საწოლის ბაღლინჯო სისხლის მწოველი მწერია.
ის ადამიანისა და ზოგი თბილსისხლიანი ცხოველის პარაზიტია. იკვებება მხოლოდ სისხლით. ბაღლინჯოს თითქმის ყველგან შეუძლია დამალვა, ვინაიდან ბრტყელი და მოგრძო ფორმა აქვს. განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობს თავს ნესტიან და ცუდად განათებულ სათავსოებში.
ბაღლინჯოები ბინადრობენ საქათმეში, ზოგჯერ სამტრედეში, ღამურებისა და ფრინველების ბუდეებში, მღრღნელების სოროებში, ადამიანის სამოსახლოში (ქვეშაგების ნაკერებში, ლეიბებში, ავეჯში, კვერცხებს დებენ შპალერის უკან, ხის ნაპრალებში). ბაღლინჯოები განსაკუთრებით ღამით აქტიურდებიან, დღისით კი იმალებიან. ისინი ძირითადად მძინარე ადამიანს კბენენ. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ვერ გრძნობს კბენას, რადგან მწერის ნერწყვში შედის ანტიკოაგულანტი, რომელიც ტკივილგამაყუჩებლის როლს ასრულებს.
საწოლის ბაღლინჯოს ნაკბენის პირველი სიმპტომი არის მრავლობითი, წვრილი, ბრტყელი და შეშუპებული უბნები კანზე, რომლებიც მუდმივად ჩნდება ერთსა და იმავე ადგილას ხაზოვანი კლასტერული ტიპით, რადგანაც ბაღლინჯო მიდრეკილია იკვებოს ერთსა და იმავე ადგილას რამდენჯერმე. ნაკბენზე ადამიანს ზოგჯერ შეიძლება არ ჰქონდეს არანაირი რეაქცია, ზოგჯერ კი შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი რეაქცია. ნაკბენი ჩნდება კბენიდან რამდენიმე საათში და აღინიშნება რამდენიმე დღე, შემდეგ კი ნელ-ნელა ქრება.
- თუ ადამიანი ალერგიულია, ნაკბენი შეიძლება 1 კვირა და მეტიც აღინიშნოს. პირველ რიგში, ნაკბენი უნდა დამუშავდეს თბილი წყლით, ეს ამცირებს ანთებით პროცესს. ისეთი სერიოზული შედეგების, როგორებიცაა ქავილი და ინფექცია, სამკურნალოდ, რეკომენდებულია ანტისეპტიკური ლოსიონი ან მალამო, ანტიჰისტამინური პრეპარატები.
თუკი ადამიანი დაეჭვდება, რომ დაკბენილია სწორედ საწოლის ბაღლინჯოსგან, უნდა გაატაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები – გაირეცხოს თეთრული და პიჟამა ცხელ (72 გრადუს) წყალში, დამუშავდეს საწოლი, მატრასი და კედლები შესაბამისი სამსახურის მიერ, რადგან ბაღლინჯოების მოსაცილებლად აუცილებელია სპეციალური საშუალებების გამოყენება