ჩემს მშობლებს ხშირად ეუბნებოდნენ, – შენს შვილს მიხედე, თმა როგორ აქვსო…”
გამარჯვების სიხარულს გემო რომ გაუგო, 5-6 წლის ბიჭი იქნებოდა.
მაშინ ცდილობდა დედა და მამა გაეხარებინა, მათთვის ბედნიერების ემოცია ეჩუქებინა, გაიზარდა და მისი გამარჯვების სიხარულის გამზიარებელი მთელი საქართველო გახდა. მოკრივე ლაშა გურული პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ქართულ კრივს 24-წლიანი პაუზის შემდეგ, ოლიმპიური მედალი მოუტანა. ლაშას საგულშემატკივროდ პარიზში მეუღლემ – მარიამ მუმლაძემ ჩააკითხა და მხარდაჭერის ორიგინალური ფორმით, იქ მყოფი საზოგადოების ყურადღებაც მიიქცია.
– ლაშა, პარიზის ოლიმპიადიდან მედლით დაგვიბრუდი, ეს დიდი შედეგია, გილოცავთ!
– დიდი მადლობა!
– ფინალური ასპარეზობიდან რამდენიმე დღე გავიდა, რა გაანალიზეთ, რა გადააფასეთ, როგორი იყო თქვენთვის ეს დღეები?
ჯერ ყველაფერი ბოლომდე კიდევ ვერ გავაანალიზე. მინდა დავისვენო და სამომავლო გეგმა გავწერო. ახლა კი სიამოვნებას ვიღებ ჩემი ხალხისგან – იმ ადამიანებისგან, რომლებიც ქუჩაში მხვდებიან, მილოცავენ, მეფერებიან, მაფასებენ. ბავშვობიდან ვოცნებობდი ოლიმპიადაზე გამოსვლას. წლების განმავლობაში, ტელევიზიით ყველა ოლიმპიადას ვუყურებდი, კრივს განსაკუთრებით ვგულშემატკივრობდი. 2000 წლის შემდეგ, ქართველებს ამ სპორტში ოლიმპიური მედალი არ გვქონდა აღებული, ეს მე შევძელი და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს მედალი ჩემთვის ოლიმპიური ჩემპიონობის ტოლფასია. მიხარია და ბედნიერი ვარ, მედალი რომ ავიღე, ამავე დროს ვერ მაკმაყოფილებს ეს შედეგი. ჩემი მომავალი გეგმა დამოკიდებული იყო ამ ოლიმპიადაზე რას მივაღწევდი. მაქვს სურვილი, შემდეგ ოლიმპიურ თამაშებში მივიღო მონაწილეობა და ოქროს მედლისთვის ვიასპარეზო.
– 4 წელში ოლიმპიური ჩემპიონობა მოგველოცოს! ახლა კი 4 აგვისტოს ასპარეზობას დავუბრუნდეთ, ამ დღეს როგორი იყო თქვენი ემოცია?
სხვა ტურნირებთან შედარებით, ფსიქოლოგიურად გამორჩეულად მაღალ დონეზე ვიყავი მომზადებული. ნებისმიერი მომენტით და წუთით მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებდი, თუნდაც ბრძოლის დროს. ყველაფერი გააზრებული მქონდა, როგორც მე მინდოდა სამშობლოში გამარჯვებული დავბრუნებულიყავი, იგივე სურვილი ჰქონდა მოწინააღმდეგესაც. მართალია, იქ ყველა შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, მაგრამ რაღაც მომენტში გჯობნის მოწინააღმდეგე. რაც მთავარია, ღირსეულ ბრძოლაში დავმარცხდი, ჩემმა მეტოქემ გაიმარჯვა და მას ვულოცავ ამ გამარჯვებას!
– ვიცი, ამ დღეს პარიზში თქვენს საგულშემატკივროდ მეუღლე – მარიამ მუმლაძე ჩამოვიდა. ეს დაგეგმილი გქონდათ თუ სიურპრიზი იყო?
