თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სტუდენტი ემსხვერპლა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი უბედური შემთხვევა 28 ნოემბრის საღამოს დიდუბეში მოხდა. ახალგაზრდა ქვეითად გადაადგილდებოდა, როცა ავტომობილი დაეჯახა.
“გუშინ წინ საღამოს 9 საათისკენ გადადიოდა დიდუბისკენ მიმავალ ხიდზე, ლუკა ქვეითად იყო, ვიღაც არაადამიანი მთელი სისწრაფით ავარდა ტროტუარზე და გადაუარა ბავშვს და გაიქცა… საშინელება მოხდა. თავის გზაზე მიდიოდა, როცა მაღალი სისწრაფით მიმავალმა მანქანამ იმსხვერპლა” – გვიყვება გარდაცვლილის ახლობელი.
გარდაცვლილი ლუკა ფანჩულიძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. უნივერსიტეტის განცხადებაში წერია:
“ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ლუკა ფანჩულიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი, გუშინ საღამოს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციისა და სტუდენტების სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ლუკას ოჯახსა და ახლობლებს. ლუკა იყო ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი, რომელმაც თავისი შრომით, მონდომებითა და სითბოთი ყველას დაუტოვა დაუვიწყარი მოგონებები.
ის ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში, როგორც შთაგონების წყარო და სანიმუშო ახალგაზრდა.გისამძიმრებთ და ვილოცებთ ლუკას სულისათვის” – ნათქვამია განცხადებაში.