როგორია „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი

თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აქვს ორივე პაციენტს, – ამის შესახებ „ტვ პირველის” ჟურნალისტისა და ოპერატორის, მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას, ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განაცხადა.

ექიმის განმარტებით, „ტვ პირველის” ჟურნალისტსა ოპერატორს სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

„დღეს ჩვენთან აქციიდან შემოყვანილი იყო ათი პაციენტი, ათივე პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები. ათი პაციენტიდან სამი გაეწერა ბინაზე, ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ. მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები.

მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა, თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აქვს ორივე პაციენტს. დანარჩენი კვლევები დასრულდება და ხვალ დილით ან მოგვიანებით მოგახსენებთ. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. დაზიანებები აქვთ ძირითადად თავის არეში, სახის არეში, მუხლის არეში. მიმდინარეობს გამოკვლევები”, – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ცნობილია, რომ მსახიობ გიორგი მახარაძესაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, 30-მდე ადამიანი სცემდა, ხოლო პოლიცია კი ამ დროს უმოქმედოდ უყურებდა.