როგორ შეეგუა აშშ-ში ცხოვრებას მარიამ ელიეშვილი: „გულწრფელად ვამბობ, საქართველო ძალიან მენატრება…“

მომღერალ მარიამ ელიეშვილის ცხოვრებაში 2024 წელს ბევრი რამ შეიცვალა, ის ცოლად თავის რჩეულს გაჰყვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.

ჟურნალ „თბილისელებთან“ მარიამი ჰყვება, როგორ შეეგუა ახალ ქვეყანაში ცხოვრებას:

„აქამდე, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება არ მქონია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და შეიძლება, გასტროლზე რამდენიმე კვირა გამეტარებინა, სხვაგან არასდროს მიცხოვრია. ეს აბსოლუტურად სხვა შეგრძნებაა, მით უმეტეს, ამერიკაში აბსოლუტურად ყველაფერი განსხვავებულია: გარემო, ცხოვრების რიტმი. მიუხედავად დიდი ცვლილებისა, ჩამოსვლის დღიდანვე ვაგრძელებ საქმიანობას. საკმაოდ აქტიურად იმართება ღონისძიებები, რომლებშიც ჩემი პროფესიით ვიღებთ მონაწილეობას. მომავალში კიდევ უფრო აქტიური ვიქნები. ჩემს მსმენელს ვპირდები, რომ სიახლეებსა და ახალ სიმღერებს არ მოვაკლებ. ჯერჯერობით აქ ჩემთვის ყველაფერი სიახლეა და მორგების პროცესში ვარ. ჩემი მეუღლე და ჩვენი ოჯახის წევრები ძალიან მიწყობენ ხელს. დიდი ხანია, აქ ცხოვრობენ და ამ ქვეყანას უფრო მეტად იცნობენ, ამიტომ ამათი მხარდაჭერა ყველაფერში ძალიან მეხმარება.

გულწრფელად ვამბობ, საქართველო ძალიან მენატრება. პირველ რიგში, ოჯახის წევრები, უახლოესი მეგობრები, გარემო, ჩემი ქვეყანა… წარმოუდგენელია, რამემ შეგიცვალოს სამშობლო, სადაც დაიბადე და გაიზარდე. ყოველდღიურად ვეცნობი სიახლეებს და ვცდილობ, არაფერს ჩამოვრჩე, რაც საქართველოში ხდება. ჩემს ქვეყანასთან დიდი ხნით განშორებას არ ვაპირებ, ხშირად ჩამოვალ ხოლმე…

ინტერვიუ ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ „თბილისელების“ დღევანდელ, 6 იანვრის ნომერში.