დიახ, ზურას გერმანიაში მკურნალობა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. ამისთვის პირადად მიიღო ჩვენი ოჯახისგან მადლობა.. ჩემი სახალხო პაპა მთელი ცხოვრება თავს ვალში გრძნობდა ბიძინა ივანიშვილთან, 90-იანებში რომ სული არ გაგვძვრა შიმშილით.. მჯერა, რომ დღეს ზურა და გივი ბერიკაშვილები ხალხის მხარეს იდგებოდნენ! –  რას წერს ანო მაისურაძე

ზურა ბერიკაშვილის დისშვილი, ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

„ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს? ვკვდებით, როგორც ქვეყანა! წელს, ჩვენმა ოჯახმა, დავკარგეთ ზურა!

დიახ, ზურას გერმანიაში მკურნალობა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. ამისთვის პირადად მიიღო ჩვენი ოჯახისგან მადლობა, მანაც და ყველა იმ ადამიანმაც, ვინც ამ პროცესში დაგვეხმარა. სამწუხაროდ, დავმარცხდით ამ ბრძოლაში. დიახ, ჩემი სახალხო პაპა მთელი ცხოვრება თავს ვალში გრძნობდა ბიძინა ივანიშვილთან, 90-იანებში რომ სული არ გაგვძვრა შიმშილით.

იმ ადამიანებთან არც დიალოგში და მითუმეტეს არც პოლემიკაში შესვლას ვაპირებ, ვინც გივი ბერიკაშვილს ჩირქს პოლიტიკის გამო სცხებს.

რა თქმა უნდა, სხვის ნაცვლად საუბარი სისულელეა, მითუმეტეს, რომ არცერთი ცოცხალი აღარ მყავს, მაგრამ მთელი გულით მინდა მჯეროდეს და მჯერა, რომ დღეს ზურა და გივი ბერიკაშვილები ხალხის მხარეს იდგებოდნენ!

დაგმობდნენ ამ არაადამიანობას და იმ სიყვარულს რაც ხალხს მათ მიმართ ჰქონდა და აქვს, გულწრფელ, მამაც და პატრიოტ ადამიანებს ერთი ასად დაუბრუნებდნენ. არ ვიყიდებით! კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარ თავში გმირი იპოვა“— წერს სოციალურ ქსელში გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი, ანო მაისურაძე.