომლებიც ან ცხოვრებამ, ან წარუმატებლობამ, ან შვილების მამამ, ან რაღაც დედის ტყ*მ (რასაც გამართლება არ აქვს) გააბოროტა და ასეთი საშინელი არსებები არიან.

ჰოდა, ნუ იზამთ ასე, თქვე არაადამიანებო. ასეთო დედებო და მამებო. ასე ნუ იზამთ!

ერთია ცხოველივით შვილი გააჩინო და მეორე – ადამიანივით გახდე მშობელი.

მე მაპატიეთ. იქნებ ერთს მაინც დაეხმაროს ეს ამბავი“, – წერს ნიკა გრიგოლია.