ცოტა ხნის წინ, ერაყის ჩრდილოეთით, ალ-ჰამდანიას რეგიონში, ქორწილში საშინელი ტრაგედია მოხდა – ახალდაქორწინებულთა რევანისა და ჰანინის ცეკვისას დარბაზში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 120 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და რამდენიმე ასეული ადამიანი დაშავდა.
წინასწარი მონაცემებით, უბედური შემთხვევა საბანკეტო დარბაზში ფეიერვერკების გამართვას მოყვა. მეორე ვერსიით, შესაძლოა მოკლე ჩართვა მომხდარიყო.ხანძარი დარბაზში რამდენიმე წამში გავრცელდა. სტუმრების დიდმა ნაწილმა გასვლა ვერ მოასწრო და კვამლში გაიგუდა.
“ცეცხლმა გამოიწვია დარბაზის ნაწილების ჩამონგრევა აალებადი, იაფფასიანი სამშენებლო მასალების გამოყენების გამო. როგორც წესი, ისინი რამდენიმე წუთში ნადგურდებიან ხანძრის გაჩენისას“, – აღნიშნა ერაყის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტმა.
ხანძრის შემდეგ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატარძალი და საქმროც დაიღუპნენ. მაგრამ, როგორც გაირკვა, რევანი და ჰანინი ცოცხლები არიან. მომხდარის შედეგად გოგონამ ოჯახის 10 წევრი დაკარგა, მათ შორის დედა და ძმა. მამა კი მძიმე მდგომარეობაშია.
ჩვენ აქ ვსხედვართ, სანამ ცოცხლები ვართ, მაგრამ შინაგანად მკვდრები ვართ“, – ამბობს საქმრო და აღნიშნავს, რომ მისმა რჩეულმა ტრაგედიის შემდეგ საუბარი შეწყვიტა – მან სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.
რევანი დაწვრილებით იხსენებს ხანძრის პირველ წამებს. მამაკაცის თქმით, ყველაფერი საშინელებათა ფილმს ჰგავდა.
“ცეცხლი ჭერზე გაჩნდა. სიცხე ვიგრძენით. ტკაცუნის ხმა რომ გავიგე, ჭერში ავხედე. შემდეგ ჭერმა, რომელიც მთლიანად ნეილონის იყო, დნობა დაიწყო. ამას მხოლოდ რამდენიმე წამი დასჭირდა“, – თქვა მან.
დარბაზში მხოლოდ ერთი ცეცხლმაქრი იყო, რომელიც მომხდარს ვერაფერს უშველიდა. საქმრომ ჯერ საყვარელ ქალს აიტაცა და გარეთ გაიყვანა. პანიკაში ჩავარდნილმა სტუმრებმა ფაქტიურად გადათელეს ერთმანეთი. ჭყლეტვაში ჰანინიც მოჰყვა – ფეხები დაუზიანდა. ახლა ახალგაზრდები სერიოზულად ფიქრობენ სხვაგან ცხოვრებაზე, რადგან მიაჩნიათ, რომ ვერ იცხოვრებენ ისეთ ადგილას, სადაც ყველაფერი მომხდარს გაახსენებთ.
“ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაიქცა. ჩვენ არ შეგვიძლია გარეთ გასვლა და ხალხისთვის თვალებში ჩახედვა. აქ ვეღარ ვიცხოვრებთ. ჩვენ აღარ შეგვიძლია აქ ცხოვრება! ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობთ ცოტა ბედნიერები ვიყოთ, რაღაც ტრაგიკული ხდება და გვანადგურებს. ამიტომ ჯობია წავიდეთ” – აღიარა საქმრომ. მისი თქმით, ნანობს რომ იმ საბედისწერო დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად არ მოკვდა.