დახვრეტილი რეისი: რუსებმა “საუკუნის საჰაერო დანაშაული” გაიმეორეს – რუსულმა საზენიტო რაკეტამ აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი იმსხვერპლა?!

აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის კუთვნილი სამგზავრო ლაინერი Embraer 190-ი, რომელიც 25 დეკემბრის დილას ასრულებდა რეისს ბაქო-გროზნოს მარშრუტზე, ჩრდილოეთ კავკასიის საჰაერო სივრცეში დაშვებისას დიდი ალბათობით დაზიანებული იქნა რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ გაშვებული საზენიტო რაკეტის ნამსხვრევებით, რის შემდეგაც სამგზავრო თვითმფრინავის პილოტებმა შეძლეს ყაზახეთის აქტაუმდე მიღწევა, მაგრამ მართვადაკარგული ლაინერის დაშვებისას მოხდა კატასტროფა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან მხოლოდ 32 გადარჩა…

რას გვეუბნება ფოტოები?!

ავიაკატასტროფები, სამწუხაროდ ხდება, რისი მიზეზების გამოსაძიებლად თვეები და წლებია საჭირო, მაგრამ აზერბაიჯანული ავიაკომპანიის ლაინერთან დაკავშირებული ტრაგედიის მთავარი მიზეზი სახეზეა – ეს არის საფრენ აპარატზე გარედან მიყენებული დაზიანებები, რომლებიც დიდი ალბათობით გამოწვეულია საზენიტო რაკეტის დამაზიანებელი ელემენტებით, რაზეც მიუთითებს ფოტოებზე აღბეჭდილი ნახვრეტების ფორმები და მათი მიმართულება – გარედან შიგნით!

1-1735143615.png
აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის კუთვნილი სამგზავრო ლაინერი Embraer 190(რომელიც 2013 წელს იყო გამოშვებული) კატასტროფამდე…

ამ აზერბაიჯანული „ემბრაერის“ ეკიპაჟსა და მგზავრებს უბრალოდ არ გაუმართლათ, რადგან მათი წინასწარ გაწერილი რეისის, ბაქო-გროზნოს შესრულება 25 დეკემბრის დილას დაემთხვა უკრაინული კამიკაძე – დრონების მასიურ შეტევას ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებზე -ვლადიკავკაზზე, ნალჩიკზე, გროზნოზე…

გროზნოს აეროპორტში დასაშვებად გამზადებული აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი რუსმა მეზენიტეებმა სავარაუდოდ ჩათვალეს უკრაინული კამიკაძე-დრონად ანუ საჰაერო სამიზნედ და მისი მიმართულებით გაშვებული იქნა საზენიტო რაკეტა, დიდი ალბათობით „პანცირის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან…

რუსული საზენიტო რაკეტა აფეთქდა აზერბაიჯანული „ემბრაერის“ მარცხენა ბორტიდან რამდენიმე მეტრში და გამზადებული დამაზიანებელი ელემენტებით დაზიანებები მიაყენა თვითმფრინავის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ საჭეებს კუდის ნაწილში.

2-1735143615.jpg
ყაზახეთის აქტაუსთან ჩამოვარდნილი „ემბრაერიდან“ ყველაზე მეტად კუდის ნაწილი გადარჩა, რამაც 32 მგზავრის სიცოცხლე იხსნა-ამიტომაც ამბობენ, რომ სამგზავრო თვითმფრინავის უკანა ნაკვეთურ ნაკლებად სახიფათოა, ავარიული დაჯდომის დროს…

არ არის გამორიცხული, რომ იმ მომენტში ეკიპაჟი ვერც კი მიხვდა თუ რა მოხდა, მაგრამ პილოტებმა მაინც შეძლეს დაზიანებული მართვის ორგანოებით (რომლებიც კუდის ნაწილშია განთავსებული) გაეგრძელებინათ ფრენა.

ყველაზე ოპტიმალური იქნებოდა, რომ დაზიანებული აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავისთვის მიეცათ სასწრაფოთ დაშვებისა და აეროდრომზე დაჯდომის ნება მაჰაჩყალაშივე (დაღესტანი), მაგრამ უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევის გამო „როსავიაციამ“ გამოაცხადა განგაში „კოვიორი“ (რომლის დროსაც იკეტება ყველა სამოქალაქო აეროპორტი) და მაჰაჩყალაში დაჯდომის უფლება არ მისცა.

ამის გამო, აზერბაიჯანულ ლაინერს, რომლის მართვა ძალიან უძნელდებოდა ეკიპაჟს, კიდევ 40 წუთი მოუწია ფრენა, რომ როგორმე მიეღწია ყაზახეთის აქტაუს აეროპორტამდე ანუ კიდევ 430 კმ-ის გადალახვა მოუწია და დაშვებისას მიწას შეენარცხა, რადგან მისი ზუსტად მართვა აეროდრომზე დასაჯდომად შეუძლებელი გახდა…

3-1735143615.png
კატასტროფაგანცდილი აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის ფიუზელაჟის გარსზე არსებული ეს ნახვრეტები და მათი მიმართულება მეტყველებს, რომ დაზიანების წყარო ლაინერის გარეთ იყო…

რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ცხელ კვალზე

პირველი- 2024 წლის 25 დეკემბერს გროზნოსთან რუსეთმა გაიმეორა 2014 წლის 17 ივლისის „საუკუნის საჰაერო დანაშაული“, როდესაც უკრაინის დონბასის თავზე „ბუკის“ საზენიტო რაკეტით ჩამოაგდო მალაიზიის სამგზავრო „ბოინგ-777“, რასაც 298 უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.

