საუდის არაბეთის მეფეს 20 წელი ჰყავდა დაპატიმრებული ქალიშვილები. პრინცესებს აშიმშილებდნენ და ნარკოტიკებით აბრუებდნენ. ორი მათგანი ტყვეობას ემსხვერპლა… – მეფის ექიმის მოულოდნელი აღიარება

აბდალა იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდის ტყვეობაში მისი ოთხი ქალიშვილი იყო, რომელთაც “საუდელ რაპუნცელებს” უწოდებდნენ. 2021 წელს ორი პრინცესა შიმშილისა და დაუძლურებისგან, გარდაიცვალა, ორი მათგანის ბედი კი დღემდე უცნობია…

1995 წელს ამერიკელი დუაიტ ბედრიკი ქალაქ მაკ-ალენში (ტეხასის შტატი) სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობდა და შემთხვევით ნახა უჩვეულო განცხადება სამედიცინო ჟურნალში, ვაკანსიების განყოფილებაში. ეძებდნენ ორი ახალგაზრდა მედიკოსის მასწავლებელს ერ-რიადში, მეფე ფეისალის სახელობის ცენტრში. ეს ჰოსპიტალი ცენტრალურ კლინიკად მიიჩნეოდა საუდის არაბეთში და დუაიტ ბედრიკი მიხვდა, რომ იქ მკურნალობდნენ მმართველი ოჯახის წევრები. გაგზავნა განცხადება, გაიარა გასაუბრება და მიიღო თანამდებობა გამოსაცდელი ვადით. იმ დროისთვის ბედრიკი 50 წლის იყო, ფიზიკურად და მორალურად გადამწვარი სასწრაფოში მუშაობით, ძალადობის და ათასგვარი სხვა რამის ყურებით, ამიტომ ეს პერსპექტივა უფრო მოეწონა.

მალევე ჩავიდა ერ-რიადში. ქვეყანაში მედიცინა ჯერ კიდევ არ იყო უმაღლეს დონეზე, თუმცა სწრაფად ვითარდებოდა და ამ სფეროში საკმაოდ დიდი თანხები იდებოდა ბიუჯეტიდან. ბედრიკს უახლესი ტექნოლოგიები დახვდა და დიდი ენთუზიაზმით შეუდგა საქმიანობას.

2005 წელს საუდის არაბეთის ხელისუფლებაში აბდალა იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი მოვიდა. მაშინ ის 80 წლამდე ასაკის იყო (ზუსტი ასაკი გასაიდუმლოებულია). ცხოვრების დიდი ნაწილი სიგარეტზე იყო დამოკიდებული, ამიტომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. გულის მორიგი შეტევის შემდეგ ბედრიკი მას მიამაგრეს, როგორც პირადი ექიმი, სულ მალე დუაიტი მთელი სამეფო სამედიცინო სერვისის მეთაური გახდა: მას დაავალეს მედდების შტატის, ღამის მორიგეების აყვანა და ასევე დაწვრილებითი გეგმის შემუშვება ნებისმიერი კრიზისის თავიდან ასაცილებლად, რაც მონარქის ჯანმრთელობასთან იქნებოდა დაკავშირებული. მეფის ყველა სასახლეში იყო რამდენიმე სამედიცინო ოთახი, ასევე ყველა იახტაზე. თუ აბდალა მოულოდნელად ცუდად გახდებოდა, 15 წამში მის გვერდით უნდა გაჩენილიყო ექიმი. აბდალას ემსახურებოდა ასევე რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა, სპორტული მანქანის ძრავით აღჭურვილი.

387x600-1-d40029325c270efe909725da8f0da61c2084x3230-0xns4vwg2i-9643692398283843761-1728717311.jpg

“ფულს არ აქვს მნიშვნელობა”, – უმეორებდნენ დუაიტ ბედრიკს სასახლეში და მეფეს მართლაც უამრავი ფული ჰქონდა.

დატყვევებული პრინცესები

დუაიტი თვით მეფის და მისი რამდენიმე ცოლის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. ისეთი ნდობით სარგებლობდა, რომ დაუკაკუნებლად შედიოდა მეფის პირად აპარტამენტებში.