მარიამი:
როდესაც ლაშას გვერდით ვარ და მაქვს შესაძლებლობა ტრიბუნიდან გავამხნევო, ეს ემოციურად ჩემთვის გაცილებით ადვილია და ბევრად მშვიდად ვარ. როცა მის ასპარეზობას ეკრანიდან ვუყურებ, უფრო ვნერვიულობ, ეს მეტად მიჭირს. ჩემთვის მთავარი იყო, მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე ლაშას გვერდით ვყოფილიყავი და გამემხნევებინა.
ლაშა:
– მე და მარიამი სულიერად ძალიან ახლო ადამიანები ვართ. დაგეგმილი გვქონდა, როდესაც საპრიზო ბრძოლა მექნებოდა, მარიამი ჩამოვიდოდა და ოლიმპიურ თამაშებს დაესწრებოდა. რინგზე რომ გავდივარ, კამერები მიღებს, ამ დროს ყოველთვის ვფიქრობ, ახლა მარიამი ეკრანიდან მიყურებს, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი იქვე ახლოს, ტრიბუნაზე მეგულება, ამაზე აღარ ვფიქრობ, ბრძოლაზე მეტად კონცენტრირებული ვარ.
– მიამბეთ, თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?
– ჩვენ ერთმანეთი 2016 წელს, საერთო მეგობართან გავიცანით. 1 წელი მეგობრები ვიყავით. ერთმანეთი უფრო ახლოს რომ გავიცანით, თვისებები, ღირებულებები კარგად გავიგეთ, შემდეგ ჩვენ შორის სიმპათიაც გაჩნდა. თანდათან მივხვდით, ერთმანეთი მოგვწონდა და ერთმა კოცნამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ნოემბერში 8 წელი გახდება, რაც ერთად ვართ.
– მარიამ, თქვენ ის ერთი კოცნა როგორ გახსოვთ?
ლაშა:
სანამ მარიამი იტყვის, მე დავასწრებ. მარიამი ვიზუალურად ყოველთვის გამოირჩეოდა, მისი იმიჯი, კულტურული მანერები ყოველთვის მომწონდა. თავისუფალი გოგო იყო, უაზრო კომპლექსები არ ჰქონდა. იყო გაწონასწორებული, თავშეკავებული და იცოდა, სად როგორ მოქცეულიყო. მე ძალიან ზედმეტად “გრუზინი” ვიყავი, ისეთი შეხედულებები მქონდა, გოგონებს ყველაფერს რომ უშლიან. დაკომპლექსებული ვიყავი. მე და მარიამი ორი სხვადასხვა პოლუსი, ორი უკიდურესობა, სხვადასხვა თაობის ადამიანები ვიყავით. ერთმანეთს თანდათან დავუახლოვდით. რომ ვაკოცე, ვფიქრობდი, ახლა რას ვაკეთებ, რა მინდოდა, მეგობარიც დავკარგე-მეთქი, ჩვენი ერთად ყოფნაც ვერ წარმომედგინა. რიგ საკითხებთან დაკავშირებით, დამახინჯებული შეხედულებები მქონდა. მერე ჩვენ ერთმანეთისთვის ფიქრების გაზიარება დავიწყეთ, როგორ ვხედავდით მომავალს, რა გვინდოდა, როგორი ოჯახზე ვფიქრობდით… ეს კი ჩვენი ურთიერთობის მთავარი იარაღი აღმოჩნდა… მე და მარიამი ერთნაირ ოჯახებში ვართ გაზრდილები, ჩვენი მშობლები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ჩვენ სამი ძმა ვართ, მათთან სამი დაა…
მარიამი:
ერთმანეთს ემოციებს დღესაც ძველებურად ვუზიარებთ. ამ წლების განმავლობაში, ორივე ერთნაირად ვვითარდებოდით. ფსიქოლოგიურად და ემოციურად ერთმანეთთან კავშირი სულ გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ლაშა სპორტსმენია და ზოგჯერ ჩემგან შორს ყოფნა უწევდა.
