სალომე მირიანაშვილი ახლახან ანრი ჯოხაძესთან შესრულებული მოულოდნელი დუეტით გახდა პოპულარული. ანრი მისი ვოკალური შესაძლებლობებით მოიხიბლა, ისევე, როგორც მის კონცერტზე ბათუმში დამსწრე საზოგადოება. სალომე ბათუმელია და თავისი ბენდიც ჰყავს, რომელსაც მისი მეორე ნახევარი ხელმძღვანელობს…
ანრი ჯოხაძის და მისი გულშემატკივრის საოცარი დუეტი
👏👏🎤 „ბრავო! რა გოგოა და რა ხმა ❤️ გამოჩნდი, რაც შეიძლება დიდ სცენაზე!“ – ანრი ჯოხაძის და მისი გულშემატკივრის საოცარი დუეტი ვიდეო: salli_singer #fortunagePosted by Radio Fortuna FM 106,9 on Sunday, October 13, 2024
სალომე მირიანაშვილი ანრი ჯოხაძის კონცერტს იხსენებს fortuna.ge-სთან და გვესაუბრება საკუთარი კარიერისა და სიყვარულის შესახებ…
როგორ აღმოჩნდით ანრის კონცერტზე?
ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით მიწვეულები მე და ჩემი მეუღლე. მიხაროდა, რომ ჩემი საყვარელი ადამიანის დაბადების დღეს ჩემი ფავორიტი მომღერლის კონცერტი დაემთხვა. ასეთი ფუფუნება ბევრჯერ არ მქონია, სულ ორჯერ დავესწარი ანრის კონცერტს, რადგან ბათუმში ვმუშაობ ყოველდღე, დღეში ზოგჯერ სამ ადგილასაც კი ვმღერი ხოლმე, ბენდთან ერთადაც და ცალკეც.
მისი კონცერტის დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი. სცენიდან რომ ჩამოვიდა და მსმენელს მოგვიახლოვდა ჩემთვის ვმღეროდი. შეიძლება, ვიღაც ამ დროს მივიდეს უფრო თამამად, მე კი ასე მოქცევა არ შემიძლია. ეტყობა, გაიგო ჩემი ხმა, მაინც მუსიკოსს სწორად ესმის და წამოვიდა ჩემკენ.
გიცნოთ თუ ვერა?
ვერ მიცნო. მასთან ბევრი საერთო ადამიანი მაკავშირებს, მათ შორის ჩემი ვოკალის მასწავლებელი, რომლის მეგობარიც გახლავთ ქალბატონი რუსუდან ჩხაიძე, ანრის დედა. როცა თბილისში ვცხოვრობდი, ჩემი ვოკალის მასწავლებელი სულ ამბობდა, რუსიკოს და ანრის გავესაუბრები და დუეტი გავაკეთოთო, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ჩვენი კოლაბორაცია. ერთ-ერთ კონცერტზე, სადაც ანრი გამოდიოდა, მეც ვმღეროდი, „პრაიმშოუშიც“ ნამყოფი ვარ, მაშინაც გავახსენე თავი, მაგრამ ალბათ ასე არ დავამახსოვრდებოდი. ანრი ბავშვობიდან ჩემი კერპი იყო, მისი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ, ანრი არის განუმეორებელი ხმა. სულ მინდოდა მასთან დუეტი მემღერა და მის კონცერტზე რამდენიმე ფრაზით მაინც ამიხდა სურვილი.
კონცერტის მერე ხომ არ შეხვედრიხართ ან ხომ არ დაუკავშირდით მას შემდეგ, რაც ვიდეო რადიო „ფორტუნას“ საშუალებით ვირუსულად გავრცელდა?
კონცერტის შემდეგ მასთან არ მქონია შეხვედრა. იმ წუთასვე მის პროდიუსერს ვესაუბრე. ძალიან გაუხარდა, რომ საერთო ნაცნობები აღმოგვაჩნდა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ანტის მე თვითონ მივწერე პირად შეტყობინებაში, დიდი მადლობა გადავუხადე და ჩემი განწყობის შესახებ მოვუყევი, მივწერე, მისი როგორი გულშემატკივარი ვარ. თავადაც მიპასუხა, არ გაჩერდე, არ დანებდეო და ძალიან გამამახნევა.
