ჩვენი პლანეტა გვაოცებს ფლორის მრავალფეროვნებით, ზოგიერთი მცენარე და მისი შესაძლებლობები კი ადამიანის ფანტაზიას ცდება.
სამწუხაროდ, მშვენიერი მცენარეების გარდა არსებობს მცენარეები, რომლებიც შთაბეჭდილებას ახდენენ არა სილამაზით, არამედ თვისებებით და შედეგებით, რომელსაც თან ახლავს საშინელი ტკივილი და სიკვდილიც კი.
ეს სახიფათოა
ჭინჭრის ხე მსოფლიოში ფლორის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ წარმომადგენლად არის აღიარებული. ავსტრალიაში იგი მკვლელ მცენარედ ითვლება. ვიზუალურად დიდ გაშლილ ბუჩქს ჰგავს, რომლის ფოთლები გულის მსგავსია, ნაყოფი კი თუთის კენკრას მიუგავს. დანახვისას წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რომ შეიძლება სახიფათო იყოს, მაგრამ სინამდვილეში ასეა.
მისიღერო, ფოთლები და კენკრა მჭიდროდაა დაფარული წვრილი ბუსუსებით, ისევე როგორც ჭინჭარი, თუმცა შეხების შემთხვევაში ბევრად სერიოზული შედეგებია მოსალოდნელი. საქმე ის გახლავთ, რომ ჭინჭრის ხის ბუსუსები შეიცავს ძლიერ ტოქსინს, რომელსაც შეუძლია საშინელი ტკივილის გამოწვევა. კვინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ აღნიშნული ტოქსინი ობობებისა და კონუსის ფორმის ლოკოკინების შხამების იდენტურია, რაც იწვევს საშინელ ტკივილს, ის შეიძლება შევადაროთ დამწვრობის ან ელექტროშოკის დროს მიღებულ ტკივილს. უფრო მეტიც, თუ ჭინჭრის დასუსხვის შედეგად ტკივილი რამდენიმე წუთში გაივლის, ჭინჭრის ხის შეხებით გამოწვეული ტკივილი შეიძლება მრავალი საათისა და თვეების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს.
რაც შეეხება დამწვრობის ადგილს, ის საკმაოდ სპეციფიკურად გამოიყურება: თავიდან სიწითლე მოგვიანებით ერთ დიდ წითელ ლაქად გადაიქცევა. მცენარესთან შეხებით გამოწვეული ტკივილის გამო ყოველწლიურად ბევრი ცხოველი იღუპება.
ხალხმა ამ მცენარის სახიფათო თვისებების შესახებ მე-19 საუკუნეშიც შეიტყო. 1866 წელს მცენარემ გზის ინსპექტორ მაკმილანის ცხენი დასუსხა. მისი განცხადებით, ცხოველი რამდენიმე საათის განმავლობაში იტანჯებოდა საშინელი ტკივილით, შემდეგ კი დაიღუპა. ეს იყო ჭინჭრის ხისგან მიღებული დამწვრობის შედეგადა დაღუპვის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, რომელიც ოფიციალურად დადასტურდა.
მცენარესთან შეხებით ადამიანებიც დაზარალდნენ. 2023 წლის გაზაფხულზე ავსტრალიის ერთ-ერთი მკვიდრი ველოსიპედით სეირნობდა, თუმცა შემთხვევით კონტინენტის ყველაზე საშიშ მცენარეს შეეჩეხა, მასზე დაეცა. ექიმებმა მას ტკივილგამაყუჩებლები გაუკეთეს და სხეულის დაზიანებულ ნაწილებზე გახურებული საფენები დაადეს, თუმცა ამან არ უშველა: ცხრა თვის შემდეგაც კი ქალი პერიოდულად გრძნობს ტკივილს დაზიანებულ ადგილებში.