წუხელ, აქციაზე 19 წლის სანდრო ბუკიას დააკავეს. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ დაკავებულის დედა ყვირის, “ჩემი შვილია, ეპილეფსია აქვს”.
- სანდრო ბუკია პირველი არხის ოპერატორია გიგა კიტიას დის შვილია. გიგა დის შვილის დაკავების თემაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საკუთარი და, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამოიცნო.
– ჩემი და, ფორმულას ვიდეოში ამოვიცანი და იქ გადამეკეტა: ძალები მოვიკრიბე და ეგრევე დავპოსტე 1tv.ge- ის შიდა ჯგუფში. დედაჩემი ტირის და მუშტს ირტყამს თავში.. გზად 112-ში დავრეკე და იქაური ბიუროკრატიული კითხვა-პასუხებიც მოვილიე. დედა მეორე დის სახლში დავსვი და ეგრევე ტელევიზიისკენ წავედი.
იქ ჩემი გენერალური დირექტორი და მთელი ღამის ჯგუფი დამხვდა. სრულიად არაადექვატური ვიყავი. ვთხოვე დროულად გამოეცხადებინა ეთერში და პარალელურად შსს-შიც დარეკეს…
0:30 წამიდან აქ, ჩემი სანდროს დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს პირველი არხი.
სანამ იზოლატორამდე მივედი გამოუშვეს და გარეთ დამხვდა ოჯახთან და ახლობლებთან ერთად. უმოწყალოდ ნაცემი თავის, სახის და სხეულის მრავლობითი დაზიანებით. მალევე კერძო კლინიკაში გავუშვით და ჯერაც ველოდებით ზოგადი კვლევის და ტომოგრაფიის პასუხს!
მადლობა ყველას, გაწეული დახმარებისთვის და გულისხმიერებისთვის!.. ერთმანეთის გარეშე ვერ წარმომიდგენია არსებობა და ნურც თქვენ გაიადვილებთ ხვალინდელ დღეს. დაფიქრდით და დადექით მედგრად”.
ცნობისთვის, წუხელ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე 7 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით 48 ადამიანია დაკავებული, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 პირი.
შსს-ს ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო. შსს-ს განმარტებით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით მყოფი პოლიციელების მიმართულებით დამიზნებით ისროლეს, ხეზე წინასწარ დამაგრებული პიროტექნიკა.