მკვლელობა დაბა სურამში ერთ-ერთია იმ მკვლელობათა შორის, სადაც არასრულწლოვნები ფიგურირებენ. ამჯერად 1950 წელს დაბადებული ზურაბ ლაშხის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2009 წელს დაბადებული გ.ყ. დააკავეს. 14 წლის გოგონას 74 წლის მამაკაცის მკვლელობაში ედება ბრალი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თვითმხილველთა თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული საავტომობილო გზაზე სისხლიანი ხელებით გამოვიდა, რა დროსაც ყვიროდა, მიშველეთ, კაცი მოვკალიო. პოლიციამ დანაშაულის ადგილიდან ნივთმტკიცებად მკვლელობის იარაღი, დანა ამოიღო. გარდაცვლილი საავტომობილო ტრასიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, გაუქმებული ქარხნის ტერიტორიაზე იპოვეს. ის დაბა სურამის მკვიდრი იყო და ტაქსის მძღოლად მუშაობდა. სურამში დედასთან ერთად ისვენებდა ბრალდებული მოზარდიც. გაჩნდა მკვლელობის რამდენიმე არაოფიციალური ვერსია. ერთ-ერთის მიხედვით, მიზეზად ძარცვის მცდელობა დასახელდა; მეორის – ტაქსის მძღოლის მხრიდან ძალადობის მცდელობა, რამაც სურამის მოსახლეობა აღაშფოთა. მათი თქმით, 74 წლის ლაშხი პედოფილიაში შემჩნეული არასოდეს ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამალვა შეუძლებელი იქნებოდა სურამში, სადაც მას ყველა იცნობდა, მათ შორის მშობლები, რომლებიც მას ბავშვებს ანდობდნენ გადაადგილებისათვის.
მას ჩემი შვილები ვანდე, ოდესმე რაიმე უღირსობა რომ შეგვემჩნია, ხომ ვაგებინებდით პასუხს!”
სურამელი ირინა ხიდირბეგიშვილი ამბობს, ისევე როგორც სხვა ბავშვები, ზურაბ ლაშხს მისი შვილებიც ხშირად მიჰყავდა დანიშნულების ადგილას.
“წლებია, რაც ჩემი ოჯახი ზურაბ ლაშხს იცნობს. ბოლო წლებში ხომ თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით და მისგან ზედმეტი სიტყვა კი არა, მზერაც არ მახსოვს, უღირს საქციელზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომაც ვანდე ჩემი შვილები, რომლებიც ხან სკოლაში, ხან რაიმე ღონისძიებაზე დაჰყავდა. ვერ წარმოიდგენთ, ჩემს ოჯახს როგორ გვიყვარდა ეს კაცი, როგორ უხაროდათ ბავშვებს მისი დანახვა. განა მარტო ჩემსას, მთელი სურამის მოსახლეობას. ოდესმე რაიმე უღირსობა რომ შეგვემჩნია ან უფროსებს, ან ბავშვებს, ხომ იმავე წუთში ვაგებინებდით პასუხს და ჩამოვიშორებდით თავიდან! ან დაბა სურამი რა იმხელაა, ათეული წლობით ვერ მიხვდე ადამიანს გულში რა აქვს?! რა სამწუხაროა, რომ ადამიანისთვის ჩირქის მოცხება ბევრს ეადვილება. გარდაცვლილზე ყველაფრის დაბრალება იოლია, რადგან ის ვერაფერს იტყვის, თუმცა სურამში მას ჩირქი მაინც არასოდეს მოეცხება. აღმაშფოთებელია, რომ დანაშაულის მიზეზებზე განგაშის ატეხის ნაცვლად, დამნაშავის დაცვა მიდის”.
“გაუპატიურებამდე საქმე არ მისულა, ინტიმურ შეხებაზე ბავშვი თავად საუბრობს, ამას რა ექსპერტიზა სჭირდება?!”
