არავის გაუბედავს, თქვენიანების გარდა „ვივამედზე“ ზეწოლა და დიაგნოზების კარნახი“, – წერს სოციალურ ქსელში კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე, რითიც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერს, ალეკო ელისაშვილს პასუხობს.
„არავის გაუბედავს, თქვენიანების გარდა „ვივამედზე“ ზეწოლა და დიაგნოზების კარნახი, არანაირი მწვავე ტრავმა არ აღინიშნებოდა, ვიმეორებ, მწვავე, ტკივილგამაყუჩებელიც კი არ გააკეთებინა მორიგე ექიმს. არაპროფესიონალიც დაინახავს“, – წერს ნინო ნადირაძე.
ცნობისთვის, გასული წლის 3 დეკემბერს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა, რომ მას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბაბაევის თქმით, შემთხვევა 2 დეკემბერს, საღამო საათებში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან მოხდა. მისი განმარტებით, მომხდარის შედეგად მას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს. თავდაპირველად, ის დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, შემდგომ კი, მისი გადაყვანა კლინიკა „ვივამედში“ გახდა საჭირო. ელისაშვილმა საავადმყოფო ამბულატორიული მომსახურების გაწევის შემდგომ დატოვა.
დღეს კი ალეკო ელისაშვილმა „ვივამედი“ არასწორად დასმულ დიაგნოზში დაადანაშაულა და დაწერა, რომ ნეკნი აქვს გატეხილი.