2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტის გათვალისწინებით, ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა იგეგმება.
როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, 1,9 მილიარდი ლარზე მეტია გამოყოფილი.
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში: 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება;
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 400 ლარს გადააჭარბებს;
გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;
120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური დახმარება შეადგენს 200 ლარს;
ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6,3 მილიარდ ლარს;
ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,9 მილიარდი ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიით, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდაა გათვალისწინებული.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაიზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასებიც.
„განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 370,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც: საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება დამატებით 200,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასების სრულად დაფინანსება; გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა; გაიზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები; საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 560 მლნ ლარზე მეტი; საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 180,0 მლნ ლარზე მეტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.