ჩვენ დავუკავშირდით რუსთავის 23-ე საჯარო სკოლას, სადაც დანაშაულში ბრალდებული სწავლობდა, თუმცა მასზე საუბარი არ ისურვეს…
ასევე დავუკავშირდით დაკავებული მოზარდის ადვოკატს ნინო ლაზაგაშვილს:
– ეს უმძიმესი შემთხვევაა და ბრალდებულსაც უმძიმესი ემოციური ფონი აქვს. დიდხანს ველაპარაკე, რათა ამ თემაზე საუბარი შესძლებოდა. თავიდანვე არ უარყოფდა, რომ მან მოკლა მამაკაცი. პირიქით, საავტომობილო გზაზე სისხლიანი ხელებით გამოვიდა და ყვიროდა, მიშველეთ, კაცი მოვკალი, გაუპატიურებას მიპირებდაო, რაზეც პრაქტიკულად ყველა მედიასაშუალებამ ისაუბრა. თუმცა სიტყვა “გაუპატიურება” არსად გაჭაჭანებულა, ვერ ვხსნი რატომ. ზოგიერთმა ისიც თქვა, ბრალდებული მიმალვას ცდილობდაო, რაც სიცრუეა. რომ მოენდომებინა და გაქცეულიყო, გარდაცვლილს დიდხანს ვერავინ ნახავდა და კარგა ხანს ვერავინ გაიგებდა, რა რატომ მოხდა.
– არსებობს ვიდეოკამერები, რომლებიც, სავარაუდოდ, მალევე დააფიქსირებდნენ, ვინ იჯდა ლაშხის ტაქსიში დროის იმ მონაკვეთში.
– გარკვევას დრო დასჭირდებოდა. რაც შეეხება ტაქსიში ჩაჯდომას, როგორც გოგონა ამბობს, ის ზურაბ ლაშხის ტაქსიში მკვლელობის დღეს ორჯერ იჯდა: პირველად, როდესაც თავად სთხოვა ტაქსის მძღოლს გადაადგილება, მეორედ კი, როდესაც თვითონ ტაქსის მძღოლმა დაურეკა და სთხოვა, ტაქსიში ჩასჯდომოდა.
– ცოტა რთული ასახსნელია, რასაც ამბობთ. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის მოხდა. ბრალდებული რამდენიმე საათით ადრეც მგზავრობდა ამ ტაქსით?
დიახ. როგორც ამბობს, პირველად თავად გააჩერა ტაქსი და სთხოვა მძღოლს, დანიშნულების ადგილზე მიეყვანა. ვინაიდან მგზავრობის საფასურის გადასახდელი ფული არ ჰქონდა, მძღოლს თავი ბანკომატთან მიაყვანინა, საიდანაც საბანკო ბარათით სურდა თანხის აღება. თუმცა საბანკო კოდი შეეშალა და სამჯერ შეცდომით აკრეფის შემდეგ ბარათი დაებლოკა. ამის შემდეგ იძულებული იყო მძღოლისთვის ეთქვა, ფულს ვერ გაძლევ, შენ წადი და მე აქ დავრჩებიო. ლაშხმა იუარა, აქ ხომ ვერ დაგტოვებ, დაჯექი, დასახლებაში მიგიყვანო. ისიც ჩაჯდა, რის შემდეგაც გზად ზურაბ ლაშხმა მას სიგარეტი უყიდა.
– სიგარეტის ყიდვა არასრულწლოვანმა სთხოვა? რომელი ტაქსის მძღოლი ყიდულობს მგზავრისთვის სიგარეტს?!
– როგორც არ უნდა იყოს, არასრულწლოვანს სიგარეტი რატომ უნდა უყიდო?! რასაც ბრალდებულის თქმით, დაემატა ზურაბ ლაშხის მორიგი შეთავაზება: ვხედავ, რომ სიგარეტის ფული არა გაქვს, ამიტომ 100 ლარს გაჩუქებ, მაგრამ ახლა კი არა, ახლა საქმე მაქვს, წავალ და რომ დავბრუნდები, დაგირეკავო. როგორც გოგონა ამბობს, მან თავიდან თავი შორს დაიჭირა, როგორ გეკადრებათ, არ მინდაო, თუმცა შემდეგ დათანხმდა…
– ბრალდებულს რით შეუძლია დაამტკიცოს, რომ ასეთი შეთავაზება ნამდვილად იყო?
– სამწუხაროდ, არაფრით, მე არ ვფიქრობ, რომ ცრუობს, მიუხედავად იმისა, რომ მის საქციელს არ ვამართლებ. არა მარტო ფულის ჩუქებაზე დათანხმებას, არამედ მის სხვა ქმედებებს, თუნდაც უკონტროლო სიარულს. ამ ასაკის მოზარდი მშობლის კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ აქ სხვა მომენტია: გოგონას ნერვული აშლილობა სჭირს, მას დედა ვერ იმორჩილებს. თუმცა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მომენტი გადაალახვინოს. ბავშვს ფსიქიატრი და ფსიქოლოგიც ჰყავს.
ბრალდებულს მარტოხელა დედა ზრდის?
