დავიწყე შემწვარი კარტოფილის ჭამა, სასწაულად გემრიელის, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ კარტოფილი არ იყო!..” – მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული

გამახსენდა, კარტოფილი ხომ არ იყო! ახლა ურწმუნოება დამეწყო და ვფიქრობ, სადმე ხომ არ ჰქონდა ჩამალული ან კარისკენ რომ გავიხედე, იმ დროს ხომ არ დადო მაგიდაზე-მეთქი. მაგრამ ცხელი ტაფიდან ზეთის შხეფები ისხმებოდა, ვერსაიდან ასე უცებ ცხელ ტაფას ვერ გადმოდებდა, თან ხომ იწვა… ასე გადამატანინა მე ყურადღება კარისკენ და… ისე, სასწაულად გემრიელი კარტოფილი იყო. 

ერთხელ სიწმინდეები დავიკიდე გულზე, გავიკეთე ქამრები ფსალმუნების წარწერებით. აბა, ეშმაკი ვერ მომეკარება, დაცული ვარ-მეთქი. და მივედი მასთან კელიაში, არაფერი მითქვამს, შიგნით მიკეთია, არ მიჩანს. და ამბობს, ზოგს ქამრები უკეთია, წარწერებით, ეს ბერმონაზვნების საქმეა, მაგრამ ზოგ ერისკაცს რომ უკეთია, ამპარტავნებაშია ჩავარდნილიო. მეთქი, სად ვარ… მიმახვედრა, რომ ღვთისწყალობის გარეშე, არაფერია, ვერც დაცული იქნები. ვერაფერიც დაგიფარავს. 

ვერ იტანდა, ვინმე რომ ვინმეს განიკითხავდა. იქ მეორედ მისვლის შანსი აღარ გექნებოდათ. იცი, რატომ არ შეიძლება განკითხვაო? ადამიანი რომ ცოდვაშია დაცემული, უფალი უშვებს ამას, რომ მას უფრო მეტად მიეახლონ. შენ რომ დაცემულს განიკითხავ, ამით ღმერთს განიკითხავ, რატომ არის ეს კაცი ასეთ მდგომარეობაშიო. რამხელა სიბრძნეა! 

თავმდაბლობა და სიყვარული ერთად არისო. თუ თავმდაბლობა არ გაქვს, არაფერიც არ გაქვსო. გიხაროდა მისი მორჩილება. გიხაროდა, რის გაკეთებასაც გავალებდა.  

მამა გაბრიელ, მასწავლე როგორ ებრძვი ეშმაკებსო? – ჰკითხეს. მაგას 50 წელია ვსწავლობ და შენ ერთ დღეში გინდა გასწავლოო? 

გვიხსნიდა: ყველაფერი ღმერთის განგებითაა. მისი ნებაა, როდესაც ვთქვათ, სოდომ-გომორი დაანგრია, მისი ნება შემოვიდა, რათა ცოდვები აღმოეფხვრა. ღვთის დაშვებაა რასაც გინდა, იმას რომ გაკეთებინებს და ბოროტს რაც უნდა, იმას რომ აკეთებინებსო. ღვთის განგებითაა ხან ნებას რომ შემოუშვებს, ხან დაშვებას, ამას კიდე, ვერაკაცი ვერ ჩასწვდებაო…