პატარა დამიანე კვარაცხელიას დაბადების შემდეგ “კვარა” სამშობლოდან ნეაპოლში დაბრუნდა და პირველ მატჩში, ბოლონიის წინააღმდეგ გაიბრწყინა. ხვიჩამ შვილის დაბადება მოედანზე გოლითა და საგოლე გადაცემით აღნიშნა.
სერია A-ს მეორე ტურში “ნაპოლიმ“ “ბოლონია“ 3:0 დაამარცხა.
მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, რასპადორიმ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდი თამაში მეტ-ნაკლებად დაწყნარდა. კვარაცხელია ძალიან მოტივირებული იყო, მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, კარის წინ ჩაწოდებულ ბურთზე კი პარტნიორები ვერ გაიხსნენ. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, როდესაც პირისპირ გასულ კასტროს მეკარე მერეტმა არ გაატანინა. 42-ე წუთზე ხვიჩას თავური ხარიხას მოხვდა, ხოლო კომპენსირებულ დროში “კვარას” დიდებული პასით დი ლორენცომ “ნაპოლი” დააწინაურა
მეორე ტაიმის დასაწყისში პოლიტანომ ვერ უწია მიზანს, მერე იერიშებზე “ბოლონია“ გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა, სამაგიეროდ, შედეგი ცენტრიდან კვარაცხელიას წარმატებულ დრიბლინგს მოჰყვა, რომელმაც სკორუპსკის კარი რიკოშეტით დალაშქრა და გოლი ახლადშეძენილ ვაჟიშვილს მიუძღვნა. 88-ე წუთზე პოლიტანოს ნაცვლად შეცვლაზე “ბენფიკასგან” შეძენილი ნერესი შევიდა, რომლის პასით სიმეონემ გაიტანა და “ნაპოლიმ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
“კვარა”მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ამ დაპირისპირების შემდეგ, პრესკონფერენციაზე “ნაპოლის” მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:
“დი ლორენცო და “კვარა” განსაკუთრებულები იყვნენ, მათი წყალობით ბევრი მომენტი შევქმენით. “კვარას” გამო გახარებული ვარ, ერთი ერთზე თამაშისას ძალიან ძლიერია, კმაყოფილი ვარ, ვარჯიშებზე ბევრს მუშაობს და შრომა ნაყოფს იძლევა”.
მისი თქმით, “ვერონასთან” განცდილი მარცხის მერე გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, გამოსასწორებელი კიდევ ბევრი აქვთ და ახლა “პარმასთან” მომავალ შეხვედრაზე ფიქრობენ.
“სენსაციური კვარაცხელია”, – ასე შეაფასა ჩვენებურის თამაში იტალიურმა გამოცემამ Football Italia.
“საგოლე გადაცემის შესრულების დროს კვარაცხელიამ გასაოცარი უნარები გამოავლინა”, – ვკითხულობთ სტატიაში.
31 აგვისტოს “ნაპოლი“ “პარმას“ უმასპინძლებს.