ბელა ალანიას “უცნობი მხარე”👇
– ვინ არის ბელა ალანია?
ბელა ალანია: ადამიანი, რომელსაც დედამიწის ზურგზე არავინ სძულს. ადამიანი, რომელსაც უნდა და ცდილობს, სიკეთისთვის დაიხარჯოს.
– თქვენი საოცნებო ცხოვრება როგორია?
– ჩემი სამშობლოს უკეთეს მდგომარეობაში ხილვა. როდესაც შემეძლება, თავისუფლად ჩავიდე ჩემს სოხუმსა და ცხინვალში. ეს იქნება ჩემთვის ბედნიერება. გარდა ამისა, მინდა, ვნახო სოციალური თანასწორობა, ქუჩაში ხელგამოწვდილი ადამიანები არ გვხვდებოდნენ. მინდა, ისეთი ქვეყანა გვქონდეს, სადაც ღარიბი დაცული იქნება, მდიდრისთვის კი უხერხული იქნება ცხოვრება ქველმოქმედების გარეშე. როცა ჩვენი ცნობიერება ისე ამაღლდება, რომ სიკეთის კეთება იქნება შინაგანი მრწამსი, რის გარეშეც ადამიანს ცხოვრება არ შეეძლება. მინდა, ასეთი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება და ერთიანი, ძლიერი საქართველო გვქონდეს.
– გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ამას წინათ ვამბობდი, ალბათ, ჩემი გულჩვილობა ასაკის მატებასთან არის დაკავშირებული-მეთქი და მეგობარმა, რომელიც ბაღის ასაკიდან მიცნობს, მითხრა, შენ ყოველთვის ასეთი იყავიო. ხშირად ვცდილობ, არ შემეტყოს, მაგრამ ძალიან გულჩვილი ვარ და მგონი, ამაში კარგი არაფერია. ირგვლივ ბევრი რამ არის, რაზეც ვღელავ. შემიძლია, ძალიან ჩუმად ვიტირო. ჩემთვის არ არსებობს „სხვისი ტკივილი“. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ახლა თავს ვიწონებ ან ვთამაშობ, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, რომ მტკივა სხვისი ტკივილი, სხვისი გაჭირვება. ხშირად უცნობი ადამიანების გარდაცვალებაზე ცხარედ მიტირია. ჩემი ქართველები დამნანებია. მე ეს ემოციები ჩემში მაქვს, არავის ვაწუხებ. ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი ვარ, თავს კარგად ვმართავ.
– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო სიხარულის თუ ტკივილიანი ცრემლებით?
– ჩვენმა ფეხბურთელებმა რომ გაიმარჯვეს, მაშინ სიხარულის ცრემლებით ვტიროდი. ბოლოს ვიტირე ერთი უსახლკარო გოგონას გარდაცვალებაზე, რომელსაც მანქანამ დაარტყა. ეს სულის შემძვრელი იყო.
– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?
– ძალიან კარგი იქნებოდა (იცინის). იმდენი კარგი პროექტია, იმდენი სასარგებლო ღონისძიების ჩატარება და ერის გაერთიანება შეიძლება, რომ ქვეყანა ახალ ტალღაზე დასვა. ასე მგონია, რომ ფეხით შემოვივლიდი საქართველოს. უმწეო ადამიანებთან, დავრდომილებთან, ახალდაქორწინებულებთან მივიდოდი და უამრავ ადამიანს გავახარებდი. თუმცა, ერთი ანდაზაა „მეთევზეს თევზის ჭერა უნდა ასწავლო და არა თევზი აჩუქოო“, მე მომწონს ეს მიდგომა და შევეცდებოდი, ამ იდეით მემოქმედა. პირველ რიგში, სოციალურად დაუცველებს მივეხმარებოდი. ჩემთვის ეს სტატუსი სულის შემძვრელია.
გიოცნებიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოფილიყავით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი?
– არ მიფიქრია ამაზე. ინგლისსა და ამერიკაში რომ იბადება ადამიანი, ალბათ, იქიდან უფრო მარტივია სახელის საქვეყნოდ განთქმა, მაგრამ საქართველოში მასშტაბები იმდენად მცირეა, ძალიან რთულია, აქედან რომ მსოფლიოში სახელი გაითქვა. თუმცა, მე ამის ამბიცია არასდროს მქონია.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?
