„ურთულესი იყო ემიგრაციის პირველი დღეები, ოთხი თვე უმუშევარი ვიყავი, მამაც ამ დროს გარდამეცვალა, ვერ ჩამოვედი, ვერ დავასაფლავე… ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი…“ – რას ჰყვება ქეთი მითაიშვილი „იმედთან“ ინტერვიუში

ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, ქეთი მითაიშვილი 2003 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს და იხსენებს, როგორ და რატომ გადაწყვიტა ემიგრაციაში წასვლა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.

ქეთი მითაიშვილი ინტერვიუში ჰყვება, თუ როგორი რთული იყო ემიგრაციის წლები, თუმცა ჟურნალისტი ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა:

„პიროვნულად არასოდეს ჩამითვლია, რომ ვიღაცაზე რაღაცით უკეთესი ვიყავი, ჩემს თავს ამას შთავაგონებდი, ცხოვრებამ ის მარგუნა, რომ გამორჩეულად ცნობადი ვყოფილიყავი. იმ პერიოდში ყველა გვიცნობდა, მაგრამ მე არ ვთვლიდი, რომ ვიღაცაზე რაღაცით მეტი ვიყავი.

ძალიან გამიჭირდა, არ იყო ადვილი ეს გადაწყვეტილება (ემიგრაციაში წასვლა), მაგრამ როდესაც გყავს შვილები თან გარდატეხის ასაკში და რომ დავინახე, რომ არ იყო არანაირი გამოსავალი გარდა წასვლისა…

ურთულესი იყო ემიგრაციის პირველი დღეები, ნათესავი დამხვდა, ოთხი თვე უმუშევარი ვიყავი, მამაც ამ დროს გარდამეცვალა, ვერ ჩამოვედი, ვერ დავასაფლავე, ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი ამ დროს დაიჭირეს ჩემი შვილი…“ – ამბობს ქეთი მითაიშვილი.

ქეთი მითაიშვილმა გაიხსენა ბოლო სტუმრობა ტელევიზიაში, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა:

„ბოლო იმედის ნაპერწკალი იყო მაისის თვეში ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავით მიწვეული პირველ არხზე და ეს იყო ბოლო იმედი , თითქოს ვიფიქრე აქ კიდევ რაღაც გამოჩნდა სიამოვნებით დავრჩებოდი და ვიმუშავებდი, მაგრამ ეს იყო ფუჭი მოლოდინი, ამიტომ სხვა გზა არ რჩებოდა“ – განაცხადა მითაიშვილმა.