უნიკალური შემთხვევა მოხდა გუშინ ოლიმპიური და პარალიმპიური სპორტის ისტორიაში – მეუღლეები, გიორგი და ინა ქალდანები ერთ დღეს ორი მედლის მფლობელები გახდნენ. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები საქართველოში მოდის.
ინა ქალდანის ისტორია, ასევე, იმით არის მნიშვნელოვანი და სამაგალითო, რომ ის ტოკიო 2020-ის წინ გახდა დედა და მაშინ, ტოკიოს ვიცე-ჩემპიონობა დამიანე ქალდანს მიუძღვნა
აღსანიშნავია, რომ ინა მეორე ქართველი პარაათლეტი გახდა, ვინც მედლის მოპოვება ორ პარალიმპიადაზე შეძლო და ქალდანებს, ჯამში, უკვე მესამე პარალიმპიური მედალი აქვთ.
მხედველობის პრობლემების გამო ცოლ-ქმარმა წლების წინ გადაინაცვლა პარასპორტში და არაერთი ტიტული მოიპოვა. სწორედ ტატამზე დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია და მალე ქორწინებით დაგვირგვინდა. ინას და გიორგის ერთი ვაჟი, დამიანე ჰყავთ და პირველ რიგში სწორედ მას ეძღვნება მშობლების ყველა წარმატება.
ინას ბავშვის გაჩენის შემდეგ სპორტიდან წასვლა მოუწია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდა, თავდაუზოგავად იშრომა და წარმატებული სპორტსმენი გახდა. წყვილი პირველი არხის სიუჟეტში საუბრობს ოჯახზე, სპორტზე და პატარა დამიანეზე, რომელიც მათი მთავარი მოტივატორია.
სულ ვარჯიშობდი, მაგრამ 17 წლის ვიყავი როცა სკოლა დავამთავრე ჩავაბარე და დრო აღარ მრჩებოდა, თან იმ დროს ვმუშაობდი კიდეც. შემდეგ ოჯახი შევქმენი, გაჩნდა დამიანე. ძალიან ბევრი ვალდებულება იყო, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე რომ ხარ, არის მომენტი როცა ოჯახზეც კი უნდა დახუჭო თვალი. ისევ იმისთვის აკეთებ ამ ყველაფერს, რომ სამომავლოდ ბავშვზე აისახოს წარმატებული მშობლის ყოლა. შეჯიბრებიდან რომ ვბრუნდები, სულ დამიანეს პირველი კითხვა არის, აბა ჩამომიტანე მედალი? გიორგიმ ძიუდოში ჩემზე მეტი იცის, უფრო დახვეწილია და მიხარია ხოლმე, როცა ის ვარჯიშს ესწრება”.
გიორგი ქალდანი:
ინა ნიჭიერი სპორტსმენია, უდიდესი ტალანტი აქვს ამ სპორტში. ვუყურებ და რაღაცებს მისგან მეც ვსწავლობ. შეჯიბრზე ძალიან თავისუფლად გამოდის. საერთოდ არ მოქმედებს მასზე გარემო ფაქტორები. შეჯიბრზე რომ გავდივართ, პირველი მე მიწევს ჭიდაობა ხოლმე და ერთმანეთს სულ ვუყურებთ, თუ მოვიგე მისთვის სტიმულია, თუმცა თუ ვერ მოვიგე, უფრო მოტივირებულია რომ მოიგოს და ასე ვაბალანსებთ ემოციებს”.
გიორგისთვის ტატამი ბედნიერების და ტკივილის ადგილია. წლების წინ სწორედ ტატამზე დიდი ტრაგედიის შემსწრე გახდა, თუმცა ამან მოტივაცია მისცა, რომ მამის მთავარი ოცნება აესრულებინა.
ყველა მიღწეული წარმატება ჩემს თავზე გამარჯვებაა, რაც სულ მახსენებს მამას. ეს რომ ენახა უბედნიერესი ადამიანი იქნებოდა. მეც თავს მის გვერდით ბედნიერად ვიგრძნობდი. ამ თემაზე საუბარიც მიჭირს. პირველ კლასში ვიყავი, როცა მამამ ძიუდოში მიიყვანა. ვიცოდი, რომ მამა სპორტზე იყო შეყვარებული.
ერთად დავდიოდით ვარჯიშზე, მოტივაციას მაძლევდა, ერთ-ერთი შეჯიბრის დროს ფინალში გავედი, ძალიან გაუხარდა და სწორედ მაგ დღეს ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ფინალში რომ გავედი ხელში ამიყვანა, უხაროდა, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და იქვე ტატამზე, ჩემს თვალწინ გული გაუსკდა. ჩემთვის ეს დიდი ტრავმა იყო” – ამბობს გიორგი.
მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ხშირად წყვილს ვარჯიშს და სპორტულ ცხოვრებას უკრძალავენ, არ ნებდებიან, გამოწვევას არ ერიდებიან და წინსვლას აგრძელებენ.
ახლაც კრძალავენ ექიმები ვარჯიშს, მაგრამ ასე ბავშვის გაჩენაც რისკი იყო, მაგრამ უნდა გარისკო. მირჩევნია გავრისკო და რაღაც გაფუჭდეს ვიდრე ვიფიქრო, რომ გამეკეთებინა რა გამოვიდოდა” – ამბობს ინა.