ერთხელაც ექიმს უჩვეულო დავალება მისცეს – მოეცილებინა თავიდან “კრიზისი”, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის ერთ-ერთ ქალიშვილს, პრინცესა ჰალას უკავშირდებოდა. აბდალას, გავრცელებული ცნობებით, 38 შვილი ჰყავდა სხვადასხვა ქალისგან. ბედრიკს მიანიშნეს, რომ ჰალა ფსიქიკურად შეუვალი იყო და მისთვის სედატიური პრეპარატის დიდი დოზა უნდა შეეყვანა. როცა დუაიტი ჰალას სახლში შევიდა, გოგონა სამზარეულოს დანით ხელში იდგა და ყველას ემუქრებოდა, ვინც მისკენ დაიძრებოდა. ექიმს დიდი გამოცდილება ჰქონდა ამერიკის სასწრაფოში მუშაობისას, ამიტომ იოლად მოახერხა მშვიდი საუბრით, გოგონასთვის დანის დაგდება ეიძულებინა, თუმცა მასთან მიახლოების უფლება მაინც არ მისცა, შენ უბრალო ადამიანი ხარ, მე კი მეფის შვილიო – იმეორებდა ჰალა. ის კი შეძლო, რომ ჰალას ნდობა მოიპოვა და გოგონამ გაუმხილა ყველაფერი.

ჰალამ უამბო, რომ ის და მისი სამი და მამას დატყვევებული ჰყავდა და მხოლოდ იშვიათად აძლევდნენ გარეთ გასვლის უფლებას, ისიც – დაცვის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

728x557-1-2198297b451b4ded75e9775af137a39e900x688-0xt6zgwfui-2826283739966535550-1728717635.jpg
მეფე და მისი ოთხი ქალიშვილი

ექიმის არჩევანი

მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ საუდის არაბეთში ქალებს მძიმე ცხოვრება აქვთ, თუმცა აბდალა ბევრს მიაჩნდა სამართლიან და ბრძენ მმართველად, მათ შორის – ამერიკელ ექიმსაც. თავის ქვეშევრდომებს მეფე ნებას რთავდა, სასახლეში მისულიყვნენ, სადაც ატარებდა მათთან შეხვედრებს. ცდილობდა, ყველას სურვილი გაეთვალისწინებინა და ქალებსაც სხვა მმართველებზე უკეთ ექცეოდა. სწორედ ამიტომ, ის, რასაც აბდალა საკუთარ ქალიშვილებს უკეთებდა, დუაიტ ბედრიკს აოცებდა. როცა მან პრინცესების სამედიცინო ისტორია გამოითხოვა, აღმოჩნდა, რომ მათ წლობით აბრუებდნენ ძლიერი სედატიური საშუალებებით, რომლებიც გონებას უბინდავდა, ასევე პრინცესებს განუსაზღვრელი რაოდენობით აწვდიდნენ ნარკოტიკს და ალკოჰოლს.

450x600-1-56e8290ec1c0b2ce23c30fab0679ea191100x1467-0xrdngsfji-5401096816267621451-1728717635.jpg
პრინცესები იშვიათი ფოტო

ახლა მათთვის ნემსები ბედრიკს უნდა გაეკეთებინა, რაც მას სამედიცინო ეთიკის დარღვევად მიაჩნდა. მეორე მხრივ, ექიმს ესმოდა – თუ ამ საქმეზე უარს იტყოდა, მალევე მოუძებნიდნენ შემცვლელს და ამ სიტუაციას ის ვერანაირად ვერ გამოასწორებდა. პრეპარატების გადაცვლაც არ შეეძლო: მათ უკვე გამოეწვიათ მიჩვევა და მკვეთრი შეწყვეტა ლეტალურ გამოსავალს გამოიწვევდა.

მედიკოსი მეფის ბრძანების უგულებელყოფას ვერ შეძლებდა ასევე იმის გამო, რომ აშშ-დან წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე მის ცოლს ავთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს. ექიმების პროგნოზები საკმაოდ სავალალო იყო, თუმცა საუდის არაბეთში ქალს სამეფო დონეზე მკურნალობდნენ. ცოლ-ქმარს მისცეს შესანიშნავი ბინა, უსრულებდნენ ყველა სურვილს და მოთხოვნას, მერე მათ ისლამიც კი მიიღეს, რომ წმინდა ადგილებზე ემოგზაურათ. ასეთი მდგომარეობის დაკარგვა ბედრიკს არ სურდა.

