ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემა წონაში კლებასა და კონკრეტული ადამიანების ისტორიებს დაუთმო. მისი ერთ-ერთი სტუმარი იაკო ჭალაგანიძე იყო, რომელმაც 73 კილოგრამი დაიკლო. ის ამბობს, რომ შედეგს 18-საათიანი დიეტის დახმარებით მიაღწია.
– თავიდან139 კილოგრამს ვიწონიდი. ამ წონაზე 4 ლიტრს წყალს ვსვამდი. აქედან 1 ლიტრი გრეიპფრუტიანი იყო, რომელსაც ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპობით ვიღებდი. 18-საათიანი დიეტით დავიკელი. პირველ კვებას დილის 10 საათზე ვიწყებდი. პანდემიის დროს ბაკურიანში ვიყავი, არ იყო არც რესტორანი, არც კაფე, სახლში ვიყავი და ამან ეს პროცესი ძალიან გამიადვილა. რასაც მთელი დღის განმავლობაში ჩემი ოჯახის წევრები ჭამდნენ და მე ძალიან მინდებოდა და არ შემეძლო, რომ მეჭამა, მეორე დღეს, დილის 10 საათზე ვჭამდი. თავად შევიმუშავე გრაფიკი. 4 საათზე ვცდილობდი, რომ ძალიან მცირე ულუფა მიმეღო, ძირითადად ცილები. მაგალითად, კვერცხი, ხორცი – შემწვარიც და მოხარშულიც. არ ვიზღუდავდი თავს. პური, ხაჭაპური არ მენატრებოდა იმიტომ, რომ დილის 10 საათზე ჩემს თავს ვაძლევდი უფლებას, ხაჭაპურიც მეჭამა. რა თქმა უნდა, ყოველდღე არა. არაფრის მონატრება არ მქონდა. ტკბილი რომ მინდებოდა, ჩვეულებრივ, რა შოკოლადიც იყო, იმას ვჭამდი, მაგრამ ადეკვატური ზომებით. 9 თვის მანძილზე იმდენად მოტივირებული ვიყავი, რომ უნდა დამეკლო, რომ არც ერთხელ არ მახსოვს, რომ დიეტა დამერღვია. პანდემიის დროს, წელიწად-ნახევარი ვიყავი ბაკურიანში, მეგობრები ნანახი არ მყავდა და როდესაც თბილისში ჩამოვედი, სრული შოკი ჰქონდათ. ყველას ვეუბნები, ორშაბათს ნუ დაელოდებით. სამშაბათი საღამო იყო, სავარძელში ვიჯექი და ვთქვი, რომ ხვალიდან დიეტას ვიწყებდი. ოთხშაბათ დღეს რომ დავიწყე, 3 კვირაში 9 კილო მქონდა დაკლებული.