ლაშა:
– არასაჭირო კომპლექსები ჩამოვიშორე, ჩვენ შორის თითქოს ორი თაობის შერწყმა მოხდა, ერთმანეთი დავაბალანსეთ. ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან სითბოს, სიყვარულს და დაფასებას ვგრძნობთ. დღეს მნიშვნელოვან საკითხებზე ერთი აზრი და შეხედულება გვაქვს. აზრთა სხვადასხვაობა ორ ინდივიდს შორის სულ იქნება, მე არ ვარ მარიამის საკუთრება და არც მარიამია ჩემი საკუთრება, ჩვენ დამოუკიდებელი ადამიანები ვართ, ჩვენი შეხედულებებით და აზრებით.
– მარიამ, თქვენ შესახებ მიამბეთ.
მარიამი:
– წელს უნივერსიტეტი დავამთავრე ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის მიმართულებით. გავიარე პრაქტიკები, ახლა ვისვენებ და სექტემბრიდან დავიწყებ საკუთარი თავის ძიებას კარიერული მიმართულებით. პერიოდულად მაქვს გადაღებებიც, ასევე ვმუშაობ ტანსაცმლის ბრენდზე, ამ საქმეში მალე ლაშაც შემომიერთდება.
– ლაშა, კრივით რა ასაკში და როგორ დაინტერესდით? ამ სპორტში თქვენი პირველი ნაბიჯები როგორი იყო?
ლაშა:
მამას უნდოდა, ძიუდოზე ვეტარებინე. საქართველოში სპორტის ეს სახეობა ძალიან განვითარებულია. იმ პერიოდში, როდესაც კრივზე დავიწყე სიარული, მე და ჩემი ოჯახი რუსეთში ვცხოვრობდით. კრივის სექცია საბავშვო ბაღის შენობაში იყო, ამ სპორტზე სრულიად გაუაზრებლად მოვხვდი. ბაღი ჩემი სახლის პირდაპირ, სულ რაღაც 10 მეტრში იყო. ერთ დღეს მწვრთნელმა მითხრა, კრივზე სიარული არ გინდაო? – არა, მამამ ძიუდოზე უნდა შემიყვანოს-მეთქი. მაშინ ისე შემოდი დარბაზშიო. შევედი, ვარჯიშს ვუყურე. მერე სპორტსმენები გამოსაცვლელად რომ წავიდნენ, დარბაზი დაცარიელდა, მივედი, ტომარას ხელი ერთი-ორჯერ მივარტყი, მესიამოვნა. ერთი სული მქონდა, მეორე დღე როდის გათენდებოდა, ამ პროცესით ძალიან მოვიხიბლე. ერთი თვე კრივზე ისე ვიარე, მშობლებმა არც იცოდნენ. ამ დროის გასვლის შემდეგ, მწვრთნელი სახლში მოვიდა და მშობლებს უთხრა, – თუ შეიძლება, თქვენი შვილი შეჯიბრებაზე მინდა წავიყვანოო. დედა და მამა გაკვირვებული უყურებდნენ, რაღაც გეშლებათო. ამ დროს ოთახიდან გამოვედი, ჩემი მწვრთნელი დავინახე, გავიქეცი და ჩავეხუტე. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მშობლებმა ნება დამრთეს, შეჯიბრებაზე გამიშვეს. გავიმარჯვე და როცა ჩამოვედი, დედაჩემს გავუარე, პირველი ადგილის სიგელი მივუტანე, მაგრამ ვერც ვიაზრებდი, რა მოხდა. დედამ სიგელი რომ ნახა, ძალიან გაიხარა, გაბედნიერდა, მაღაზიაში შემიყვანა, – აიღე, რაც გინდაო. მერე შინ მივედით. მამა დაბრუნდა სამსახურიდან, მანაც ძალიან გაიხარა. ჩემი მშობლების ბედნიერ სახეებს ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნეტავ კიდევ როდის იქნება შეჯიბრება, მშობლები ისევ ასე ძალიან რომ გავახარო-მეთქი. მინდოდა ის ბედნიერი ემოცია ისევ მენახა.
