ჩემში არსებულ კაცს უყვარს ქალი და ჩემში არსებულ ქალს შეიძლება უყვარდეს კაცი – არ გამოვრიცხავ… ამის გარკვევა კომედიას მივანდოთ

იუმორისტი მიშა ანდღულაძე გულახდილად გვესაუბრა ახალ გამოწვევებზე, გამოცდილებისა და პრაქტიკის გამო ჩარჩოში მოქცევის შიშსა და მისი დამარცხების მეთოდზე, ასევე – ახალგაზრდობის შენარჩუნების მისეულ საიდუმლოზე…

– მიშა, როგორ ხართ, როგორ მიდის თქვენი საქმეები?

– არაჩვეულებრივად. ჯანმრთელობა ხელს მიწყობს. ამას წინათ მარკეტში ქალმა მითხრა, – იუმორისტებიდან ყველა დაბერდა, თქვენ გარდაო. რაღაცნაირად, ისე მესიამოვნა, რომ ახლა დავდივარ, კომედიანტებს ვეძებ, რომ შევახსენო – ახალგაზრდობის მხრივ, ყველა დამემსგავსოს და ბოტოქსის ინიექციებს შეეშვან, რადგან ბევრი კომედიანტი “დაბოტოქსებული” დადის.

მამაკაცები?

– ჰო, აბა, რამ დააბერა?!.

– საინტერესოა თქვენი ცხოვრების სტილი: ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებულად ზრუნავთ?

– განსაკუთრებული არაფერია: სისულელეებზე დარდში დროს არ ვხარჯავ, კონფლიქტებს ვერიდები და ალბათ, ახალგაზრდობის საიდუმლოც ეს არის.