13 დეკემბერს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან აქციის მონაწილეებსა და დეკანოზ შალვა კეკელიას შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მამა შალვას თქმით, იქამდე არაერთ შეურაცხმყოფელ შეტყობინებას იღებდა და გარდა ამისა, ზოგიერთ ჩატში, სადაც მისი ნაცნობებიც იყვნენ, მას აუგად მოიხსენიებდნენ:
„იმ დღეს მსვლელობა რომ დავინახე, თავი ავარიდე. ჩემი გარდაცვლილი მეგობრის შვილიშვილი უნდა მომენათლა, ტაძართან რომ არ დაძაბულიყო [სიტუაცია], ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა და ყვირილს დამიწყებდნენ. შევედი ტაძრის ოთახში და რომ შევედი, როდესაც გამოიარეს, დაიწყეს ყვირილი – შე პროპაგანდისტოო; გეშინია ახალგაზრდებთან გამოსვლის, იქ ხომ არ მოდიხარ, აქაც ვერ გამოდიხარ, ბავშვების გეშინია, შე მოღალატეო და ა.შ.
უცებ, არ ვიცი, რა მოხდა ჩემში, გამოვვარდი და მივედი ამ ხალხთან. ვის ეძახით მოღალატეს, ან რატომ მეძახით, იცით ამ სიტყვის მნიშვნელობა-მეთქი?“, – იხსენებს დეკანოზი „პუბლიკასთან“.
დეკანოზი აღნიშნავს, რომ მსვლელობაში მონაწილე რამდენიმე პირის მხრიდან სასულიერო პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ შეურაცხყოფის მიუხედავად, მისგან „არასწორი იყო ხმამაღალი საუბარი”.
“მე ჩემი თავი, ჩემი სახე რომ დავინახე, ეგ მღვდლის სახე არ არის. მღვდელი ასე არ უნდა ვლაპარაკობდე, უნდა მქონდეს მოთმინება და ასე ნამდვილად არ უნდა მოვიქცე. არ მინდა, თავის მართლებაში ჩამეთვალოს ეს ყველაფერი, მაგრამ წლების დაგროვილი იყო ეს ყველაფერი. ამდენი წელი ასე რომ მაგინებენ, მლანძღავენ… ვფიქრობ, რომ იმ დღეს ამ ყველაფერმა ერთად ამოხეთქა ჩემში, რაც სწორი არ იყო და ამას მე არ ვამართლებ“, – აღნიშნა მამა შალვამ “პუბლიკასთან”.
იქვე დეკანოზმა აღნიშნა, რომ შეურაცხყოფას ყველას პატიობს: „ისინი ჩემი შვილები არიან და მე ისინი ძალიან მიყვარს, მიუხედავად მათი ამ საქციელისა“, – დასძინა მამა შალვამ.