ლონდონის უაიტფილდის სკოლაში აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს საათობით იზოლირებულ ოთახებში ამწყვდევდნენ და სცემდნენ – დანაშაულის ამსახველი კადრები bbc-მ მოიპოვა. ჩანაწერების მიხედვით, სკოლის პერსონალი მხოლოდ ერთხელ ჩაერია, როცა ჩაკეტილმა ბიჭმა ფეხსაცმელი რამდენჯერმე ესროლა სათვალთვალო კამერებს.
როგორც ცნობილია, მასწავლებლები ბავშვებს ამ ოთახში საათობით ამწყვდევდნენ, წყლისა და საკვების გარეშე. უაიტფილდი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სანიმუშო სკოლად ითვლებოდა მანამ, სანამ 2017 წელს ბრიტანეთის განათლების მარეგულირებელმა არ დაადგინა, რომ სკოლა ბავშვების იზოლირებისთვის იყენებდა დახურულ ოთახებს ავეჯის და ფანჯრების გარეშე.
როგორც BBC-მ გაარკვია, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლაში აღმოაჩინეს USB დისკების ყუთი, რომელშიც 500 საათიანი ვიდეოჩანაწერი იყო ამ ოთახებში მომხდარი მოვლენების შესახებ. მათი არსებობის შესახებ ცნობილი მხოლოდ 2021 წელს გახდა.
გამოძიება მიმდინარე წლის დასაწყისში ბრალის წარდგენის გარეშე დასრულდა.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უაიტფილდის ექვსი თანამშრომელი მოსწავლეებზე რეგულარულად ძალადობდა. თუმცა, ამ გამოძიების დასკვნები არ გადაეცა მთავრობის დაზვერვისა და დანაშაულის პრევენციის სამსახურს, რომელსაც შეუძლია აკრძალოს ადამიანებს ბავშვებთან მუშაობა. ამ ადამიანთაგან სამმა სკოლაში განაგრძო მუშაობა.
დაზარალებული ბავშვების ოჯახმა BBC-ს უთხრა, რომ „მშვიდი ოთახების“ შემდეგ მათ შვილებს განუვითარდათ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. შედეგად, ერთ-ერთი ბავშვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება გახდა საჭირო.