დედამ სპორტსმენების ბიოგრაფიების კითხვა დაიწყო. მიამბობდა, რომ წარუმატებლობა, იმედგაცრუება, უსამართლობა სპორტში ჩვეულებრივი რამ არის, რომ დიდი სპორტსმენები ამ გზას გადიან. წინასწარ ვიყავი ამ ყველაფრისთვის მომზადებული. ისიც ვიცოდი, მონდომებას თუ არ დავაკლებდი, მიზანს აუცილებლად მივაღწევდი.
– აი, ბავშვობაში სწორად ჩადებული კოდი რამდენს ნიშნავს.
– რა თქმა უნდა, დღეს თქვენი ჟურნალის – “გზა” საშუალებით ბავშვებს ვეტყვი: უნდა იცოდეთ, რა გინდათ ცხოვრებაში. ეს თუ გეცოდინებათ და არ იზარმაცებთ, მიზნამდე აუცილებლად მიხვალთ. ზოგჯერ კრიტიკული მომენტიც დგება, როცა გარშემო ყველა გეუბნება, რომ ამას ვერ შეძლებ, რომ ბევრი შანსი ხელიდან გაუშვი, ზუსტად ამ დროს არ უნდა დანებდეთ; უნდა გაიხსენოთ, რომ უფალი თქვენ გვერდითაა, მეტად მოინდომეთ და აუცილებლად გამოვა. ჩემს მაგალითს გავიხსენებ: ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე რომ ვერ მოვხვდი, ზოგიერთმა ის ყველაფერი, რაზეც ახლა ვილაპარაკე, კი არ მაგრძნობინა, პირდაპირ მითხრა კიდეც… მარიამს, მშობლებს, ძმებს, ძალიან ახლობლებს სჯეროდათ ჩემი და ყოველთვის მახსენდებოდა უფალი. ზუსტად ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერმოხვედრის შემდეგ მქონდა წარმატებები ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, მე-60 ადგილიდან 1-ელზე გადავინაცვლე. სამი წელია, მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერი ვარ, ოლიმპიური მედალი მოვიპოვე და ახლა ინტერვიუს თქვენ გაძლევთ. შეუძლებელი არაფერია.
– მჯერა, წინ უფრო დიდი წარმატებები გელოდებათ! თქვენთვის რა არის კრივი?
კრივი არ არის ჩხუბი და არ არის ძალმომრეობა, ეს არის კლასიკური, ლამაზი, ინტელექტუალური სპორტი, რომელსაც სჭირდება ტვინი. ტვინს კი სჭირდება განვითარება, წიგნის წაკითხვით, მოსმენით, ცოდნის შეძენით…
– იმედგაცრუების, უსამართლობის თუ წარუმატებლობის შემდეგ, რა გაძლიერებდათ ყველაზე მეტად? თქვენი მოტივაცია ვინ ან რა იყო?
– მე ხომ ბავშვობიდან მინდოდა ოლიმპიური მედალი ამეღო, ჩემი სამშობლო მესახელებინა, თან იმ პერიოდიდან ვიცოდი, რომ თითქმის შეუძლებელი იქნებოდა დიდი წარმატებისთვის ისე მიმეღწია, იმედგაცრუება არ განმეცადა. ზოგჯერ არაჯანსაღი კრიტიკაც მესმოდა და მინდოდა, მათთვის ჩემი საქციელით დამემტკიცებინა, რომ მართლები არ იყვნენ. კიდევ ერთი დიდი მოტივაცია მქონდა, – მშობლები გამებედნიერებინა. დედაჩემი 8 მარტს, ცუდ ამინდში, გარეთ რომ იდგა და ყვავილებს ყიდდა, ხან სიცხეში ბაზრობაზე იდგა, მინდოდა ჩემი ცხოვრება ისე წასულიყო, მას ეს აღარ დასჭირვებოდა, მშობლებს აღარ ეშრომათ და ცხოვრებით დამტკბარიყვნენ. დედამ და მამამ მთელი თავის ახალგაზრდობა, ენერგია, ჯანმრთელობა მე და ჩემს ძმებს მოგვიძღვნეს, რთული პერიოდი გაიარეს და დრო იყო, მათ ამაგი უკან ათმაგი და ასმაგი დოზით დაჰბრუნებოდათ. ახლა უბედნიერესები არიან.
