ქართული ოცნების” წევრი დავით კაჭარავა ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც რამდენიმე თემას ეხება, მათ შორის მმართველი ძალის გადაწყვეტილებას შეაჩერონ ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე, ასევე ეხმაურება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე მომხდარ ძალადობის ფაქტებს და საკუთარ ამომრჩეველს მადლობას უხდის.
- დავით კაჭარავა:
– მოგესალმებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო. პირველ რიგში, რაც შეეხება ჩვენი მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლამდე დღის წესრიგიდან იქნება მოხსნილი, ევროკავშირში მოლაპარაკების გახსნის შესახებ საკითხი, ეს არის სწორი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.
გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებულად ბოლო სამი წლის მანძილზე, სამწუხაროდ ევროკავშირის მხრიდან თითოეული ნაბიჯი, რომელიც ევროინტეგრაციას შეეხება გამოყენებული არის იარაღად იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება გაჩნდეს. მეტად დაუპირისპირდეს ხალხი ერთმანეთს და როგორმე მოახერხონ და შეძლონ ხელისუფლების ცვლილება და ხელისუფლებაში მოიყვანონ თავიანთი აგენტურა, რომლებიც მათ დავალებას პირნათლად შეასრულებენ.
- მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ძალიან კარგად გვახსოვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ამბები, მაშინ როდესაც ამ სამ ქვეყანას შორის, საქართველოს ერთპიროვნული ლიდერობა ეჭირა და დღესაც ასეა, მაგრამ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენს ქვეყანას არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, რაც ძალიან დიდი დაპირისპირების საბაბი იყო.
- .ახლა რაც შეეხება ძალადობას, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ძალადობა მიუღებელია და აქ არ არსებობს “მაგრამ”… ის, რომ წაქცეულ ადამიანს ფეხებს ურტყამენ, სამართალდამცავებს, რომლებიც დგანან, თავში აგურებს ურტყამენ და პიროტექნიკას სახეში ესვრიან, მიუღებელია და თითოეული ქართველისთვის ამის ყურება ძალიან რთულია და ამას რეაგირება უნდა მოჰყვეს.ბოლო არჩევნები ჩვენი ქვეყნის რეფერენდუმი იყო, რაზეც ძალიან გაბრაზებულები ხართ, რადგან ეს არჩევნები პირწმინდად წააგეთ. ეს არჩევნები თქვენ არ წაგიგიათ არჩევნების დღეს. არჩევნები თქვენ მანამდე წააგეთ და ახლა გეტყვით რატომ: პირველ რიგში იმიტომ წააგეთ, რომ არჩევნებამდე თვე ნახევრის განმავლობაში, მე და ჩემი კოლეგები ვხვდებოდით ამომრჩევლებს. დღეში მინიმუმ 3 შეხვედრა იმართებოდა, იყო დღეები, როცა 7 შეხვედრასაც ვმართავდით და ვუხსნიდით ამომრჩეველს, რა ხდებოდა ქვეყანაში, რა გზით უნდა გვევლო, რა იყო პრიორიტეტი. ოპოზიციური პარტიის არცერთი ლიდერი და არც მათი მხარდამჭერები არ შეგვხვედრია. მათ არ უწარმოებიათ წინასაარჩევნო კამპანია. მეტიც, ოფისებიც კი არ გაუხსნიათ.ოპოზიციური პარტიების ლიდერები იყავით იმის იმედად, რომ გარედან მიღებული მითითებები და მესიჯები მოახდენდა საქართველოში ცვლილებას. ფიქრობდით, რომ მხოლოდ ამის ხარჯზე საზოგადოება მიიღებდა გადაწყვეტილებას და ხელისუფლება შეიცვლებოდა. მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია, კარგად გააანალიზა ვითარება, გაერკვა სიტუაციაში, თუ რა ხდებოდა და მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, იმ მილიონ ორასი ათას ადამიანს, რომელიც სწორ მხარეს დადგა და მოგვცა კიდევ ერთხელ მანდატი იმისთვის, რომ 4 წელი ჩვენს ქვეყანას გავუძღვეთ.