– მისი მშობლები განქორწინებული არიან და მასზე დედა და ბებია ზრუნავენ. დედა ძალიან ბევრს შრომობს, ავტობუსის კონტროლიორად მუშაობს და შრომას გამთენიიდან იწყებს. ტაქსის მძღოლისაგან ფულის შეთავაზებაზე ბავშვს დედისთვის არაფერი უთქვამს, მხოლოდ მეგობარს გაანდო. მან კი გააფრთხილა, ტყუილად არავინ არაფერს მოგცემს, სანაცვლოდ რაიმე არ მოგთხოვოსო. ამის მიუხედავად, გოგონამ ჩათვალა, რომ ფულზე უარი არ ღირდა, მაგრამ თავდასაცავად სამზარეულოს დანა მაინც წაიღო. როდესაც ტაქსიში ზურაბ ლაშხს მეორედ ჩაუჯდა, ბრალდებულის თქმით, ტაქსის მძღოლმა აბანოებთან წასვლა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო, ჩვენ ასე არ შევთანხმებულვართო, რის შემდეგაც მივიდნენ სწორედ მკვლელობის ადგილზე, მიტოვებულ ქარხანასთან. ბრალდებულის თქმით, სწორედ აქ დაიწყო სექსუალური შევიწროება მძღოლმა. როგორც გოგონა ამბობს, ტაქსის მძღოლი მას თან ფულს აწოდებდა და თან სექსუალურად ავიწროებდა, სახელდობრ, აკოცა, რის შემდეგაც გოგონას გონება გადაეკეტა და დანა დაარტყა. ამბობს, ერთხელ რომ დავარტყი, აღარ ვიცი, მერე რამდენჯერ ჩავარტყიო. ამ მომენტში ავტომანქანა ჩაკეტილი იყო, დაჭრილმა მძღოლმა ავტომანქანის გაღება და გადმოსვლა შეძლო, თუმცა უსულოდ დაეცა. როგორც გოგონა ამბობს, თავადაც გადმოხტა ავტომანქანიდან, ტრასაზე გაიქცა და მშველელს მოუხმო.
– შოკის მომგვრელია… რა არგუმენტებით დაამტკიცებს ბრალდებული, რომ ეს ნაამბობი მისი ფანტაზიის ნაყოფი არ არის და მკვლელობა თუნდაც ძარცვის მიზნით არ მოხდა? ექსპერტიზას შეუძლია სექსუალური შევიწროების დასაბუთება?
– გაუპატიურებამდე საქმე არ მისულა, ინტიმურ შეხებებზე ბავშვი თავად საუბრობს, ამას რა ექსპერტიზა სჭირდება. სასამართლოზე ვიბრძოლებ, რომ არასრულწლოვანი დაზარალებულად ცნონ და არა დამნაშავედ. იმედია, სასამართლო გაითვალისწინებს ყველა იმ დებულებას, რაც არასრულწლოვანთა კოდექსშია გაწერილი.მამაჩემის მკვლელობის ადგილი, რომელსაც მედია მიუვალად მიიჩნევს, 20 მეტრით არის დაშორებული ავტომაგისტრალიდან”
ჩვენ დავუკავშირდით გარდაცვლილის ვაჟს, დურმიშხან ლაშხს, რომელსაც იმედი აქვს, რომ გამოძიება ობიექტური იქნება და დამტკიცდება, რომ ზურაბ ლაშხს პედოფილიის განზრახვა არ ჰქონია. თუმცა კი შოკი, რომელიც ამ ტრაგედიამ ოჯახს მიაყენა, არასოდეს გაივლის.
– არ ვიცი, რა ვთქვა, მამა ყოველთვის ერიდებოდა თავის ღირსებებზე საუბარს და მეც მეუხერხულება. თუმცა რაღაც მაინც უნდა ვთქვა: მამაჩემი, ზურაბ ლაშხი, არასოდეს დაუშვებდა იმ საშინელებას, რასაც პედოფილია ჰქვია. არა მარტო იმიტომ, რომ კეთილი კაცი იყო, არამედ იმიტომაც, რომ ბავშვი, რომელიც აღიარებს, რომ მამა მომიკლა, იმ ხნისაა, რა ასაკშიც მამაჩემმა შვილი, ჩემი ძმა, დაკრძალა საკუთარი ხელით. ამ ასაკის ბავშვების დანახვაზე თავიდან განიცდიდა ყველაფერს და როგორ დავიჯერო, რომ 14 წლის გოგონას შეურაცხყოფა მიაყენა?! მამა ამ ტრაგედიიდან ვერასოდეს გამოვიდა, მიუხედავად ამისა, მაინც სურამის კოლორიტად დარჩა და ყველას უყვარდა