– დედები შვილებს ასპარეზობის დროს ვერ უყურებენ, არ შეუძლიათ. თქვენს ოჯახში რა ხდება?
დედები მოჭიდავე შვილებს ვერ უყურებენ და კრივში ეს გაცილებით რთული სანახავია. დედას პირდაპირ ეთერში ჩემი არც ერთი ბრძოლა ნანახი არ აქვს. როცა ასპარეზობიდან შინ ვბრუნდები, მერე ერთად ვუყურებთ და განვიხილავთ. ჩემი ასპარეზობის დროს დედა სახლის დალაგებას იწყებს, მამა და ძმები რომ მიყურებენ, ბუნებრივია, მათი გულშემატკივრობის ხმები დედას ესმის და ცდილობს მათგან გაიგოს, რა ხდება. მშობლები მერვე სართულზე ცხოვრობენ. მითხრეს, ფინალური შეხვედრა რომ დაიწყე, სადარბაზოში გავიდა და მერვე სართულიდან რომ დაიწყო, პირველამდე სულ დაალაგაო.
– რუსეთიდან საქართველოში რა ასაკში დაბრუნდი?
– ხომ გახსოვთ ის პერიოდი, საქართველოდან ძალიან ბევრი ოჯახი მიდიოდა, აქ არ იყო სამსახური, კარგი ანაზღაურება… 1 წლის ვიყავი, რუსეთში რომ წამიყვანეს და 11 წლამდე იქ ვიცხოვრეთ. დედას სულ უნდოდა და გვეუბნებოდა, როგორც კი მატერიალურ მდგომარეობას გამოასწორებდნენ, საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავით. გვინდოდა საკუთარი ბინა გვქონოდა. მშობლებს მიზნად ჰქონდათ დასახული, ბიჭები სპორტსმენები ვყოფილიყავით და საქართველო გვესახელებინა. 11 წლის ვიყავი, ჩემი ოჯახი რუსეთიდან წამოსვლას რომ აპირებდა, ცოტა დანაზოგიც ჰქონდათ, მაგრამ დაგვადეპორტეს, ყველაფერი ჩამოგვართვეს და ასე ჩამოვედით საქართველოში. რუსთავში ბინა ვიქირავეთ. გარდაბანში კი გვქონდა არარეგისტრირებული სახლი, მაგრამ დედას უნდოდა, შვილები ქალაქში გავეზარდეთ, ასე განვითარების მეტ შანსს ხედავდა. ბიჭები სპორტზე შეგვიყვანეს. 15-16 წელი ქირით ვიცხოვრეთ, მშობლები სულ თავდაუზოგავად შრომობდნენ. გმირობის ტოლფასი იყო, რაც მათ გადაიტანეს.
– თქვენი ძმები ახლაც სპორტში არიან?
ჩემი ერთი ძმა ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეა, ის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი გახლავთ. მეორე ძმა მორაგბე იყო, “არმიაში” თამაშობდა ახლა ერთ-ერთი ფიტნესკლუბის მთავარი მწვრთნელია. ფიზიკურ მომზადებას ჩემს ძმასთან გავდივარ.
