გამარჯვება, რომლითაც საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მთელ ქვეყანას უდიდესი ზეიმის მიზეზი მისცა, ალბათ, დაუვიწყარი იქნება. რა თქმა უნდა, ეს შედეგი ბევრი ადამიანის შრომის შდეგია, თუმცა, ამ დღეს განსაკუთრებული გმირები ჰყავს და ერთ-ერთი მათგანი ბუდუ ზივზივაძეა. ბუდუს ცხოვრების შესახებ მისი მამა – ბატონი კახა „თბილისელებთან“ საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
კახა ზივზივაძე: პირველ რიგში, ეს გუნდის გამარჯვებაა, თითოეული ფეხბურთელის. მათ სამწვრთნელო შტაბთან, ექიმებთან, საერთოდ – მთელ ფედერაციასთან და საქართველოსთან ერთად შეძლეს ამ გამარჯვების მიღწევა. მთელმა ქვეყანამ ისეთი მუხტი მისცა ბიჭებს, რომ უკან დასახევი გზა აღარ იყო – ერი გამარჯვებას ელოდა. ეს უდიდესი სიხარულია და მთელი ოჯახი ძალიან ბედნიერი ვართ იმის გამო, რომ ჩვენმა შვილმა ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა, როგორც ერთ-ერთმა მებრძოლმა.
– როგორი შვილია, როგორი მეუღლე და როგორი მამაა?
– ძალიან მოსიყვარულე და ყურადღებიანია, დღე არ გავა, რომ არ დაგვეკონტაქტოს. ძალიან თბილი ადამიანია, სულ ცდილობს, საყვარელ ადამიანებს სურვილები აუსრულოს. გვეუბნება ხოლმე, თქვენ რომ არ გადაგეწყვიტათ, ჩემი ცხოვრება ამ მიმართულებით წასულიყო, არ ვიცი, რა იქნებოდაო და ამას ძალიან აფასებს. ალბათ, ნახეთ ვიდეო, გამარჯვების შესახებ რომ ამბობს, ჩემზე ბედნიერი, ალბათ, მამაჩემიაო, ეს რომ ვნახე გავგიჟდი.
ჩვენი რძალიც ქუთაისელია. ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს. სიყვარულმა შედეგი გამოიღო – ქალიშვილი შაი. გაოცებული ვარ, როცა ვხედავ, როგორი მამაა ბუდუ, მიუხედავად მისი დატვირთული რეჟიმისა. გაგიჟებული მამაა. აქ რომ ჩამოდიან, ბუდუს მალე უწევს უკან წასვლა და თუ მეუღლესა და ბავშვს ცოტა დააგვიანდათ გერმანიაში გადაფრენა, თითებზე ითვლის დღეებს. ძალიან აფასებს ცოლ-შვილს და უზომოდ ყურადღებიანია. მე და ჩემი მეუღლე რომ ვუყურებთ, სასიამოვნოდ გაოცებულები ვართ.