– ალბათ, ის, რომ ძალიან ვენდობოდი ადამიანებს. არ ვიცი, ცუდი იყო თუ კარგი, მაგრამ ადამიანებს ყოველთვის ვაძლევდი შანსს, უკეთესები ყოფილიყვნენ. თუ ვიცოდი, რომ შურიანი იყო, მტრული განწყობა ჰქონდა და ზურგსუ კან ცუდის გაკეთება შეეძლო, ამას არ ვიმჩნევდი. მეგონა, რომ წუთიერი სისუსტე იყო და გაუვლიდა. ამით ვზარალდებოდი, ხშირად მტკიოდა გული. ყველასთან არა, მაგრამ ბევრთან გაამართლა ამ მიდგომამ. წლები რომ გადიოდა, ეს ადამიანები მიბრუნდებოდნენ და უკვე გრძნობდნენ, რომ მე არ შემიძლია შურისძიება, ცუდის თქმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად ვიცოდი. ვიცოდი, მაგრამ ეს არასდროს მიგრძნობინებია.
ვნანობ-მეთქი, მე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ვიტყვი, რას ვისურვებდი – ძალიან არ მინდოდა, შალვა პოლიტიკაში ყოფილიყო, მაგრამ მე რომ მისი ცოლი გავხდი, ის უკვე ამ საქმეში იყო. არ მეგონა, თუ ამ სფეროში ამდენი ტკივილი და უსამართლობა იქნებოდა. სულ ვნანობ, რომ შალვა პოლიტიკაშია. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო ან შალვას რომ შეძლებოდა ჩემი აზრის გათვალისწინება, ალბათ, ეს ასე არ იქნებოდა. მისმა პოლიტიკაში ყოფნამ ძალიან მატკინა გული და არაერთხელ. დაძაბული ვცხოვრობდით მაშინ, როცა არაფერი დაგვიშავებია.
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?
– ტყუილი ტყუილია, მაგრამ ისეთი რამ არ უნდა მოიტყუო, რაც მართლა მძიმე აღმოჩნდება სხვისთვის. ადამიანს არ უნდა დააბრალო, რაც არ გაუკეთებია, ცილი არ უნდა დასწამო და ასე შემდეგ, თუმცა, ყველანი ადამიანები ვართ და არის ისეთი წვრილმანი ტყუილები, როგორიც ყველას გვითქვამს. მაგალითად, თუ სადმე ვერ მიდიხარ და თბილისში არყოფნას იმიზეზებ (იცინის). სამწუხაროდ, თუ ასეთ რამეს ვიტყვი, ორ–სამ დღეში მავიწყდება და მერე შეიძლება, უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდე (იცინის). რადგან ვიცნობ ჩემს თავს, უკვე ასეთი წვრილმანი ტყუილების თქმაც არ შემიძლია. ძალიან მალე ვიშიფრები (იცინის). ჯობს, არც მოვიტყუოთ და არც მოგვატყუონ, ვიყოთ ისეთები როგორებიც ვართ.
– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ…
– ერთხელ მე და შალვა მოსკოვში უნდა შევხვედროდით და თეატრში წავსულიყავით. მაშინ მობილურები არ იყო. ვდგავარ, ველოდები და არა და არ მოდის. წარმოიდგინეთ, როგორი შეურაცხყოფილი ვიქნებოდი. მერე ვიფიქრე, რომ ადგილი შემეშალა და სხვა ადგილას გადავინაცვლე, მაგრამ არც იქ გამოჩნდა. ბოლოს სახლში წამოვედი. მოგვიანებით, სახლის ტელეფონზე დამირეკა და მითხრა, რომ სასტუმროს ფანჯრის დაკეტვის დროს ხელი ჩაყოლია. საშინელ მდგომარეობაში ყოფილა და საავადმყოფოში გაქცეულა. მეორე დღეს რომ შევხვდი, ვნახე, რა დღეში ჰქონდა ხელი. მე კიდევ ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რა აღარ ვიფიქრე (იცინის). საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ამ გაუგებრობას ჩვენი ურთიერთობისთვის ხელი არ შეუშლია (იცინის).