728x525-1-b01af11e6f989e73d4f5516f583292194233x3055-0xhwqqwegi-5459316308748745139-1728717635.jpg

სასახლიდან გალიაში

ტყვეობაში მეფის ოთხი ქალიშვილი იყო – ჰალა და მაჰა ცალ-ცალკე სახლებში ჰყავდათ დაპატიმრებული, საჰარი და ჯავახირი – ერთად… გარკვეულ დრომდე გოგონები ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ – მოგზაურობდნენ, იახტებით სეირნობდნენ, თხილამურებზე იდგნენ, შოპინგობდნენ ბრენდულ ბუტიკებში, დაფრინავდნენ კერძო თვითმფრინავებით და განათლებას იღებდნენ. ბუნებით ბუნტისთავები იყვნენ – რამდენჯერმე მამის პოლიტიკური გადაწყვეტილებები საჯაროდ გააკრიტიკეს, თუმცა არავინ პასუხს არ სთხოვდათ. ყველაფერი კი მას მერე შეიცვალა, რაც აბდალა მათ დედაზე, ალანუდ ალფაიეზზე განრისხდა, რომელსაც მისთვის ვაჟის გაჩენა არ შეეძლო. 2003 წელს ქალი ქმარს ლონდონში გაექცა იმ იმედით, რომ დიდ ბრიტანეთში ქალიშვილებსაც გაიყვანდა, თუმცა ეს ვერ შეძლო. ალანუდმა რამდენიმე წერილი მისწერა გაეროს, აუხსნა საკუთარი ოჯახური მდგომარეობა, თუმცა დახმარება ვერავინ აღმოუჩინა. მალე კი სულ გაწყვიტა კავშირი ქალიშვილებთან.

728x410-1-3a74224fda80c226d115995bfe485c6c1600x900-0xapedbobi-4439268530870997524-1728717635.jpg
არაბი პრინცესები

გოგონების დატყვევება მეფის შურისძიება იყო ცოლზე და სრულიად დაანგრია მათი ცხოვრება. ჰალა კლინიკურ ფსიქოლოგობაზე ოცნებობდა, საჰარი – უფლებების დამცველობაზე. მუდმივი ფსიქოტროპული საშუალებების მიღების შედეგად გოგონებმა მალე სრულიად დაკარგეს კავშირი რეალობასთან. თავდაპირველად ოთხივე და (რომელთაც მეფე რაპუნცელებს ეძახდა, კოშკში გამოკეტილი ზღაპრული პრინცესას გამო) ერთ სახლში ცხოვრობდა და იქ ჰყავდათ გამოკეტილი. თუმცა შემდეგ მუდმივად ერთად ცხოვრების და პრეპარატების ზემოქმედების გამო ერთმანეთთან ჩხუბი დაიწყეს, თავდასხმებიც კი და კინაღამ სახლი გადაწვეს. შემდეგ ისინი გადაანაწილეს სხვადასხვა ბინაში. გამოღწევის შანსი მხოლოდ ჰალას გაუჩნდა ერთადერთხელ – მამამ შესთავაზა, რომ გაათხოვებდა “ნორმალურ მუსლიმზე”, თუმცა ჰალამ უარი თქვა. ამის მერე კარი სამუდამოდ ჩაიკეტა.

დაპატიმრებული გოგონების შესახებ ისევ დუაიტ ბედრიკმა აცნობა საზოგადოებას წლების შემდეგ. გოგონების სახლები წითელი ზღვის სანაპიროზე იყო და გოგონები იძულებული იყვნენ, თავად მოეპოვებინათ საკვები – სხვა საკვებს არ აწვდიდნენ. პირდაპირ ფანჯრებიდან იჭერდნენ თევზს და ზღვის წყალსაც ხელნაკეთი მოწყობილობით მოიპოვებდნენ და ფილტრავდნენ. მწირი რაციონის გამო გოგონებს ანორექსია განუვითარდათ, მიკროელემენტების ნაკლებობის გამო ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ. მდგომარეობას პრეპარატების მუდმივი მიღებაც ართულებდა. მათი ერთადერთი მეგობრები ძაღლები იყვნენ, მაგრამ ისინიც მალე დაიხოცნენ შიმშილით.

უარის მიუხედავად, ჰალა მაინც ყველაზე მეტად “უყვარდა” მამას. ერთ დაბადების დღეზე ბენტლი უყიდა და გოგონა სახლის გარშემო, ეზოში დასეირნობდა ბენტლით, თან იტალიაზე ოცნებობდა. მთელ ხმაზე ჰქონდა ჩართული იტალიური სიმღერები და საკუთარ სამყაროში იყო. მოგვიანებით ექიმი იხსენებდა, რომ გოგონები ყოველთვის მთვრალები იყვნენ და სულ ბოთლი ეჭირათ ხელში. მათ გამუდმებით ადევნებდნენ თვალს ყველგან დამონტაჟებული კამერებით. განსაკუთრებით დამძიმდა მათი პირობები მას მერე, რაც ერთხელ გოგონებმა დედის მეშვეობით ჟურნალისტებთან დაკავშირება შეძლეს და ინტერვიუ მისცეს, სადაც თავს ტყვეები უწოდეს. თუმცა მათი გათავისუფლება ვერავინ შეძლო. ქვეყნის წარმომადგენლები იმეორებდნენ, რომ ეს სამეფო ოჯახის პირადი საქმე იყო. სამაგიეროდ, მეფე განრისხდა და ამ ფაქტის შემდეგ აღარც გამოუშვია გოგონები იქიდან.

