9 თვის ჩვილის დაცვის დროს მოკლული დედა, ბეირუთში ბრძოლისას გარდაცვლილი 8 ისრაელელი სამხედრო და “დიდი შვიდეულის“ საგანგებო მიმართვა – რა ვითარებაა რეგიონში: ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან
ისრაელსა და ჰეზბოლას შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ლიბანელი პოლიტიკოსის, მიშელ ჰელუს განცხადებით, რეგიონი ყოვლისმომცველ ომს უახლოვდება.
New York Times-ი კი ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თელ-ავივს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ როგორ უპასუხოს ირანის თავდასხმას. სავარაუდოდ, სამხედრო პასუხზე გადაწყვეტილება შესაძლოა პარასკევს საღამომდე არ იქნეს მიღებული.
ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნების ინფორმაციით, საჰაერო ძალები გეგმავს, ნავთობის გადამუშავებისა და ნავთობაზების, ასევე სამხედრო ბაზების დაბომბვას, თუმცა არ იგეგმება ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშების მიტანა.
ღამის განმავლობაში ვითარება გამწვავდა ბეირუთში
ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცენტრალური ნაწილი დაბომბა, რის შედეგადაც რვა ისრაელელი სამხედრო დაიღუპა.
სამხრეთ ლიბანში სახმელეთო შეჭრისას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) პირველი სამხედრო მსხვერპლი განიცადა. ჰეზბოლას წინააღმდეგ ინტენსიურ შეტაკებებს რვა ჯარისკაცი ემსხვერპლა.
ისრაელმა განაცხადა, რომ მან ზუსტი საჰაერო დარტყმა განახორციელა ბეირუთზე. Reuters-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ მასიური აფეთქების ხმა გაიგონეს. უსაფრთხოების სამსახურის წყარომ კი სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე ბეირუთის ცენტრში, პარლამენტთან ახლოს მდებარე შენობა იყო.
სამი რაკეტით დაარტყეს ასევე ბეირუთის სამხრეთ ნაწილს, დაჰიეს გარეუბანს, სადაც ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა. ჰეზბოლამ დაადასტურა, რომ ის მონაწილეობდა შეტაკებაში და ამტკიცებს, რომ გაანადგურა ისრაელის სამი ტანკი.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა.
ლიბანის მთავრობის სტატისტიკის თანახმად, ლიბანში 1 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 9 000-ზე მეტი დაიჭრა საზღვრისპირა ბრძოლების დაწყების შემდეგ, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, აქედან უმეტესობა ბოლო ორ კვირაში დაფიქსირდა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნაჯიბ მიქათმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმების გამო, დაახლოებით 1.2 მილიონი ლიბანელი იძულებით გადაადგილდა.
დრონებით თავდასხმა განხორციელდა ისრაელში, ბათ-იამიზე
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქალაქ ბათ-იამიზე ორი დრონის გამოყენებით იერიში განხორციელდა, რის გამოც საჰაერო განგაში გამოცხადდა. თავდაცვის ძალების ცნობით, ერთი დრონი საჰაერო ძალებმა შეაჩერეს, მეორე კი ღია ტერიტორიაზე დაეცა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ებრაელები როშ-ჰაშანას დღესასწაულს, ებრაულ ახალ წელს აღნიშნავდნენ.
“რთულ ომში ვართ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს განადგურებას ცდილობს, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ერთად ვიდგებით“, – ავრცელებს “ტვიტერის” პირად გვერდზე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ქვეყანა დასახულ მიზნებს არ შეცვლის და ისრაელელებს ჩრდილოეთში დააბრუნებენ.
ამასთანავე, ნეთანიაჰუმ ლიბანში ისრაელის გარდაცვლილი რვა სამხედრო მოსამსახურის ოჯახებს მიუსამძიმრა.
“დიდი შვიდეული“ რეგიონში მშვიდი ვითარების შენარჩუნების მომხრეა
ქვეყნები საერთო განცხადებას ავრცელებენ, სადაც მკაცრად დაგმეს ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე და გამოთქვეს იმედი, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტილებების მეშვეობით დეესკალაცია მოხდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა “დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი, თავის მოკავშირეებთან ერთად, უპირობოდ უჭერს მხარს ისრაელს თავდაცვისთვის ბრძოლაში, მაგრამ ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმებს.
ისრაელში ტერორისტულ თავდასხმაზე, რომელსაც 7 ადამიანის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა “ჰამასმა“ აიღო.
ამის შესახებ განცხადებას თავად ტერორისტული დაჯგუფება ავრცელებს. მათი განცხადებით, ტერორისტები, რომლებმაც გუშინდელი თავდასხმა განახორციელეს, ჰებრონის მაცხოვრებლები მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმუნი, “ჰამასის” წევრები იყვნენ.
ცნობისთვის, ქალაქ იაფაში ტერორისტულ თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო კიდევ 16 ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არის – საქართველოს მოქალაქე ილია ნოზაძე.
- .
Nypost-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, თელ-ავივში ტერორისტების სროლას გმირი დედა ემსხვერპლა, რომელიც თავის 9 თვის ჩვილს იცავდა.
“გმირი დედა ტერორისტებმა მოკლეს თელ-ავივში სროლის დროს. ის თავის 9 თვის ჩვილს იცავდა. ინბარ სეგევ-ვიგდერმა შვილის გადარჩენა შეძლო“,- წერს მედია.