- .
- კიდევ რატომ წააგეთ არჩევნები ამასაც გეტყვით – ძალიან კარგად გვახსოვს ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ილია ჭავჭავაძის დაპრინტული მაისურებით დარბოდნენ, როგორ შეკრიბეს ახალგაზრდობა გმირთა მოედანზე და დაადებინეს ფიცი, რა დროსაც ილიას მოწოდებიდან ამოიღეს სიტყვა “სარწმუნოება”.
- ზუსტად ეს არ გაპატიათ საზოგადოებამ! ისიც ძალიან კარგად გვახსოვს ვაჟა-ფშაველას დაპრინტული მაისურებით რომ დარბოდით და მაშინ, როდესაც ყველაზე უღირსი საქციელი ალეკო ელისაშვილმა პირდაპირ ეთერში ჩაიდინა, თქვენ მას ტაში დაუკარით და თანამებრძოლად გაიხადეთ იგი. ეს არ გაპატიათ საზოგადოებამ!
- გვახსოვს უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც მიტინგზე გამოიყვანეთ ქაშვეთის წინ და ამ ადამიანმა ჩვენს მართლმადიდებელ სარწმუნოებას შეურაცხყოფა მიაყენა – თქვა ეს არის სიბნელეო. თქვენ მას ტაში დაუკარით, ფოტოები გადაუღეთ და თანამებრძოლად გაიხადეთ. თქვე კაი ადამიანებო, შეიძლება ღმერთის არ გწამდეთ, მაგრამ ქაშვეთის წინ რომ დგახარ, ისტორია ხომ მაინც იცი? დღევანდელობამდე რომ მოიყვანა, ეს საქართველო და ამაში ერთ-ერთი უდიდესი როლი რომ ჩვენს მართლმადიდებელ ქრისტიანობას მიუძღვის, ხომ კარგად იცით? ზუსტად ეს არ გაპატიათ საზოგადოებამ!
- ამიტომ ეს ყველაფერი დაგროვდა და ეს ენერგია, რომელსაც ახლა ხარჯავთ, არჩევნებამდე მიგემართათ სწორად, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიგეღოთ, ამ დღეში არ იქნებოდით. თუნდაც ის არ გაპატიათ საზოგადოებამ, ირაკლი კობახიძე შტატებში რომ მიიწვიეს სტუმრად და შემდეგ მიწვევა გააუქმეს, ეს რომ გაგიხარდათ ის არის ჩვენი ქვეყნის პრემიერი და როგორც არ უნდა იყოს, ქვეყნის გარეთ ჩვენი პრემიერი ჩვენს სახეს წარმოადგენს. თუ ასე გაწუხეთ ევროინტეგრაცია და ბრაზდებით ამაზე, ჩვენი შიდა აგენტურა რომ დაფრინავს ქვეყნის გარეთ და ყველაფერს აკეთებს უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად, ამაზე რატომ არ ბრაზდებით? იმაზე რომ ფიქრობენ, როგორმე შეაჩერონ ჩვენი ქვეყნის განვითარება, ამაზე რატომ არ ბრაზდებით?
- სწორედ ამ და ასეთი გადაწყვეტილებების გამო, არასწორ მხარეს დადგომის გამო, საზოგადოებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ჩვენ მოგვცა ხმა და თქვენ პირწმინდად წააგეთ ეს არჩევნები. გულსატკენი რაცაა ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა პატარაა, უამრავი ადამიანი იცნობს ერთმანეთს და საზოგადოება უპირისპირდება ერთმანეთს. მაგრამ დრო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და დრო აჩვენებს სიმართლეს. ყველა შემთხვევაში, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ქვეყანა მაინც გაიმარჯვებს”, – ნათქვამია დავით კაჭარავას მიმართვაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.