“მე განვაგრძობდი ტრანკვილიზატორების გამოწერას, ეს იყო ჩემი ეთიკური კომპრომისი, რომ მათთან კავშირი შემენარჩუნებინა… ორ ცეცხლშუა ვიყავი”, – იხსენებს ახლა ექიმი.

ბედრიკი ჰალას განსაკუთრებით დაუმეგობრდა. მისი თქმით, ის ჭკვიანი, სპორტული და აქტიური გოგონა იყო, დიდი პოტენციალი ჰქონდა. მეცნიერებაშიც ერკვეოდა ერთ დროს. თუმცა პრეპარატებმა ბოლოს მთლიანად წაშალა მისი პიროვნება. სხვა დებს ექიმი უფრო იშვიათად ხედავდა. მას სულ ჰქონდა იმედი, რომ ერთხელ დაეხმარებოდა გოგონებს. დამატებით ნარკოლოგიაშიც კი გაერკვა და რამდენჯერმე მოთხოვნაც დაწერა, რომ დები საზღვარგარეთ გაეშვათ სამკურნალოდ. თუმცა მეფის ადმინისტრაციამ უარყო მისი თხოვნა და ამცნეს, რომ დები არასდროს დატოვებდნენ საუდის არაბეთს.

გოგონების სახლს არავინ უვლიდა. მალე გაუჩნდა ობი, გაჩნდნენ ვირთხები, მწერები. გოგონები ყვებოდნენ, რომ პერიოდულად მათთან სამხედროები მიდიოდნენ და სჯიდნენ სხვადასხვა “ურჩობისთვის” – ამათრახებდნენ. ამასობაში გოგონების დედა განუწყვეტლივ პიკეტებს აწყობდა ლონდონში, თუმცა ვერაფერს მიაღწია…

16fb0f83a975858f3d30901942d6e2c4-1728721662.jpg
ალანუზი ქალიშვილებთან ერთად

2015 წელს აბდალა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეფე მოჰამედ იბნ სალმან ალ საუდი გახდა, თუმცა პრინცესების გათავისუფლების ბრძანება არ გაცემულა…

როცა მიხვდა, რომ ვერაფერს ცვლიდა, აბდალას გარდაცვალების შემდეგ ექიმი ცოლთან ერთად ქვეყნიდან წამოვიდა და აშშ-ში დაბრუნდა. წამოსვლის წინ ჰალას წერილი დაუტოვა, თუმცა დღესაც არ იცის, გადასცეს თუ არა მას ეს წერილი: “ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან დროის გატარება. ბევრი რამ გამახსენებს თქვენს თავს – მუსიკა, კინო, ლიტერატურა, ხელოვნება, სპორტი, სილამაზე, ახალგაზრდობა, ეს ყველაფერი და ბევრი სხვა რამ, მთელი ცხოვრება მემახსოვრება”…

შექმნილი მდგომარეობის გამო ექიმს სერიოზული დეპრესია დეწყო, გამუდმებით უმეორებდა ცოლს, რომ დამარცხდა. რამდენიმე წელი დებზე არაფერი იყო ცნობილი. 2021 წელს კი ბერდიკმა მათზე შეიტყო, რომ ჰალა 45 წლისა გარდაიცვალა “ქრონიკული დაავადებით”, სინამდვილეში კი – შიმშილით. ექვს თვეში მეორე და გარდაიცვალა – მახა. საჰარისა და ჯავახირის ბედი დღემდე უცნობია.

მომხდარის შესახებ მოყოლა კი დუაიტმა სულ ახლახან შეძლო, The New Yorker-თან ინტერვიუში. ჟურნალისტმა ექიმი ასე აღწერა: ჭაღარაწვერა პაციფისტი. ახლა ბედრიკი 83 წლისაა და მის ნაამბობს სასახლის ზოგიერთი თანამშრომელიც ადასტურებს.

“აბდალა ერთ დროს იყო ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემდი. ის იყო ახლო აღმოსავლეთში ქალების დიდი იმედი. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შეათავსო იმასთან, რომ ოთხი ქალიშვილი ოცი წელი დაატყვევა და წარმოუდგენელ წამებაში ჰყავდა?” – ამბობს ექიმი.

“მე დავბერდი და მალე მოვკვდები. მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ რაც შემეძლო, გავაკეთე”….