– მარიამ, აუცილებლად უნდა შევეხოთ თქვენი ვარცხნილობის თემას. პარიზში ყოფნისას თავზე “გურული” გეწერათ, გულშემატკივრობის ამ ორიგინალურ ფორმაზე და ამ ყველაფერზე მიამბეთ.
მარიამი:
– 8-9 წელია, რაც თმას ვიპარსავ. ხშირად აინტერესებთ, რატომ ვირჩევ ამ ფორმას, ზოგჯერ ჰეითიც მოდის. ძალიან ცუდი და დაუმორჩილებელი თმა მაქვს. ერთ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, გადამეპარსა, ეს იმიჯი კარგად მოვირგე. დაახლოებით 5 წელია, სხვადასხვა ბრენდის წარწერებს ვიკეთებ, მაქვს კომერციული შემოთავაზებები და ჩემს თავს ვიყენებ, როგორც რეკლამის საშუალებას. “პინტერესტის” მეშვეობით უცხოურ სალონებზე ვმუშაობ, რომლებიც ჩემს ნამუშევრებს აზიარებენ. რა თქმა უნდა, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში აუცილებლად გავიკეთებდი მეუღლის მხარდასაჭერ წარწერას, მისი გვარი დავიწერე და უკვე სამი თვეა, ეს ფორმა მაქვს შერჩეული. ძალიან ვამაყობ და მომწონს.
– პარიზში, იქ მყოფი საზოგადოების რეაქცია როგორი იყო?
– ყველას მოსწონდა, კომპლიმენტს მეუბნებოდა, სურათებს მიღებდნენ, მცნობდნენ, რომ ლაშას მეუღლე ვიყავი.
– ლაშა და მარიამ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, რაიმეს დამატება ხომ არ გსურთ?
ლაშა:
დიდი მადლობა თქვენ, მხოლოდ ერთ რამეს დავამატებ, ინტერნეტსივრცეში ჩვენზე რა ფოტოები თუ ინფორმაციაც დევს, გამოხმაურებების 95% არის დადებითი და პოზიტიური, 3% ძალიან არაადეკვატური შეფასებაა. წერენ, ქართველ კაცს ასეთი ცოლიო? ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს. არავის შესაფასებელი არავინ არის, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ყველამ თავი უნდა შეიკავოს. როცა ცნობილი ხდები, ამას თან ახლავს ცოტა ჰეითი, მაგათ არ უნდა აჰყვე, მაგრამ ჩემს პირადს არავინ უნდა შეეხოს. ჩემზე დაწერილი რაღაც შეიძლება კიდევ გავატარო, მაგრამ მარიამზე რომ რამეს არასწორად დაწერენ, არ გავატარებ, თან ბიჭი რომ წერს. ყველა სიტყვას და ქმედებას სჭირდება ახსნა, განმარტება. მქონდა შემთხვევა, რამდენიმეს დავურეკე. ვიცოდი, სისულელეს ვაკეთებდი, მაგრამ მაინც დავურეკე. ყველამ თავი იმართლა, ჩემმა შვილმა, შვილიშვილმა აიღო ტელეფონი და მან დაწერაო. შენს დაიკოზე, შენს დედიკოზე მსგავსი რამ ვინმემ რომ დაწეროს, რას იზამ-მეთქი? ამ ადამიანებს სათქმელი არაფერი აქვთ.
მარიამი:
– მე ამ ყველაფერზე ბავშვობიდან იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული. ჩემს მშობლებს ხშირად ეუბნებოდნენ, – შენს შვილს მიხედე, თმა როგორ აქვსო. მშობლები პასუხობდნენ, ჩემი შვილი კარგად იქცევა, ვინმეს ცუდს თუ გაუკეთებს, ბოროტებას თუ ჩაიდენს, შეგიძლიათ მოხვიდეთ და მითხრათ, მისი ვიზუალი კი მისი პირადი საქმეაო.
– გგულშემატკივრობთ და მომავალში დიდ წარმატებას გისურვებთ!
– დიდი მადლობა.
თამუნა კვინიკაძე