მეგი ირემაძემ და გიგა გორაძემ, ბათუმში, ზღვისპირა ქალაქში დაუვიწყარი 500-კაციანი ქორწილი გადაიხადეს. შთამბეჭდავი ღონისძიება განსაკუთრებული სილამაზის ტორტით გამოირჩეოდა – 16 სართულიანი ტორტი, რომელიც პროფესიონალმა კონდიტერმა ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიზუსტით დაამზადა, სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა.
ქორწილი 19 სექტემბერს, ბათუმში „რენესანსში“ შედგა. კონდიტერ ლუიზა ვარშანიძის შრომაზე კი დღეს მთელი საქართველო საუბრობდა, როდესაც სოციალურ ქსელში 16 სართულიანი ტორტის ფოტო გავრცელდა, რომელიც 800 ადამიანზე იყო გათვლილი. საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნებული მეგი გვიყვება, როგორ აისრულა ბავშვობის ოცნება, რომ ქორწილში ყველაზე დიდი ტორტი ჰქონდა…
– მეგი, მეგი თქვენზე მოგვიყევით. სად ცხოვრობთ პროფესიით ვინ ხართ. მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?
– მე ვარ მეგი, ბათუმში ვცხოვრობ, პროფესიით მზარეული ვარ, ჩემი მეუღლეც მზარეულია. გიგა სხვათა შორის ფეისბუქზე გავიცანი. აი, კოვიდობის პერიოდში 4 წლის წინ. 4 წელი და 3 თვე ვიყავით შეყვარებულები და ბოლოს ჩვენი სიყვარული ქორწილით დავაგვირგვინეთ.
– როგორც ვხვდები ეს იყო თქვენი ოცნების ქორწილი, როგორ დაგეგმეთ, ტორტის იდეა როგორ მოგივიდათ?
– ბევრი ფიქრი არ დამჭირდა. ქორწილი საკმაოდ სადა იყო თეთრ და ღია ვარდისფერ ფერებში, მაგრამ, აი, ტორტი და კაბა მინდოდა უზარმაზარი მქონოდა. კაბას რასაც მოვერიე, ის ჩავიცვი. „მონპარში“ შევიძინე და ძალიან კმაყოფილი ვარ. საკმაოდ დიდიც და მძიმეც, მაგრამ ტორტს რაც შეეხება, ვიცოდი, რომ მინდოდა ძალიან დიდი ყოფილიყო. თავად ვხაზავდი, ვხატავდი… ბოლოს სადა დიზაინი შევარჩიე. მიყვარს პეპლები და საბოლოოდ 16 სართულზე გავჩერდით, რადგან მეტის საშუალება საქორწინო დარბაზის ჭერმა არ მოგვცა. 3,80 მეტრი იყო. აუცილებლად მინდა ვისაუბრო კონდიტერ ლუიზა ვარშანიძეზე, რომელიც 1 კვირა ამზადებდა და ბოლო 3 დღე და ღამე ვაწყობდით მე, კონდიტერი და დედაჩემი.
– სოციალურ ქსელში სიმაღლის შემდეგ ყველა ფასით ინტერესდებოდა…
– მოკლედ, ასე ჰაერზე ნამდვილად არ მოსულა და არც მილიონერი ვარ. არადა ყველას ეგრე გონია. ნიშნობაზე უარი ვთქვი, იმის გამო, რომ ტორტის თანხა მქონოდა და დედაჩემი ზედმეტად არ დახარჯულიყო. რადგან ასე გადავწყვიტე, დედამ მითხრა, შენ როგორც გინდა, ისე გავაკეთოთო და მაჩუქა. 10 ათასი ლარი დაჯდა ეს ტორტი თავისი ყველაფრით.
– რამდენი კაცი იყო ქორწილში და რამდენ ხანს ჭრიდით ტორტს?
500 კაციანი ქორწილი გვქონდა. სტუმრებიდან ყველა ჭერში იყურებოდა ჩემი ჩათვლით. ჩვეულებრივად გავჭერით უბრალოთ ვერ გამოვაჩოჩეთ, უმძიმესი იყო. საერთოდ, აჭარაში სახლში სტუმრიანობა რომ ვიცით და სუფრები, ეს ცნობილია, ამიტომ ტორტი ქორწილში ვინც არ იყო, იმათაც შეხვდათ.
– მეგი, მითხარით, რომ მილიონერი არ ვარო, თუმცა თქვენი ქორწილი მართლა ჰგავდა მილიონერების ქორწილს. ულამაზესი კაბა, გრანდიოზული ტორტი, 500 სტუმარი…
– აჭარაში 500 სტუმარი ჩვეულებრივი ამბავია ქორწილში. არ ვიცი როგორ ჰგავდა მაგრამ ნუ რაც იყო, კმაყოფილების ზენიტია ჩემთვის. ეს ჩემი ოცნების ქორწილი იყო, ერთხელაა ცხოვრებაში, მეორედ არ ვაპირებ, ამიტომ მაქსიმალური შევძელით რომ დასამახსოვრებელი ყოფილიყო.
– უარყოფით კომენტარებს როგორ შეხვდით, რასაც სოციალურ ქსელში გიწერდნენ?
ურეაქციოდ. ეს იყო დედას სიურპრიზი, საჩუქრად გამიკეთა და ბავშვობის ოცნების ასრულებაში დამეხმარა, ეს მათთვის ვისაც ჰგონია, რომ ჩემი ოცნება ტორტს ვერ სცდება. და საერთოდ, ყველას თავის ოცნება აქვს, ყველა არ ოცნებობს მანქანებზე და სახლებზე. პატარა ოცნებებიც გვაქვს და გვაბედნიერებს მათი ასრულება