სალომე, უამრავ მუსიკალურ პროექტში გაქვთ მონაწილეობა მიღებული…
ძალიან ბევრი მუსიკალური პროექტი მაქვს გამოვლილი. 16 წლიდან „ჯეოსტარიდან“ დავიწყე, რომ გავთხოვდი, მაშინაც ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ მხოლოდ პრეკასტინგებითა და კასტინგებით შემოვიფარგლებოდი, შვიდი წელი ვცდილობდი „ჯეოსტარში“ მონაწილეობას, მაგრამ სამწუხაროდ, არ ამიყვანეს… მერე გავედი „ნიჭიერში“, „საქართველოს ვარსკვლავში“, „იქს ფაქტორში“, ამ პროექტებში რამდენჯერმე ვიყავი. თავიდან გულდაწყვეტილი გახლდით, ვფიქრობდი, უსამართლობა იყო მინდოდა, ერთხელ მაინც მოეცათ შანსი, რომ უფრო მეტი გამოცდილება მიმეღო. არასდროს არ მომეცა იმის საშუალება, რომ სცენამდე მივსულიყავი. ერთადერთი „ვოისში“ გამოვედი, როცა ჩემი ვიდეო მოხვდა გლობალზე, პირველად, საქართველოს მუსიკალური პროექტების ისტორიაში, მაგრამ მერე რინგიდან გამომიშვეს და წავედი ბათუმში. ჩემი ქალაქია, უზომოდ მიყვარს, ძალიან დამაფასა ჩემმა ქალაქმა, სახელმწიფო კონცერტებშიც ვმონაწილეობ, მერიის კონცერტებზეც, კერძო ღონისძიებებშიც მიწვევენ, ახლახან დავით მაზანაშვილმა თავად აგვარჩია მომღერლები, ეს ქალაქი საუკეთესო მომღერლებითაა სავსე, ბედნიერი ვიყავი მაესტროს დიდი არჩევანით, მის ორკესტრთან ვიმღერე გოგი ცაბაძის საიუბილეო საღამოზე, მორის მელაძესთან ერთად, ძალიან საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის, მაგრამ კარგად გავართვი თავი.
ბენდთან ერთად რაზე მუშაობთ?
მაქვს ჩემი საავტორო ბენდი, სიმღერების წერა თავადაც დავიწყე, მეუღლეც კომპოზიტორია, თამაზ წივწივაძე, მის სიმღერებზეც ვმუშაობთ. ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ბიჭია, იმხელა მოტივაციას მაძლევს, უფრო მეტი ძალა მომცა ცხოვრებაში. ვფიქრობ, ერთად უფრო მალე დიდ სათქმელს ვიტყვით.
ასევე ვარ მეორე ბენდშიც, რომელსაც ხელმძღვანელობს ჩემი მეგობარი, სოფო ნიკოლაიშვილი. ეს ქავერ ბენდი გახლავთ, სადაც პოპულარული სიმღერების ჩვენეულ ვერსიებს ვასრულებთ.
პირველი ქორწინებიდან ორი შვილი გყავთ. მეორე ქორწინების შესახებ ახლახან დაწერე, რომ თქვენი ერთად ყოფნა ბევრს არ უხარია. რას გულისხმობდით ამაში?
ახლა მეორე ქორწინებაში ვარ. გამოვიარეთ ძალიან ბევრი განსაცდელი, თუმცა ამაზე ვრცლად საუბარი არ მინდა. დღეს ძალიან ძლიერები ვართ და დიდი შემართებით გვაქვს დასახული დიდი გეგმები.
ჩემი ქალიშვილები, ბარბარე და ანასტასია, 12 და 11 წლის არიან. ჩემი მეუღლე ძალიან უყვართ ჩემს შვილებს, ჩემს მეუღლეს კი ისინი საკუთარი შვილებივით უყვარს. სულ ამბობს, ჩემი ოჯახი, ცოლ-შვილიო, ბარბარე და ანასტასია საკუთარი შვილებივით მიიღო, მესამე შვილსაც ვაპირებთ, რა თქმა უნდა, სამომავლოდ…
გეგმებზე უფრო მეტს გვეტყვით?
მასშტაბური გეგმები გვაქვს, მინდა, კიდევ ერთმა ქართველმა მომღერალმა გააცნოს საქართველო მთელ მსოფლიოს. ეს აუცილებლად მოხდება… ჯერჯერობით არ ვთვლი საკუთარ თავს საკმარისად მომზადებულად, კიდევ რაღაცები მაქვს გასაკეთებელი და ეტაპები გასასვლელი, რომ იქ მივიდე. ახლა ვმუშაობთ ჩემი მეუღლის საავტორო სიმღერაზე, რომელსაც მსმენელს მალე წარვუდგენთ…
ინტერვიუ: ნინო მურღულია