მეორე – ისევე როგორც მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდების შემდეგ, კრემლი და რუსი პროპაგანდისტები ათასნაირ ტყუილსა და სისაძაგლეს იგონებდნენ, რომ როგორმე თავიდან აერიდებინათ „ბოინგის“ „მკვლელობაში“ დადანაშაულება, ასევე დღეს უკვე მოიგონეს შემდეგი სახის ტყუილები, რომ გამოძიება მცდარ გზას დაადგეს – თითქოს ბურუსმა არ მისცა საშუალება აზერბაიჯანულ „ემბრაერს“ გროზნოს აეროპორტში განეხორციელებინა დაშვება და ამიტომაც გაფრინდა ყაზახეთის აქტაუსკენ…

4-1735143614.png
დღესვე, 25 დეკემბრის დილას გროზნოს ერთ-ერთ ეზოში აღმოჩენილი რუსული საზენიტო რაკეტის 57Э6Е-ის მიწაში ჩარჭობილი პირველი საფეხური-სარაკეტო ძრავი, იმაზე მიუთითებს, რომ გროზნოს თავზე სწორედ „პანცირები“ უშვებდნენ საზენიტო რაკეტებს, რომელთაგან ერთი ან სამიც კი(თვითმფრინავის გადარჩენილი მგზავრები იხსენებენ, რომ მათ თითქოს სამი აფეთქების ხმა გაიგეს) აზერბაიჯანული ლაინერის მარცხენა ბორტთან რამდენიმე მეტრში აფეთქდა ან აფეთქდნენ…

მას შემდეგ, რაც კატასტროფაგანცდილი აზერბაიჯანული ლაინერის ფოტო-ვიდეო კადრები გავრცელდა, რომლებზეც თვითმფრინავის ფრაგმენტებზე გარკვევით მოჩანს ნახვრეტები, ეს რუსმა პროპაგანდისტებმა ჯერ ცაში თვითმფრინავის ფრინველების გუნდთან შეჯახებას დააბრალეს, მაგრამ როდესაც მიხვდნენ, რომ ასეთ ნახვრეტებს ფრინველები ვერანირად ვერ გააკეთებდნენ, იცით რა მოიგონეს? – თითქოს თავად თვითმფრინავის შიგნით აფეთქდა ჟანგბადის ბალონი და მისმა ნამსხვრევებებმა გახვრიტეს კორპუსი, რაც სრული ტყუილია, რადგან ნახვრეტებს ემჩნევა დამაზიანებელი ელემენტების შესვლის მიმართულება – გარედან-შიგნით და არა პირიქით…

ძალიან ძნელია ავიაკატასტროფიდან რამდენიმე საათში დანამდვილებით იმის მტკიცება, თუ რეალურად რა მოხდა, მაგრამ ამ კონკრეტული ტრაგედიის შემთხვევაში გვაქვს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გარემოება – თვითმფრინავის ფრენის მარშრუტი ასახული Flightradar24-ის ინტერნეტრესურსზე; აზერბაიჯანული ლაინერის კატასტროფამდე დაშვების რამდენიმე ვიდეორგოლი და ბოლოს, კატასტროფაგანცდილი „ემბრაერის“ ფრაგმენტებზე არსებული დაზიანებები ნახვრეტების სახით, რომლებიც ნათელს ფენენ ყველაფერს…

5-1735143614.jpg
უკრაინულ დონბასის თავზე მალაიზიური „ბოინგი“ რუსულმა მძლავრმა საზენიტო „ბუკმა“ ადგილზევე ფრაგმენტებად დაშალა, ასევე რუსული Панцирь-С1-დან გაშვებულმა შედარებით სუსტმა საზენიტო რაკეტამ 57Э6Е-მა კი გროზნოსთან აზერბაიჯანული „ემბრაერი“ მხოლოდ დააზიანა, თუმცა კატასტროფა მაინც გარდაუვალი გახდა…

საბოლოო სიტყვა, რა თქმა უნდა, საავიაციო გამოძიებამ უნდა თქვას, რომელიც წესით ორმა ქვეყანამ, ყაზახეთმა (ვის ტერიტორიაზეც მოხდა ავიაკატასტროფა) და აზერბაიჯანმა (ვისაც ეკუთვნოდა ეს სამგზავრო თვითმფრინავი) უნდა ჩაატარონ, რომელთა ხელშიც იქნება „შავი ყუთები“- ფრენის პარამეტრები, რომლებზეც ძალიან ზუსტად აისახება ფრენის რა მომენტში და რა სახის დაზიანებები მიიღო აზერბაიჯანულმა „ემბრაერმა“…

კრემლი კი თავის პროპაგანდისტებით, ისევე როგორც მალაიზიის „ბოინგის“ ჩამოგდებისას, კვლავ ეცდება აიცილოს პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე კიდევაც გამოუვიდეს, რადგან პუტინთან ურთიერთობების გაფუჭებას არც ალიევი და არც თოყაევი ესწრაფვიან…