ცოლზე რომ შური ეძია, მამამ ქალიშვილს სხეულში ვერცხლისწყალი შეუყვანა: „იცოდა, რომ ვერცხლისწყალი ნელა კლავს და ბავშვის წამებით დედის ტანჯვა  უნდოდა“

გერმანელ მამაკაცს ერთი წლის შვილის მკვლელობის მცდელობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

მან, საკუთარ შვილს, ერთი წლის გოგონას ფეხში ვერცხლისწყლის ინექცია გაუკეთა. ამით ყოფილ ცოლზე შურისძიება უნდოდა.

ჰანოვერის მახლობლად მდებარე ქალაქ სპრინგის 30 წლის მცხოვრებმა გადაწყვიტა შური ეძია ყოფილ პარტნიორზე, რომელმაც იგი საერთო შვილის დაბადებიდან მალევე მიატოვა. კაცმა თხევადი ვერცხლისწყალი იყიდა და შპრიცში მოათავსა. ახალ შეყვარებულთან ერთად ის ქალიშვილის სანახავად მივიდა და ბავშვს ჩუმად ფეხში ვერცხლისწყალი გაუკეთა. სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, მამაკაცმა იცოდა, რომ ვერცხლისწყალი მაშინვე არ კლავს და სურდა, ბავშვისთვის მაქსიმალური ტკივილი მიეყენებინა, ამით კი დედამისი გატანჯულიყო.

ვერცხლისწყლის ინექციის შემდეგ გოგონას ფეხის ძლიერი ანთება განუვითარდა და მთელ სხეულში გამონაყარი გაჩნდა. ვერცხლისწყალი შემთხვევით მესამე ოპერაციის დროს აღმოაჩინეს, რომელიც ბრალდებულის შვილის მდგომარეობის გაუარესების გამო ჩატარდა.

თავდაპირველად, მამაკაცმა და მისმა შეყვარებულმა უარყვეს დანაშაული. თუმცა, სასამართლო პროცესის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, აღიარეს, რომ ერთად გაუკეთეს ვერცხლისწყალი გოგონას მარჯვენა ფეხსა და მარცხენა კოჭში. სასამართლომ მამას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის შეყვარებულს კი 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.